Facebook Twitter

საქმე №ას-614-584-2013 22 ივლისი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

A ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე შ. ხ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ სს „სადაზღვეო კომპანია ჯ. პ. ა. ჰ-ის“ სარჩელის გამო, შ. ხ-სა და თ. ს-ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შ. ხ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ გასაჩივრების უფლების მქონე პირმა, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სადავოდ არ გახადა კანონით დადგენილ ვადაში, მაშინ გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში და მხარე კარგავს მისი გასაჩივრების უფლებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „სადაზღვეო კომპანია ჯ. პ. ა. ჰ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შ. ხ-ს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 7901 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო თ. ს-ის თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია შ. ხ-ს, ის სადავოდ გახადა მოსარჩელემ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით შეიცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტები და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შ. ხ-სა და . ს-ეს სოლიდარულად დაეკისრათ 7901 აშშ დოლარის გადახდა სს „სადაზღვეო კომპანია ჯ. პ. ა. ჰ-ის“ სასარგებლოდ.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შ. ხ-ს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია, რითაც ის ფაქტობრივად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და უარი თქვა მის გასაჩივრებაზე, აღნიშნული კი მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით, სს „ჯ. პ. ა. ჰ-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და შ.ხ-სა და თ.ს-ეს სოლიდარულად დაეკისრათ 7901 აშშ დოლარის გადახდა, გამომდინარე აქედან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შ. ხ-ის მდგომარეობა არ გაუარესებულა, პირიქით გაუმჯობესდა. გამომდინარე აქედან, არ არის გამოკვეთილი მისი იურიდიული ინტერესი საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შ. ხ-ის ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, რაც გამორიცხავს მისი საკასაციო საჩივრის განხილვის შესაძლებლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ. ხ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე