Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-605-576-2013 15 ივლისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ხ. ნ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. მ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ალიმენტის ოდენობის შემცირება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხ. ნ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. მ-ის მიმართ და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 4 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელისათვის თითოეული ბავშვის სარჩენად დაკისრებული 150 ლარის 60 ლარამდე შემცირება, ხოლო ერთ-ერთი შვილის სარჩენად გადასახდელი ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლება, რადგან ბავშვი ამჟამად მამასთან ცხოვრობს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, რადგან ხ. ნ-ის მატერიალური მდგომარეობა არ შეცვლილა და ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველი არ არსებობს. რაც შეეხება ერთ-ერთი შვილის მამასთან ცხოვრებას, მოპასუხემ დააზუსტა, რომ ბავშვი ხან მამასთანაა და ხან დედასთან, ამდენად, აღნიშნული ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლების წინაპირობას არ ქმნის.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით ხ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა ალიმენტის სახით ა. ნ-ას სასარგებლოდ დაკისრებული საალიმენტო თანხის გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ხ. ნ-ი გათავისუფლდა ა. ნ-ას სასარგებლოდ დაკისრებული საალიმენტო თანხის, ყოველთვიურად – 150 ლარის გადახდისაგან მოცემულ საკითხზე სარჩელის აღძვრის მომენტიდან – 2012 წლის 18 დეკემბრიდან შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2000 წლიდან მოსარჩელე ხ. ნ-ი და მოპასუხე ნ. მ-ა იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ სამი შვილი – ... წლის ... ოქტომბერს დაბადებული ა. ნ-ა, ... წლის ... სექტემბერს დაბადებული ა. ნ-ი და ... წლის ... ივნისს დაბადებული ი. ნ-ი.

მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ ისინი ცხოვრობენ ცალ-ცალკე. არასრულწლოვანი შვილებიდან ორი მათგანი – ა. ნ-ა და ი. ნ-ი ცხოვრობენ დედასთან, ხოლო ა. ნ-ი ცხოვრობს მამასთან.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 4 ნოემბრის განჩინებით მხარეთა მორიგების შესახებ დადგენილია, რომ ხ. ნ-ს დაეკისრა ა., ა. და ი. ნ-ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 150 ლარის ოდენობით, სულ – 450 ლარის გადახდა მათ სრულწლოვანებამდე.

სააპელაციო საჩივარზე დართული რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის 2013 წლის 8 იანვრის ცნობის თანახმად, ა. ნ-ი სწავლობს ქ.რუსთავში არსებულ „ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულების“ მე-4 კლასში და სწავლის საფასური შეადგენს 1300 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს, რომელიც დაფარა მშობელმა. ამავე დაწესებულების 2013 წლის 8 იანვრის ცნობით, ი. ნ-ი სწავლობს ზემოაღნიშნულ სკოლა-ლიცეუმში სკოლამდელი აღზრდის ჯგუფში და მისი სწავლის საფასური შადგენს 1300 ლარს, რომელიც გადაიხადა მშობელმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებული ნ. მ-ას ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ მათი შვილი – ა. ნ-ი ცხოვრობს მამასთან, რადგან თავის საცხოვრებელ ადგილად აირჩია მამის საცხოვრებელი ადგილი.

სააპელაციო სასამართლოში მიცემული განმარტებით ასევე დადგენილია, რომ ხ. ნ-ი თანამშრომლობს სხვადასხვა დაწესებულებებთან, იგი არის ინგლისური ენის თარჯიმანი და აქვს გარკვეული შემოსავალი. მას ასევე ჰყავს მეორე მეუღლე, რომელიც მან შეირთო ნ. მ-ან განქორწინების შემდეგ.

პალატამ განმარტა, რომ ხ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი ა. ნ-ას სასარგებლოდ განსაზღვრული ალიმენტის, თვეში – 150 ლარის გაუქმების მოთხოვნის ნაწილში დასაბუთებულია.

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლისა და 1221-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პალატამ განმარტა, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტმა (მოსარჩელემ) ვერ შესძლო დაედასტურებინა მისი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლა, შესაბამისად, სარჩელი ალიმენტის ოდენობის შემცირების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში დაფიქსირებულ გარემოებას, რომ შპს „...“ ამჟამად არ აგრძელებს საქმიანობას, მხოლოდ აღნიშნული გარემოება ვერ გახდება ალიმენტის შემცირების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან უნდა არსებობდეს მტკიცებულებები და ისინი დაკავშირებული უნდა იყოს ალიმენტის გადამხდელი მშობლის მატერიალური მდგომარეობის გაუარესებასთან, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება.

რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას ა. ნ-ას სასარგებლოდ დაკისრებული საალიმენტო თანხის გაუქმების შესახებ, პალატამ საქმეში არსებული მასალით, კერძოდ კი, თვით მოწინააღმდეგე მხარის ახსნა-განმარტებით დაადგინა, რომ ხ. ნ-სა და ნ. მ-ას საერთო შვილი – ... წლის ... სექტემბერს დაბადებული ა. ნ-ია დღეის მდგომარეობით ცხოვრობს მამასთან და თავის საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილი აირჩია.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ხ. ნ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ უგულებელყო „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნები და მიიღო ფაქტობრივად და სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევით სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები შეაფასა ცალმხრივად და არაობიექტურად.

მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ განჩინების მიღების დროს მხედველობაში იქნა მიღებული ის გარემოება, რომ მოსარჩელე მუშაობდა შპს „...“ დირექტორის თანამდებობაზე და ჰქონდა შემოსავალი ყოველთვიურად 600 ლარის ოდენობით. მოსარჩელეს ასევე წილი ჰქონდა შპს„...“ და სამივე შვილი იმყოფებოდა მოპასუხესთან.

ამ გარემოებიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მიიღო გადაწყვეტილება, ნებაყოფლობით გადაეხადა ალიმენტი, თვეში 150 ლარი თითოეული შვილის სარჩენად, სულ – 450 ლარი თვეში.

სასამართლოს განჩინების ძალაში შესვლის შემდგომ ფაქტობრივი გარემოებები შეიცვალა, კერძოდ, მოსარჩელის ეკონომიკური მდგომარეობა დამძიმდა, მას აქვს ვალები და იძულებული გახდა, ნომინალურ ფასად გაესხვისებია მისი წილი აღნიშნული შპს-ში. ამჟამად კასატორი უმუშევარია და შემოსავალი არ გააჩნია.

მხედველობაში მისაღებია ის გარემოებაც, რომ ერთი შვილი – ა. ნ-ი დღეის მდგომარეობით ცხოვრობს მამასთან.

განსახილველ საქმეზე წარდგენილი ცნობა გაცემულია 2012 წლის 17 დეკემბერს. იგი ადასტურებს, რომ 2011 წლის 1 ნოემბერს აპელანტს შემოსავლები არ ერიცხება.

მხარეთა შორის მორიგება შესდგა 2011 წლის 4 ნოემბერს. კასატორი ხელფასს იღებდა ყოველი თვის ბოლოს. მორიგების აქტის გაფორმებისას იგი ვერ წარმოიდგენდა, რომ თვის ბოლოს აღარ ექნებოდა შემოსავალი. ამდენად, ეს ცნობა არასწორად იქნა განმარტებული.

სასამართლომ ასევე არასწორად შეაფასა ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელეს აღარ აქვს შემოსავლები შპს „მ. პ-ი“. ეს გარემოებაც საჭიროებს დამატებით შეფასებას. მოსარჩელე მონაწილეობს თავისი შვილების აღზრდაში, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. იგი იხდის შვილების სწავლის საფასურს.

სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლი, 1221-ე მუხლის მეორე ნაწილი და არ გამოიყენა 1238-ე მუხლი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივლისის განჩინებით ხ. ნ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ხ. ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ხ. ნ-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით რ. ფ-ის მიერ 2013 წლის 28 ივნისს №456 საგადასახადო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ხ. ნ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ხ. ნ-ს (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით რ. ფ-ის მიერ 2013 წლის 28 ივნისს №... საგადასახადო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე