№ას-601-572-2013 17 ივლისი, 2013 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ. გ-ა (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - გ. გ-ე, გ. კ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ლ-ი, მ. ლ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. გ-ამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მ. ლ-სა და ვ. ლ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა. მოსარჩელემ მოითხოვა მ. ლ-ის 47651 ლარის გადახდის დაკისრება, მ. ლ-სა და ვ. ლ-ს შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია.
სარჩელი შემდეგ ფაქტობრივ საფუძვლებს ემყარება: 2011 წლის აგვისტოში ნ. გ-ამ მ. ლ-ს 2 წლის ვადით ასესხვა 16117 ევრო ყოველთვიური 5%-ის დარიცხვით. მოპასუხე თანხას არ იხდიდა. 2011 წლის ნოემბერში მხარებს შორის გაფორმდა ვალის არსებობის შესახებ ხელწერილი, რომლის ძალითაც მ. ლ-მა იკისრა ვალდებულება, ყოველთვიურად გადაეხადა 300 ევრო, ასევე ნება დართო ნ. გ-ას, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, იპოთეკით დაეტვირთა მისი კუთვნილი ქ. ქუთაისში, ჯ-ის 1-ლი შესახვევის N21/5-6-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი. მოპასუხე თანხას არ იხდის, ამასთან ზემოაღნიშნული უძრავი ქონება ფიქტიურად მიჰყიდა შვილს - ვ. ლ-ს. ნასყიდობის ხელშეკრულება მოსაჩვენებლად დაიდო ნ. გ-ან ნაკისრი ვალდებულების შესრულების თავიდან აცილების მიზნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება მოსაჩვენებლად არ დადებულა. დედის ვალების გამო უსახლკაროდ რომ არ დარჩენილიყო, სადავო სახლი მამამ უყიდა.
2012 წლის 28 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მ. ლ-ის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა, რომლითაც ნ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა და მ. ლ-ს მის სასარგებლოდ 47651 ლარის გადახდა დაეკისრა, გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
იმავე სასამართლოს 2012 წლის 28 დეკემბერის გადაწყვეტილებით ნ. გ-ას სარჩელი ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ქონების აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. გ-ამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 აპრილის განჩინებით ნ. გ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. 2011 წლის აგვისტოში ნ. გ-ამ, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, მ. ლ-ს (ჟ-ს) ასესხა 16117 ევრო ყოველთვიურად 5 პროცენტის დარიცხვით. მოსარჩელის მოთხოვნითა და მოწმეთა თანდასწრებით 2011 წლის 20 ნოემბერს გაფორმდა ვალის არსებობის შესახებ ხელშეკრულება (ხელწერილი), რაც ხელმოწერით დაადასტურეს მოწმეებმაც. 2011 წლის 20 ნოემბრის ხელშეკრულების თანახმად, მ. ვ.ასული ჟ-ი, მცხოვრები ქ. ქუთაისი, ჯ-ის ქუჩაშ, პირველი შესახვევის №21-ში, აცხადებს, რომ მართებს ნ. გ-ას 16 117 ევრო 5 პროცენტით და ვალდებულია გადაიხადოს სრულად 53 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 300 ევროს ოდენობით;
2. ამავე ხელშეკრულებით მ. ჟ-მა ნ. გ-ას მიანიჭა უფლება, ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში, იპოთეკით დატვირთოს ზემოთ აღნიშნული მისი კუთვნილი ბინა;
3. 2012 წლის 16 იანვარს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მ. ლ-ის რწმუნებულმა ნ. ს-მა ვ. ლ-ს მიჰყიდა, ქ. ქუთაისში, ჯ-ის პირველი შესახვევის №21-ში მდებარე მ. ლ-ის კუთვნილი № 5-6 საცხოვრებელი ბინა 30 000 ლარად;
4. ვ. ლ-ის მიერ შეძენილი უძრავი ქონება დატვირთული იყო იპოთეკით სს ,,ვ. ბ. ჯ-ას“ ქუთაისის რეგიონული ფილიალისა და თ. ძ-ის სასარგებლოდ. (ს.ფ.33)
5. 2012 წლის 28 ივნისის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით ირკვევა, რომ თ. ძ-ემ, ნ. ს-ან ხელზე მიიღო 15100 აშშ დოლარი, რის შემდეგაც განაცხადა, რომ ნ. ს-ს მის წინაშე შესრულებული აქვს ვალდებულებები და მასთან პრეტენზია არა აქვს. განცხადებაში თ. ძ-ემ თანხმობა განაცხადა ქ. ქუთაისში, ჯ-ის ქუჩის პირველი შესახვევის №21/5-6-ში მდებარე ბინაზე იპოთეკის მოხსნაზე;
6. მოწმე ნ. ს-ის ჩვენებით დადგენილია, რომ მ. ლ-ი (ჟ-ი) მისი დედამთილია, რომელსაც ბევრი ვალი ჰქონდა. ამ ვალების გამო, იგი წავიდა საბერძნეთში და მას დაუტოვა მინდობილობა. სადავო ბინა დატვირთული იყო 15000 აშშ დოლარის სესხისათვის და იპოთეკარი თეა ძოწენიძე აპირებდა მის რეალიზაციას. ვინაიდან ვ. ლ-ი ინვალიდი იყო და ვ.ს მამას, ო. ლ-ს, არ უნდოდა მისი შვილი ქუჩაში დარჩენილიყო, გამოაგზავნა თანხა, საიდანაც 15000 აშშ დოლარი პირადად გადასცა თეა ძოწენიძეს, ხოლო 3000 ევრო გაეგზავნა მის დედამთილს ვალის გასასტუმრებლად;
