საქმე №ას-599-570-2013 23 ივლისი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ე. ყ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - დ. კ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი - სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. კ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. ყ-ის მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების - სესხის ძირითადი თანხის - 1700 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (35 დღე) სესხის ძირითადი თანხის 1%-ის დაკისრების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
2010 წლის 1 დეკემბერს მოსარჩელესა და ე.ყ-ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხეს გადაეცა 1700 აშშ დოლარი. ხელშეკერულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2011 წლის 5 იანვრამდე. მხარეები ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდაზე შეთანხმდნენ, რაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 1%-ს შეადგენს. ე.ყ-მა ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით მოითხოვა:
მოპასუხის განმარტებით, მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება არ დადებულა. საქმეში არსებულ სესხის ხელშეკრულებაზე არსებული ხელმოწერა ყალბია და იგი ე.ყ-ს არ ეკუთვნის.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით დ.კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
აღნიშნული საქმე განხილულ იქნა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ, საბოლოოდ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით დ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება და დ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ე. ყ-ს დ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1741 აშშ დოლარისა და 65 აშშ ცენტის ეკვივალენტი ლარის გადახდა შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2010 წლის 1 დეკემბერს დ. კ-ემ ე. ყ-ს ასესხა 1700 აშშ დოლარი 2011 წლის 5 იანვრამდე. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ე. ყ-ს დ. კ-ის უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 1%. ე. ყ-ს დ. კ-ის ვალი არ დაუბრუნებია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 2010 წლის 1 დეკემბრის ხელშეკრულებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ აპელანტმა მოწინააღმდეგე მხარეს ასესხა 1700 აშშ დოლარი. ეს თანხა ე. ყ-ს დ. კ-ის არ დაუბრუნებია. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლზე და ჩათვალა, რომ ე. ყ-ი ვალდებული იყო, დ. კ-ის დაებრუნებინა ნასესხები თანხა, რაც სარჩელის საფუძვლიანობაზე მიუთითებდა. სასამართლოს შეფასებით, სარჩელი დაუსაბუთებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ე. ყ-ი დაადასტურებდა წერილობითი მტკიცებულების - 2010 წლის 1 დეკემბრის სესხის ხელშეკრულების სიყალბეს. ამ გარემოების დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილი იყო შსს საპატრულო პოლიციის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტის დასკვნა და დ. კ-ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის განაჩენით დგინდებოდა, რომ ძირითადი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც სასამართლომ დაადგინა ხელშეკრულების სიყალბე, იყო, სწორედ, საპატრულო პოლიციის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტის დასკვნა. გარდა საკუთარი ახსნა-განმარტებისა, ე. ყ-ი თავის პოზიციას ამტკიცებდა არსებითად მხოლოდ ექსპერტის ზემოხსენებული დასკვნით. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ ამ ნორმის მიხედვით, სასამართლოსათვის წინასწარ დადგენილი ძალა არ აქვს არც ექსპერტის დასკვნას, ამავე ნორმის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სასამართლომ ის უნდა შეაფასოს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მის ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.
სასამართლოს მითითებით, განსახილველ საქმეზე 2012 წლის 19 ნოემბერს გამოტანილ განჩინებაში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ექსპერტმა ერთმანეთს შეადარა რუსული და ქართული ასოებით შედგენილი ნიმუშების გრაფიკული გამოსახულება და ტრანსკრიფცია. ამის გამო, საკასაციო სასამართლომ ეჭვქვეშ დააყენა შსს ექსპერტის დასკვნის დასაბუთებულობა. საკასაციო პალატის აღნიშნული მსჯელობა კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სავალდებულოს წარმოადგენდა სააპელაციო სასამართლოსათვის. გარდა შსს საპატრულო პოლიციის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტის დასკვნისა, საქმეში წარმოდგენილი იყო აგრეთვე: სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 30 ივნისის, იმავე ბიუროს 2012 წლის 14 ივნისისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შპს საქექსპერტიზის ექსპერტის 2013 წლის 7 მარტის დასკვნები. პალატის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ექსპერტის