№ას-613-583-2013 29 ივლისი, 2013 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ი. ზ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ვ-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ზ-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ვ-ის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხისათვის „ჯეკ პოტის“ სახით მოგებული საპრიზო ფონდის - 2 717 979.28 ლარის გადახდის დაკისრება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2010 წლის 28 აგვისტოს ი. ზ-ე სათამაშოდ შევიდა კლუბ ,,ვ-ი“. მან ერთ-ერთ სათამაშო აპარატზე ითამაშა 5 ლარით და მოიგო ჯეკ პოტი 271 797 928 ქულა. ამ დროს კლუბში, სხვა მოთამაშეებთან ერთად, იმყოფებოდნენ კლუბის თანამშრომლები ნ. მ-ე და ა. მ-ი. თანამშრომლებმა უარი განაცხადეს დაესახელებინათ, თუ რა თანხას შეადგენდა სათამაშო აპარატის მიერ დაფიქსირებული ქულები, ასევე ისინი დაჟინებით ითხოვდნენ, რომ მეორე დილის 9 საათამდე დალოდებოდნენ მენეჯერის მისვლას. ი. ზ-ე დაუკავშირდა საპატრულო პოლიციას. პატრულის თანამშრომლებმა ოქმი შეადგინეს. სათამაშო აპარატზე მითითებული ქულების მიხედვით, მოგებამ შეადგინა 2 717 979, 28 ლარი, რაც კლუბის ხელმძღვანელობამ არ აანაზღაურა.
2012 წლის 27 ოქტომბერს შპს ,,ვ-მა“ სასამართლოში შესაგებელი წარადგინა, რომლითაც სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სათამაშო აპარატები, რომლებითაც შპს ,,ვ-ს“ მოწყობილი აქვს სათამაშო სალონი აღებული აქვს იჯარით შპს „ა-ან“. კონკრეტული სათამაშო აპარატი სერიული ნომრით 3012360-124669, რომელმაც გაათამაშა ,,ჯეკპოტი“, მოპასუხეს ასევე აღებული აქვს იჯარით. ამ აპარატზე მინიმალური ფსონის ოდენობა იყო 1 თეთრი, ხოლო მაქსიმალური - 9 ლარი. სათამაშო აპარატების მიხედვით დაფიქსირებული და განსაზღვრულია მოგების კონკრეტული ოდენობაც, რომელიც შეადგენს 3 000 ლარს. აპარატი ვერ გასცემდა მოგების მაქსიმალურ ოდენობაზე მეტს. №124669 სათამაშო აპარატზე, რომელიც წარმოადგენს ,,ადმირალის“ ტიპის მულტი გამინატორს, ნებისმიერ მოთამაშეს „დახმარების“ ღილაკის გამოყენებით შეუძლია ცნობარის ნახვა, რომელიც შეიცავს მოგების ცხრილებსა და თამაშის წესებს. მოგების ცხრილის საშუალებითა და დარბაზში თვალსაჩინო ადგილას გამოკრული თამაშების წესებისა და პირობებს გაცნობის შემდეგ, თამაშის მსურველს ან მოთამაშეს ჰქონდა შესაძლებლობა გაცნობოდა ინფორმაციას ფსონებისა და მოგების თაობაზე. შპს ,,ვ-ს“ არასოდეს გაუთამაშებია სარჩელში მითითებული თანხა, შესაბამისად, მითითებული თანხის გადახდის ვალდებულება არ არსებობს, ვინაიდან ოფერტი კონკრეტულად ამ ოდენობის თანხის მოსაგებად არავისთან გაკეთებულა. რაც შეეხება №124669 სათამაშო აპარატის მიერ დაფიქსირებულ 271 797 928 ქულას, მოპასუხე განმარტავს, რომ ხსენებული პარატი წარმოადგენს ელექტრონულ აპარატს, რომელსაც გააჩნია სპეციალური მეხსიერება და ამ მეხსიერების მიხედვით ხდება სათამაშო აპარატის მიერ ფსონების მიღებაც და მოგების დაფიქსირებაც ასეთის არსებობის შემთხვევაში. ელექტრონული მეხსიერება მწყობრიდან იყო გამოსული, რის გამოც დაფიქსირდა მოგება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი. ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით ი. ზ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ი. ზ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ვ-ს“ ი. ზ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ჯეკპოტის სახით მოგებული 2000 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. 2010 წლის 28 აგვისტოს მოსარჩელე ი. ზ-ე შევიდა შპს „ვ-ის“ სათამაშო კლუბ „ვ-ში“ და სათამაშო აპარატზე ADMIRAL MULTI-GAMINATOR, FV-680, სერიული ნომრით ... ითამაშა „გრიფინის ოქრო“. თამაშის შედეგად აპარატზე გამოისახა კომბინაცია: ჯოკერი და ცხრიანი, ასევე მრავალქიმიანი ვარსკვლავის წითელ გამოსახულებაში გამოჩნდა წარწერა, რომელიც იუწყებოდა, რომ მოგებული იყო ჯეკპოტი 271.797.928 ქულით (congratulations! jackpot won! 271.797.928 credits);
2. სათამაშო კლუბ „ვ-ის“ დარბაზში შესვლისთანავე, მარცხენა მხარეს, კედელზე განთავსებული იყო წესები, რომლებშიც ჩამოყალიბებული იყო სათამაშო აპარტების სალონის მოწყობის პირობები (რეგლამენტი), რომლითაც განსაზღვრული იყო თითოეული სათამაშო აპარატისათვის მისაღები ფსონის მაქსიმალური და მინიმალური მოგების შესახებ ინფორმაცია, ასევე განსაზღვრული იყო მოგების მაქსიმალური ოდენობა, რომელიც დამოკიდებული იყო მოთამაშის მიერ გაკეთებულ ფსონზე და მომგებიან კომბინაციაზე. გარდა ამისა, თითოეულ აპარატს გააჩნდა ღილაკი - „ინფო“, რომელზე დაჭერით მოთამაშეს შეეძლო გაცნობოდა ინფორმაციას, თუ რა კომბინაცია რა თანხას იგებდა. შპს „ვ-ს“ ჰქონდა წამახალისებელი გათამაშებებიც, რომელიც განსხვავდებოდა ჩვეულებრივი მოგებისაგან, კერძოდ, ამ დროს სათამაშო აპარატები შეერთებული იყო „ჯეკპოტის“ გარე ქსელში და სათამაშო კლუბში კედელზე დამაგრებულ მონიტორზე ასახული იყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თამაშდებოდა „ჯეკპოტი“, ასევე მითითებული იყო თანხა, რაც თამაშდებოდა „ჯეკპოტის“ სახით. 2010 წლის 28 აგვისტოს მონიტორზე მითითებული იყო ინფორმაცია ჯეკპოტის სამი კატეგორიის შესახებ, კერძოდ, თამაშდებოდა 500 ლარიანი, 1000 ლარიანი და 2000 ლარიანი ჯეკპოტი; ამდენად, სათამაშო აპარატზე, რომელზეც ი. ზ-ე თამაშობდა, ჯეკპოტის მაქსიმალური თანხა იყო 2000 ლარი;
3. ჯეკპოტი წარმოადგენდა ჩვეულებრივ მოგებისგან განსხვავებულ, წამახალისებელ დამატებით გათამაშებას, რომელიც არ იყო დამოკიდებული ნახატების კომბინაციაზე. ჯეკპოტის მოგებისათვის აუცლებელი იყო, რომ სათამაშო აპარატი მიერთებული ყოფილიყო გარე ქსელური ჯეკპოტის სისტემაზე, ან კონკრეტულ აპარატზე ჩართული ყოფილიყო აპარატის შიდა ჯეკპოტის სისტემა. ჯეკპოტის მოგება ხდებოდა, როდესაც, შესაბამისად, ქსელში ან კონკრეტულ აპარატზე მიღწეული იქნებოდა ქულების განსაზღვრული ნიშნული, რის შემდეგაც აპარატის ეკრანზე გამოისახებოდა ჯეკპოტის მოგების გამოსახულება. ის გარემოება, რომ 2010 წლის 28 აგვისტოს ი. ზ-ის მოგებული თანხა წარმოადგენდა „ჯეკპოტს“ და არა მოგებას, რომელიც დამოკიდებული იყო კომბინაციაზე, დასტურდება თავად სათამაშო აპარატის ეკრანზე გამოსახული შემდეგი წარწერით: „გილოცავთ! თქვენ მოიგეთ ჯეკპოტი! 271.797.928 ქულა“ (congratulations! jackpot won! 271.797.928 credits);
4. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ სათამაშო აპარატზე ADMIRAL MULTI-GAMINATOR, FV-680, სერიული ნომრით ..., რომელზედაც გამოისახა წარწერა ჯეკპოტის მოგების შესახებ, არ თამაშდებოდა ჯეკპოტი და ამდენად, მასზე არსებული წარწერა, რომელიც იუწყებოდა ჯეკპოტის მოგებას, წარმოადგენდა პროგრამულ შეცდომას;
5. საქმეში წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც ექსპერტებმა გამოიკვლიეს, ჩართული იყო თუ არა სათამაშო აპარატზე შიდა ჯეკპოტის სისტემა. სსიპ ლ. სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 02.05.2012 წლის ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ სათამაშო აპარატს გამორთული ჰქონდა შიდა ჯეკპოტის სისტემა და 2010 წლის 29 აგვისტოს სათამაშო კლუბ შპს „ვ-ში“ აპარატის ეკრანზე გამოტანილი 271.797.928 ქულა არ წარმოადგენს აპარატის მეხსიერებაში დალექილ (დაგროვილ) ქულას (ს.ფ. 281-289, ტ. II). ამასთან, საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლ. სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 04.11.2010 წლის დასკვნითა და ექსპერტ გ. შ-ის განმარტებით დადგენილია, რომ სათამაშო აპარატის ADMIRAL MULTI-GAMINATOR, FV-680, სერიული ნომრით ... მეხსიერებაში დაფიქსირდა რამდენიმე ერთი და იმავე სახის პროგრამული შეცდომა E999, თუმცა სათამაშო აპარატი ტექნიკურად გამართულია, ხოლო პროგრამული შეცდომების მნიშვნელობის და წარმოშობის დადგენა ვერ მოხერხდა;
6. სათამაშო აპარატს - ADMIRAL MULTI-GAMINATOR, FV-680, სერიული ნომრით ..., რომელზედაც თამაშობდა ი. ზ-ე, გათიშული ჰქონდა შიდა ჯეკპოტის სისტემა, თუმცა სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ „ჯეკპოტის“ მოგება შესაძლებელი იყო ასევე სისტემური ჯეკპოტის ანუ, გარე ქსელური „ჯეკპოტის“ მეშვეობით. კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სათამაშო აპარატი შეერთებული იყო ჯეკპოტის ქსელურ სისტემაზე. ჯეკპოტის მაქსიმალური ოდენობა იყო 2 000 ლარი. ჯეკპოტის გათამაშების შესახებ მონაცემები ასახული იყო კლუბში განთავსებულ დიდი ზომის მონიტორზე, რომლის დანახვაც შეეძლო სათამაშო აპარატთან მჯდომ ი. ზ-ეს. თამაშდებოდა მინიმუმ 500 ლარიანი და მაქსიმუმ 2000 ლარიანი ჯეკპოტი. აღნიშნული დასტურდება მოწმეების ნანა მაისურაძისა და მიხეილ მეგრელიძის ჩვენებებით;
7. ფაქტობრივი გარემოება, რომ სათამაშო კლუბ ,,ვ-ში“ თამაშდებოდა ჯეკპოტი მაქსიმალური მოგებით 2000 ლარი, სააპელაციო სასამართლოში დაადასტურა თავად აპელანტმა ი. ზ-აც;
8. ის გარემოება, გამორთული იყო თუ არა სათამაშო აპარატი ADMIRAL MULTI-GAMINATOR, FV-680, სერიული ნომრით ..., სისტემური ჯეკპოტის ანუ, გარე „ჯეკპოტის“ ქსელიდან საქმის მასალებით არ დასტურდება, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია. ამასთან, მართალია, კონკრეტულ აპარატზე დაფიქსირდა გარკვეული სახის შეცდომები, თუმცა არ დასტურდება, რომ სათამაშო აპარატის ეკრანზე გამოსახული კონკრეტული წარწერა - გილოცავთ! თქვენ მოიგეთ ჯეკპოტი! 271.797.928 ქულა (congratulations! jackpot won! 271.797.928 credits) წარმოადგენს შეცდომას;
9. სათამაშო აპარატზე (ADMIRAL MULTI-GAMINATOR, FV-680, სერიული ნომრით ...), რომელზედაც თამაშობდა ი. ზ-ე გამოსახული ქულათა რაოდენობის მიხედვით (271.797.928) მოგებულ იქნა გარე ქსელური ჯეკპოტი 2000 ლარი;