7. ო. ლ-მა ქონება გამოისყიდა თ. ძ-ის ვალის გასტუმრებისას;
8. მოწმე ლ. კ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ მისმა ძმამ - ო. ლ-მა თავის ინვალიდ შვილს - ვ. ლ-ს შეუსყიდა ქ. ქუთაისში, ჯ-ის ქუჩის, პირველი შესახვევის №21-ში მდებარე №5-6 ბინა, რომელიც, მისი რძლის, (ო. ლ-ის მეუღლის) მ. ლ-ის, ვალების გამო იყიდებოდა;
9. 2011 წლის 7 აგვისტოს, ვ. ლ-ის მეუღლე ე. ც-ემ მ. ლ-ს გადაურიცხა 2.950 ევრო;
10. მოპასუხე ვ. ლ-ი მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პენსიონერია უვადოდ. ის თავისი ოჯახით ცხოვრობს ქ. ქუთაისში, ჯ-ის პირველი შესახვევის №21/ 5-6-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მ. ლ-სა და ვ. ლ-ის ერთობლივად, საერთო მიზნითა და განზრახვით მოქმედების ფაქტი, უფრო მეტიც, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ ვ. ლ-ი, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე ინფორმირებული იყო ნ. გ-ას სესხისა და უძრავი ქონების მიმართ ნ. გ-ას ინტერესის თაობაზე; ამდენად, ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ მოპასუხე ცხოვრობდა და აგრძელებს ცხოვრებას სადავო ბინაში, მოსარჩელე წლების განმავლობაში არ სარგებლობს ამ უძრავი ქონებით, რომ გარიგება დაიდო მხარეთა შორის სასამართლო დავის დაწყებამდე 21 თვით ადრე და გარიგების დადებიდან ექვსი თვის განმავლობაში მ. ჟ-ლ-ი ნ. გ-ას სესხის დაფარვის მიზნით ურიცხავდა თანხას, ადასტურებს, რომ მოპასუხეთა შორის არ არსებობდა უკანონო „ურთიერთშეთანხმება“, შესაბამისად, დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული, რომ მხარეთა შორის გამოვლენილი ნება ნასყიდობის ხელშეკრულების დადების თაობაზე ნამდვილია.
პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისთანავე თანხის გადაუხდელობა ამ გარიგების მოჩვენებითობას ადასტურებს. სასამართლოს მითითებით, მართალია, ხელშეკრულების გაფორმების დროს, ნასყიდობის საგნის საფასური გადაცემული არ ყოფილა, თუმცა მოწმეთა ჩვენებებითა და თ. ძ-ის სანოტარო განცხადებით დგინდება, რომ ხელშეკრულების გაფორების შემდგომ, ნასყიდობის საგნის საფასურის გადახდის მიზნით, იპოთეკარის წინაშე მ. ლ-ის ვალდებულება შეასრულა ვ. ლ-მა და იპოთეკარ თ.ძ-ეს გადასცა 15100 აშშ დოლარი.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ ნ. გ-ას მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ. გ-ამ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით:
1. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა 2011 წლის 20 ნოემბრის შემდგომ მოვლენათა განვითარების თანმიმდევრობა, რასაც დავის გადაწყვეტისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ნების ნამდვილობის დადგენისას, პირდაპირი მტკიცებულებების წარდგენა თითქმის შეუძლებელია და სასამართლომ არაპირდაპირი მტკიცებულებებით თუ ფაქტებით უნდა იხელმძღვანელოს;
2. მ. ლ-ი და ვ. ლ-ი დედა-შვილი არიან. ვ. ლ-ი ყოველთვის ცხოვრობდა სადავო ბინაში. 2011 წლის 20 ნოემბრის ხელწერილის გაფორმებიდან თვენახევარში მ. ლ-მა ბინა შვილს მიჰყიდა;
3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მტკიცება, რომ იპოთეკარი თ. ძ-ე აპირებდა ბინის რეალიზაციას და ამ შედეგის თავიდან ასაცილებლად, გამოსყიდულ იქნა სადავო ბინა. ამგვარი დასკვნა საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან არ გამომდინარეობს. იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო 2012 წლის 4 იანვარს 3 თვის ვადით, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულება - 2012 წლის 16 იანვარს. ვალდებულების შესრულების ვადის დადგომამდე, თ. ძ-ე ბინის რეალიზაციას ვერ მოითხოვდა;
4. საქმეზე დაკითხული მოწმეები მოპასუხეთა უახლოესი ნათესავები არიან, ამდენად, მათი ჩვენება არასარწმუნოა;
5. სადავო ბინის გარდა, მ. ლ-ს ეკუთვნოდა სოფ ბ-ი მდებარე საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი, რომელიც ვ. ლ-ს აჩუქა. ეს გარემოებაც ადასტურებს, რომ მ. ლ-ი უძრავი ქონებას მალავდა ნაკისრი ვალდებულების შესრულების თავიდან ასაცილებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (იხ. მაგ. სუსგ Nას-1-453-06, ას-659-1306-03), ხოლო საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი ბაჟის, 1500 ლარის, 70% - 1050 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. გ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს 27.05.13 წლის N... საგადახდო დავალებით გადახდილი ბაჟის, 1500 ლარის, 70% - 1050 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0018 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ლ. მურისიძე
პ. სილაგაძე