დასკვნას, როგორც მტკიცებულებას, სამოქალაქო სამართალწარმოებაში დამოუკიდებელი მტკიცებულებითი ძალა აქვს, ხოლო აქტის კვლევითი ნაწილი მნიშვნელოვანია ამ დასკვნითი ნაწილის შესაფასებლად. შსს საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2011 წლის 20 დეკემბრის №გრ-36 გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: „2010 წლის 1 დეკემბრით დათარიღებულ სესხის ხელშეკრულებაზე „მსესხებელი ე. ყ-ის“ გრაფაში არსებული ხელმოწერა შესრულებულია არა ე. ყ-ის, არამედ სხვა პირის მიერ“. ამ დასკვნის სამოტივაციო ნაწილიდან ჩანდა, რომ ექსპერტმა კვლევისას ხელშეკრულებაზე არსებული ხელმოწერა მიიჩნია რუსულ ენაზე შესრულებულად და შეადარა ე. ყ-ის მიერ ამ ენაზე შესრულებულ ხელმოწერის სხვა ნიმუშებს. იგივე დაადასტურა ექსპერტმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზეც. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 30 ივნისის დასკვნის თანახმად, ექსპერტმა ვერ შეძლო ხელმოწერის ავთენტურობის დადგენა ნიმუშების სიმცირის გამო. სასამართლოს შეფასებით, ეს დასკვნა არც უარყოფდა და არც ადასტურებდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე არც ერთ გარემოებას. აქედან გამომდინარე, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის 2011 წლის 30 ივნისის დასკვნა შსს საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტის დასკვნას არ ეწინააღმდეგებოდა, თუმცა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 14 ივნისის დასკვნა კი, ცალსახად შსს საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტის დასკვნის საწინააღმდეგო იყო. 2012 წლის 14 ივნისის დასკვნის მიხედვით, „ხელმოწერა ე. ყ-ის სახელით განლაგებული: 2010 წლის 1 დეკემბერს შედგენილ სესხის ხელშეკრულებაზე, მეორე გვერდზე, ნაბეჭდი ტექსტის ბოლოს გრაფაში: „მსესხებელი ე. ყ-ი“ შესრულებული იყო ქართულ ენაზე, ლურჯი ფერის საღებავი ნივთიერებით, რომლის ტრანსკრიფცია და გადაბმა შემდეგნაირი იყო: „ე + უასოო ჰორიზონტალური შტრიხი + ყ + ი“. ქართულ და რუსულ ენაზე შესრულებული ხელმოწერების ურთიერთშედარება შეუძლებელი იყო, ვინაიდან, ქართული და რუსული ანბანის ასოები ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა და არ შეიცავდნენ ერთნაირ გრაფიკულ (წერით) ნიშნებს საიდენტიფიკაციოდ“. ის, რომ ქართულ და რუსულ ენაზე შესრულებული ხელმოწერების ურთიერთშედარება შეუძლებელი იყო, დაადასტურა შსს საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტმაც. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მან განმარტა: მეთოდიკა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნებოდა ერთი ანბანის ასოებით გაკეთებული ხელმოწერის შედარება სხვა ანბანის ასოებით გაკეთებულ ხელმოწერასთან, არ არსებობდა, რაც ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ. სადავო ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ქართულად შესრულების შემთხვევაში ექსპერტის მიერ ამ ხელმოწერის რუსულ ხელმოწერებთან შედარების შემთხვევაში, ამ შედარების შედეგად გამოტანილი დასკვნა, დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული.
პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნა, რომ შსს საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2011 წლის 20 დეკემბრისა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 14 ივნისის დასკვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა, რის გამოც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2013 წლის 17 იანვარს დანიშნა განმეორებითი ექსპერტიზა და მისი ჩატარება დაავალა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ექსპერტიზის სამსახურს შპს „ს-ას“. შპს „ს-ის“ ექსპერტის 2013 წლის 7 მარტის დასკვნის თანახმად: „1. ხელმოწერა ე. ყ-ის სახელით, განლაგებული 2010 წლის 1 დეკემბრის თარიღით შედგენილ სესხის ხელშეკრულებაზე, სიტყვების გასწვრივ: „მსესხებელი ე. ყ-ი“, შესრულებული იყო ქართული ანბანის ასოებითა და უკითხავი შტრიხებით; დადგენა საკითხისა, ხელმოწერა ე. ყ-ის სახელით, განლაგებული 2010 წლის 1 დეკემბრის თარიღით შედგენილ სესხის ხელშეკრულებაზე, სიტყვების გასწვრივ: „მსესხებელი ე. ყ-ი“ შესრულებული იყო თუ არა ე. ყ-ის მიერ, შეუძლებელი იყო დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ მიზეზთა გამო“. შპს „ს-ის“ ექსპერტს საკვლევად წარდგენილი ჰქონდა ყველა მასალა, რომლებიც გამოიყენეს სხვა ექსპერტებმა და, გარდა ამისა, ე. ყ-ის ხელმოწერის ახალი ნიმუშები. პალატის შეფასებით, ეს დასკვნა სრულფასოვნადაა დასაბუთებული და იგი დამაჯერებლად განმარტა სასამართლო სხდომაზე მოწვეულმა ექსპერტმა, რომელმაც, მართალია, ამჯერადაც ვერ მოახერხა ხელმოწერის ავთენტურობის დადგენა, თუმცა ის კი ერთმნიშვნელოვნად დაადგინა, რომ იგი ქართულ ენაზე იყო შესრულებული. აქედან გამომდინარე, სასამართლომ დაადგინა, რომ ეს დასკვნაც ეწინააღმდეგებოდა შსს საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის დასკვნას. ექსპერტთა