საქმე №ას-625-594-2013 1 ივლისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ს. ა-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. ა-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ა-სა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2011 წლის 30 დეკემბრის აქტიდან მასში მითითებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაყადაღებული ქონების ამორიცხვის შესახებ. მოსარჩელემ განმარტა, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთები თავისი საკუთრებაა და შვილის – მ. ა-ის ვალის დასაფარად ყადაღა არასწორად დაედო.
მოპასუხე მ. ა-ემ სარჩელი ცნო და მიუთითა, რომ დაყადაღებული ქონება მამამისს ეკუთვნის, ხოლო მეორე მოპასუხემ მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით ს. ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ყადაღისაგან გათავისუფლდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2011 წლის 30 დეკემბრის აქტში მითითებული შემდეგი მოძრავი ნივთები: ტელევიზორი „SONY“, მაცივარი „BEKO“, გაზქურა „BEKO“, ჭურჭლის სარეცხი მანქანა „BEKO“, სარეცხი მანქანა „BEKO“, ტელევიზორი „TECHOM“, საძინებლის ავეჯი (საწოლი, ტანსაცმლის კარადა, 2 ტუმბო, ტუმბო სარკით), ტანსაცმლის კარადა (შავი ფერის, დ.ს.პ), ტელევიზორი „LG“, დივიდი „SONY“, მუსიკალური ცენტრი „PANASONIC“ (ნაცრისფერი), პიანინო „1.SCHILLER BERLIN“ (ანტიკვარული), პრინტერი „hp“ და კონდინციონერი „BEKO“, ამავე გადაწყვეტილებით მოსარჩელე ს. ა-ის მოთხოვნა ნოუთბუქ „DELL VOSTERO 1015-ის“ ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
„ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ’’ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 30 დეკემბრის აქტით სასამართლომ დაადგინა, რომ მოვალე მ. ა-ის ვალის გადახდის მიზნით, ყადაღა დაედო ბოლნისში, ა-ის ქ. №1-ში მდებარე მისი მამის – ს. ა-ის კუთვნილ ბინაში განთავსებულ შემდეგ მოძრავ ნივთებს: ტელევიზორი „SONY“, მაცივარი „BEKO“, გაზქურა „BEKO“, ჭურჭლის სარეცხი მანქანა „BEKO“, სარეცხი მანქანა „BEKO“, ნოუთბუქი „DELL VOSTERO 1015“, ტელევიზორი „TECHOM“, საძინებლის ავეჯი (საწოლი, ტანსაცმლის კარადა, 2 ტუმბო, ტუმბო სარკით), ტანსაცმლის კარადა (შავი ფერის, დ.ს.პ), ტელევიზორი „LG“, დივიდი „SONY“, მუსიკალური ცენტრი „PANASONIC“ (ნაცრისფერი), პიანინო „1.SCHILLER BERLIN“ (ანტიკვარული), პრინტერი „hp“ და კონდენციონერი „BEKO“.
პალატამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი შეიცავს ზოგად დებულებას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების თაობაზე. ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელებზე მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსაზღვრულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით, ამდენად, მითითებული ნორმის თანახმად, ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელზე მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, წერილობითი მტკიცებულებები წარმოადგენს მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს. ამავე კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XVIII თავი ეხება მოწმეთა ჩვენებას, როგორც მტკიცებულებათა ერთ-ერთ სახეს.
მოცემულ შემთხვევაში, მოწმეების – ნ. კ-ის, კ.ჩ-სა და ტ. უ-ოს ჩვენებებით დასტურდება, რომ ბოლნისში, ა-ის ქ.№1-ში მდებარე მოძრავი ნივთები – საძინებლის ავეჯი (საწოლი, ტანსაცმლის კარადა, 2 ტუმბო, ტუმბო სარკით), ტანსაცმლის კარადა (შავი ფერის, დ.ს.პ), პიანინო „1.SCHILLER BERLIN“ (ანტიკვარული) და პრინტერი „hp“ შეძენილია მოსარჩელე ს. ა-სა და მისი მეუღლის მიერ და წარმოადგენს მათ საკუთრებას.
რაც შეეხება მოძრავ ნივთებს (ტელევიზორი „SONY”, ტელევიზორი „LG“, დივიდი „SONY“, მუსიკალური ცენტრი „PANASONIC“ (ნაცრისფერი), ისინი ასევე წარმოადგენს მოსარჩელე ს. ა-ის საკუთრებას, რაც დასტურდება ინდივიდუალური მეწარმე „მ. ვ-ის“ მიერ გაცემული ცნობით, რომლის თანახმად დგინდება, რომ მოსარჩელემ აღნიშნული ნივთები შეიძინა 2009 წლის 20 ნოემბერს ლომბარდიდან, ხოლო სხვა მოძრავ ნივთებზე ს. ა-ის საკუთრების უფლება დასტურდება მაღაზია „ბეკოს“ მენეჯერ ფ. გ-ის მიერ გაცემული ცნობით, სადაც აღნიშნულია, რომ ს. ა-ემ 2010 წლის 22 დეკემბერს და 2011 წლის 18 სექტემბერს ისნის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე „ბეკოს“ მაღაზიაში ნამდვილად შეიძინა ზემოთ აღნიშნული ნივთები.
აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ შესძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლებითაც უტყუარად დასტურდება სადავო ნივთებზე მისი საკუთრების უფლება.
სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია გამოიყენება მხოლოდ მოძრავი ნივთების მიმართ, ვინაიდან კანონი მათზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის არ ადგენს სპეციალურ რეჟიმს, როგორიცაა წერილობითი გარიგება და მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის მეორე ნაწილი). მოძრავი ნივთების ცნებას სამოქალაქო კანონმდებლობა არ შეიცავს, რის გამოც მოქმედებს პრეზუმფცია, რომ ყველა ნივთი მოძრავია, რომელიც არაა უძრავი.
პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება დაყადაღებული მოძრავი ნივთების მოსარჩელისადმი კუთვნილების შესახებ და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლზე მითითებით, ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელი მართებულად დააკმაყოფილა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ სასამართლომ არასწორად გადაწყვიტა სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება შემოსავლების სამსახურმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელემ სადავო მოძრავი ნივთების მისთვის კუთვნილება დაადასტურა მხოლოდ ინდივიდუალური მეწარმე „მ. ვ-სა“ და „ბეკოს“ მენეჯერ ფ. გ-ის მიერ გაცემული ცნობების საფუძველზე, რაც მითითებული გარემოების დასადასტურებლად საკმარის მტკიცებულებას არ წარმოადგენს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ივნისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე