№ ას-65-60-2013 1 ივლისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს სადაზღვევო კომპანია „ა. ჯ-ი“
მოწინააღმდეგე მხარე – დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ნოემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საბანკო გარანტიით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და საგარანტიო თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „სადაზღვევო კომპანია ა. ჯ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა, მოპასუხე შპს ,,სადაზღვევო კომპანია ა. ჯ-ს” დაეკისროს მოსარჩელე დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სასარგებლოდ, 2011 წლის 1 ივნისის ფინანსური რისკის სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული თანხის 25 437 (ოცდა ხუთი ათას ოთხას ოცდაჩვიდმეტი) ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელის განმარტებით, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და შპს ,,ა-ის” შორის, 2011 წლის 3 ივნისს დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №106, რომლის ძალითაც, შპს ა-იმ” იკისრა ვალდებულება ქ. დმანისში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ქუჩებზე განეხორციელებინა სანიაღვრე არხებისა და გზის რეაბილიტაცია-მოასფალტების სამუშაოები, რომლებიც ხელშეკრულების თანახმად უნდა დასრულებულიყო 2011 წლის 1 ოქტომბრამდე.
აღნიშნული ხელშეკრულებით, შპს ,,ა-ის” მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე მოპასუხე სადაზღვევო კომპანია ა. ჯ-მა განახორციელა ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა (საბანკო გარანტია) და 2011 წლის 1 ივნისს დმანისის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ გასცა ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი №ფრი/11-0023-37, რომლის ძალითაც მოპასუხემ, შპს ,,ა-ის” სახელით დმანისის მუნიციპალიტეტის წინაშე იკისრა ვალდებულება შპს ,,ა-ის” მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში გადეხადა 25 437 (ოცდახუთი ათას ოთხას ოცდაჩვიდმეტი) ლარი პირველივე მოთხოვნისთანავე. პოლისის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2011 წლის 2 ნოემბერი. შპს ,ა-იმ” დაარღვია ხელშეკრულება და სამუშაოები ვერ შეასრულა არათუ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, ანუ 2011 წლის 1 ოქტომბრამდე, არამედ სამუშაოები დასრულებული არ იყო 2011 წლის ბოლოსაც. აღნიშნულის გამო, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სადაზღვევო პოლისის მოქმედების ვადაში, 2011 წლის 26 ოქტომბერს, წერილობით მიმართა მოპასუხეს და მოსთხოვა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის გადახდა, რაზეც მოპასუხემ მხოლოდ 2012 წლის 30 მარტს, 5 თვის დაგვიანებით გასცა პასუხი და უარი განაცხადა თანხის გადახდაზე, რითიც მოპასუხემ დაარღვია საბანკო გარანტიით გათვალისწინებული ვალდებულებები. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, შპს ,,ა-ის” მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევით, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიადგა ზიანი, რაც გამოიხატა მასში, რომ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მისი ამომრჩევლისთვის პირობა ჰქონდა მიცემული, რომ სანიაღვრე არხებისა და გზის რეაბილიტაცია-მოასფალტების სამუშაოები დასრულებული იქნებოდა 2011 წლის 01 ოქტომბრამდე. ვინაიდან აღნიშნული სამუშაოები წლის ბოლომდეც არ იქნა დასრულებული, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამომრჩევლის თვალში შეელახა იმიჯი და სახელი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს ,,სადაზღვევო კომპანია ა. ჯ-ს” დაეკისრა მოსარჩელე დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სასარგებლოდ, 2011 წლის 1 ივნისის ფინანსური რისკის სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული თანხის 25 437 (ოცდა ხუთი ათას ოთხას ოცდაჩვიდმეტი) ლარის გადახდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „სადაზღვევო კომპანია ა. ჯ-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ნოემბრის განჩინებით შპს სადაზღვევო კომპანია „ა. ჯ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2011 წლის 3 ივნისს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და შპს ,,ა-ის” შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №106 ხელშეკრულება, რომლის ძალითაც შპს ,,ა-იმ” იკისრა ვალდებულება ქ. დმანისში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ქუჩებზე განეხორციელებინა სანიაღვრე არხებისა და გზის რეაბილიტაცია-მოასფალტების სამუშაოები (ტ. I, ს.ფ. 13-34).
ხელშეკრულების 7.1. მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №106 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2011 წლის 1 ოქტომბრამდე. სამუშაოს შესრულების გეგმა-გრაფიკი ერთვის ხელშეკრულებას (ტ. I, ს.ფ. 13-34).
ხელშეკრულების მე-9 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, რომელიც თან ერთვის ხელშეკრულებას, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და მოქმედებს 2011 წლის 2 ნოემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილია ხელშეკრულების ღირებულების 3%-ის ოდენობის შესაბამისაი საბანკო გარანტია გამოიყენება ნებისმიერი ზარალის ანაზღაურების მიზნით, რომელიც მიადგება შემსყიდველს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულების გამო (ტ. I, ს.ფ. 13-34).
ხელშეკრულებას ერთვის შპს ,,სადაზღვევო კომპანია ა. ჯ-ის” მიერ 2011 წლის 1 ივნისს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სასარგებლოდ გაცემული ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი №ფრი/11-0023-37, 25 437 (ოცდახუთი ათას ოთხას ოცდაჩვიდმეტი) ლარზე (ტ. I, ს.ფ. 35).
შპს ,,სადაზღვევო კომპანია ა. ჯ-მა“, შპს ,,ა-ის” მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე მოახდინა ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა (საბანკო გარანტია) და 2011 წლის 1 ივნისს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სასარგებლოდ გასცა ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი №ფრი/11-0023-37, 25 437 (ოცდახუთი ათას ოთხას ოცდაჩვიდმეტი) ლარზე (ტ. I, ს.ფ. 35).
საბანკო გარანტიის შესაბამისად, შპს ,,სადაზღვევო კომპანია ა. ჯ-ი“ წარმოდგენს გარანტს და პასუხისმგებელია დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე შპს ,,ა-ის” სახელით 25 437 ლარზე და კისრულობს ზემოაღნიშნული თანხის გადახდას მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი მოთხოვნისთანავე. გარანტია ძალაშია მიმწოდებლის მიერ ხელშკრულების პირობების შესრულების საბოლოო დამთავრებამდე - 2011 წლის 2 ნოემბრამდე (ტ. I, ს.ფ. 35).
მხარეთა შორის უდავოა და საქმის მასალებითაც დგინდება, რომ შპს ,,ა-იმ”, ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, ანუ 2011 წლის 1 ოქტომბრამდე ვერ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები (ტ. I. 46, 49).
საბანკო გარანტიის მოქმედების პერიოდში, 26.10.2011წ. დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ შპს ,,სადაზღვევო კომპანია ა. ჯ-ს“ წერილობითი ფორმით წარუდგინა მოთხოვნა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის 25 437 ლარის გადახდის თაობაზე (ტ. I. 59).
წერილობით მოთხოვნაში დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განმარტა, რომ შპს ,,ა-იმ” დაარღვია ხელშეკრულების 7.1 მუხლით გათვალისწინებული სამუშაოთა შესრულების გეგმა-გრაფიკი და სამუშაოები არ დაასრულა 2011 წლის 1 ოქტომბრამდე.
შპს ,,ა-ის” მიერ ხელშკეკრულებით ნაკისრი ვალდებულების 2011 წლის 01 ოქტომბრამდე შეუსრულებლობის გამო შპს ,,ა-იმ” გადაიხადა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო (იხ.: დამინის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 14.11.2011წ. და 27.12.2011წ. წერილები, ტ.I, ს.ფ. 55, პირგასამტეხლოს გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, ტ. I, ს.ფ. 57,58).
30.12.2011წ. დმანისის საკრებულოს მუნიციპალიტეტს და შპს ,,ა-ის” შორის გაფორმებული შეთანხმებით შევიდა ცვლილება 03 ივნისის №106 ხელშეკრულებაში, და მისი 15.1 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად „ხელშეკრულება ძალაში შედის 2011 წლის 03 ივნისიდან და მოქმედებს 2012 წლის 10 ივნისისი ჩათვლით (ტ. I. 81).
22.02.2012წ. დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განმეორებით წარუდგინა მოპასუხეს წერილობითი მოთხოვნა საგარანტიო თანხის ანაზღაურების შესახებ, რაზეც მოპასუხისაგან 2012 წლის 30 მარტის №1/12-159 მომართვით მიიღო წერილობითი უარი მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე (ტ. I. 60).
