№ას-651-619-2013 19 ივლისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ თ. გ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ქ-ე (მოსარჩელე)
მოპასუხე – დ. გ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2013 წლის 24 აპრილის განჩინება
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ა) დ. გ-ეს გ. ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მკურნალობის ხარჯი 353 ლარის ოდენობით; ბ) დ. გ-ეს გ. ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით; გ) დ. გ-სა და თ. გ-ეს გ. ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ მატერიალური ზიანის ანაზღაურება 250 ლარის ოდენობით; დ) გ. ქ-ეს უარი ეთვა 3131 ლარის ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ქ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
2013 წლის 25 თებერვალს დ. და გ-სა და თ. გ-ის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. გ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში (2012 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუქტის „დ“ ქვეპუქტი) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. გ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად: დ. გ-ეს გ. ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მკურნალობისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 681 ლარის ოდენობით; დ. გ-ეს გ. ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 400 ლარის ოდენობით; დ. გ-ეს გ. ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის (მიუღებელი შემოსავლის სახით) ანაზღაურება 1500 ლარის ოდენობით; დ. გ-სა და თ. გ-ეს გ. ქ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მატერიალური ზიანის ანაზღაურება 550 ლარის ოდენობით;
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით თ. გ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ივნისის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინება თ. გ-ეს ჩაბარდა 2013 წლის 9 ივლისს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. გ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 28 ივნისის განჩინება თ. გ-ეს ჩაბარდა 2013 წლის 9 ივლისს (ტ.2,ს.ფ.134). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 10 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 15 ივლისს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე თეიმურაზ თოდრია