10. ხელშეკრულების პირობებზე დათანხმება, აქცეპტირება მოთამაშეთა მიერ ხდებოდა კონკლუდენტურად, სათამაშო კლუბში შესვლით, სათამაშო აპარატთან დაჯდომით და თამაშში მონაწილეობის მიღებით. დგინდება ისიც, რომ 2010 წლის 28 აგვისტოს ი. ზ-ე შევიდა კლუბში, სადაც მანამდეც არაერთხელ იყო ნამყოფი, დაჯდა სათამაშო აპარატთან და დაიწყო თამაში, რითაც მან კონკლუდენტურად გამოხატა თანხმობა შეთავაზებულ პირობებზე.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მოთხოვნა მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ, მტკიცებულებათა გამოთხოვაზე უარის თქმის შესახებ და განმეორებითი, კომისიური ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის საოქმო განჩინებების გაუქმების თაობაზე დაუსაბუთებელი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული არ იყო არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები გასაჩივრებული საოქმო განჩინებების უსწორობებთან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 327-ე, 329-ე, 342-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ ი. ზ-ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ი. ზ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით:
1. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სათამაშო კლუბ „ვ-ის“ დარბაზში შესვლისთანავე, მარცხენა მხარეს, კედელზე განთავსებული იყო წესები, რომლებშიც ჩამოყალიბებული იყო სათამაშო აპარტების სალონის მოწყობის პირობები (რეგლამენტი), რომლითაც განსაზღვრული იყო თითოეული სათამაშო აპარატისათვის მისაღები ფსონის მაქსიმალური და მინიმალური მოგების შესახებ ინფორმაცია, ასევე განსაზღვრული იყო მოგების მაქსიმალური ოდენობა. გარდა ამისა, თითოეულ აპარატს გააჩნდა ღილაკი - „ინფო“, რომელზე დაჭერით მოთამაშეს შეეძლო გაცნობოდა ინფორმაციას, თუ რა კომბინაცია რა თანხას იგებდა, მაშინ, როდესაც, საპატრულო სამსახურის თანამშრომელმა ვეფხია ნადიბაიძემ, რომელიც დაინტერესებული პირი არ არის, დაადასტურა, რომ წესდება კლუბის კედელზე გამოკრული არ იყო და რომ ყოფილიყო, აუცილებლად დაამახსოვრდებოდა. იმავეს ადასტურებს მოწმე ბიბა მეგრელიძეც. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა, თუ რა საფუძვლით არ გაიზიარა ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები;
2. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებას არასწორად დაუდო საფუძვლად ის ფაქტი, რომ ი. ზ-ის ცნობილი იყო, მაქსიმალური მოგების, 2000 ლარის შესახებ. ეს გარემოება ი. ზ-ის ცნობილი სხვა მოთამაშეებისაგან გახდა და არსად უთქვამს, რომ კლუბში განთავსებულ მონიროტზე იყო მსგავსი წარწერა;
3. სასამართლომ არ იმსჯელა მოპასუხის მიერ წარმოდგენილ დისკზე. ჩანაწერზე მითითებული არ არის თარიღი და არ დასტურდება ის გარემოება, რომ 2010 წლის 28-29 აგვისტოს კლუბის კეელზე გამოკრული იყო წესდება;
4. სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ მოპასუხემ არ წარმოადგინა თამაშის მსვლელობის ვიდეოჩანაწერი და იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოახდინა აპარატის კომპიუტერული უზრუნველყოფა;
5. სააპელაციო სასამარლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 343-ე და 342-ე მუხლები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ხოლო საკასაციო სასამართლოს მიერ საჩივრის განხილვისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მირების აუცილებლობა არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ზ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ლ. მურუსიძე
პ. სილაგაძე