ჩვენებებიდან ირკვეოდა ასევე, რომ ის, თუ რა ენაზე იყო შესრულებული სადავო ხელმოწერა შსს საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტმა განსაზღვრა საკუთარი თვალთახედვითა და ვარაუდით, ხოლო შპს „ს-ის“ ექსპერტმა - საქმეში წარმოდგენილი ნიმუშებითა და ე. ყ-ის განმარტებების კრიტიკული შეფასებით. შპს „ს-ის“ ექსპერტის დასკვნა დაემთხვა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის დასკვნას, რის გამოც შპს „ს-ის“ ექსპერტის დასკვნა, შსს საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტის დასკვნასთან შედარებით, უფრო დამაჯერებლად იქნა მიჩნეული, პალატამ ასევე აღნიშნა, რომ ექსპერტთა დასკვნების ურთიერთგამომრიცხავობის მიუხედავად, 2010 წლის 1 დეკემბრის ხელშეკრულების სიყალბე უტყუარად არ დასტურდებოდა, რაც კუთვნილი მტკიცების ტვირთის ე. ყ-ის მიერ დაუძლევლობაზე მიუთითებდა, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს დ. კ-ის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა სესხის ძირითადი თანხა - 1700 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.
გარდა ამისა, დ. კ-ემ მოითხოვა ე. ყ-ის პირგასამტეხლოს დაკისრება, ყოველდღიურად 1700 აშშ დოლარის 1%-ის ოდენობით 35 დღის განმავლობაში. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების დარღვევისათვის მხარეებს წერილობით გათვალისწინებული ჰქონდათ ასევე პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 1%-ის ოდენობით. სასამართლომ ჩათვალა, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნა საფუძვლიანი იყო, თუმცა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე სასამართლომ ჩათვალა, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო, დარღვეულ ვალდებულებასთან შედარებით, შეუსაბამოდ მაღალი იყო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 1% შეადგენდა ყოველწლიურ 365%-ს, ამ ოდენობის არაგონივრულობის გათვალისწინებით, პალატამ ჩათვალა, რომ გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო ყოველდღიურად ძირითადი თანხის 0,07%-ით.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ყ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
სასაპელაციო სასამართლომ გამოკვლეული მტკიცებულებების არასწორად შეფასებით, არასწორადვე დაადგინა 2010 წლის 1 დეკემბერს დ. კ-ის მიერ ე. ყ-ის 2011 წლის 5 იანვრამდე 1700 აშშ დოლარის სესხების ფაქტი. სააპელაციო პალატამ აღნიშნული ფაქტი დაამყარა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ სესხის ხელშეკრულებაზე, რომელზე არსებული ხელმოწერის კასატორისადმი კუთვნილება არ დადასტურდა არც სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 30 ივნისისა და 2012 წლის 14 ივნისის დასკვნებით და არც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შპს „საქექსპერტიზის“ 2013 წლის 7 მარტის დასკვნით. სასამართლომ სამართლის ნორმის დარღვევის გზით არასწორად დააკმაყოფილა სარჩელი. სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რადგანაც ის არ ემყარება საქმეში არსებული მასალების შესწავლის შედეგად ჩამოყალიბებულ ობიექტურ შინაგან რწმენას. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სესხის ხელშეკრულების ნამდვილობა არ არის დადასტურებული, სასამართლომ არასწორადვე დააკისრა კასატორს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს დაკისრება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივნისის განჩინებით ე. ყ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
წარმოდგენილ საკასაციო საჩივარსა და Nვ-598-13 განცხადებას კასატორმა დაურთო მტკიცებულებები სულ 32 ფურცლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ე. ყ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ე. ყ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
რაც შეეხება ე. ყ-ის მიერ საკასაციო საჩივარსა და Nვ-598-13 განცხადებაზე დართულ მტკიცებულებებს, საკასაციო პალატა თვლის, რომ ეს მტკიცებულებები უნდა დაუბრუნდეს მის წარმომდგენს, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულება ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი. აღნიშნული გარემოება საკასაციო პალატის მიერ მტკიცებულების საქმისათვის დართვაზე უარის თქმის საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. ყ-ს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები 14 ფურცლად (ტ. 7, ს.ფ 234-247) და Nვ-598-13 განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 18 ფურცლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით, 407-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ყ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. ე. ყ-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები 14 ფურცლად (ტ. 7, ს.ფ 234-247) და Nვ-598-13 განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 18 ფურცლად.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
პ. სილაგაძე