პალატამ აღნიშნა, რომ მოდავე მხარეთა შორის წარმოშობილია საბანკო გარანტიის ხელშეკრულებიდან მომდინარე ვალდებულება.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 879-ე, 881-ე, 885-ე, 887-ე მუხლებით და განმარტა, რომ შპს ,,სადაზღვევო კომპანია ა. ჯ-ის“ მიერ გაცემული საბანკო გარანტიით დადასტურებულია ის გარემოება, რომ გარანტმა (შპს ,,სადაზღვევო კომპანია ა. ჯ-მა“) იკისრა ვალდებულება, ბენეფიციარისათვის (დმანისის მინიციპალიტეტის საკრებულო) საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის გაცემისა პრინციპალის (შპს ,,ა-ის”) მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. ბენეფიციარისათვის წარდგენილ საბანკო გარანტიაში დაფიქსირებულია, რომ წინამდებარე გარანტია ძალაშია 2011 წლის 2 ნოემბრამდე. ბენეფიციარისათვის წარდგენილ საბანკო გარანტიაში განსაზღვრულია გარანტიის მოქმედების ზუსტი ვადა _ 2011 წლის 2 ნოემბერი. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,ა-იმ”, ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, ანუ 2011 წლის 1 ოქტომბრამდე ვერ შეასრულა ხელშეკრულებითა და მასზე თანდართული გეგმა–გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოები და 26.10.2011წ., საბანკო გარანტიის მოქმედების პერიოდში, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ შპს ,,სადაზღვევო კომპანია ა. ჯ-ს“ წერილობითი ფორმით წარუდგინა მოთხოვნა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის 25 437 ლარის გადახდის თაობაზე და მიუთითა პრინციპალის მიერ სამუშაოების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ფაქტზე. ამდენად, სახეზეა ყველა პირობა, რათა მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის გადახდა.
პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის მსჯელობა მასზე, რომ დმანისის საკრებულოს მუნიციპალიტეტს აღარ გააჩნია მოითხოვნის უფლება საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხაზე, ვინაიდან მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2012 წლის 10 ივნისის ჩათვლით, რა ვადაშიც პრინციპალის მიერ შესრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო. სააპელაციო პალატის განმარტებით, ის ფაქტი, რომ 30.12.2011წ. დმანისის საკრებულოს მუნიციპალიტეტს და შპს ,,ა-ის” შორის გაფრომებული შეთანხმებით ცვლილება შევიდა 03.06.2011წ. №106 ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2012 წლის 10 ივნისის ჩათვლით, არ მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ 03.06.2011წ. დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და შპს ,,ა-ის” შორის დაიდებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულდა ჯეროვნად, დადგენილ ვადაში. როგორც საქმის მასალებით დგინდება ხელშეკრულების 7.1 პუნქტში მოცემულ ვადაში - 2011 წლის 01 ოქტომბრამდე სამუშაოები ვერ შესრულდა, რის გამოც შპს ,,ა-იმ” გადაიხადა კიდეც ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო. ბენეფიციარმა გარანტს თანხის გადახდის მოთხოვნით მიმართა 26.10.2012წ., ანუ იმ დროს, როდესაც ამოწურული იყო სამუშაოების შესრულების ვადები, ხოლო აპელანტის მიერ მითითებული შეთანხმება ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ გაფორმდა მხოლოდ 30.12.2011წ. ამასთან პალატამ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ საბანკო გარანტიით გათვალისწინებულია გარანტიის თანხის გადახდა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე და ეს პირობა არ უკავშირდება ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „სადაზღვევო კომპანია ა. ჯ-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ პალატამ გადაწყვეტილების მიღებისას არ შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, უგულებელყო ის გარემოება, რომ აღნიშნულ საქმეში არ არსებობდა ის მატერიალური საფუძვლები, რომლებიც ზიანის არსებობისა და მიყენების დასადასტურებლად შეიძლება გამოყენებულიყო. ზიანის მიყენების მტკიცება მოსარჩელის მოვალეობას წარმოადგენს, თუმცა საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტი, რომელიც მიყენებული ზიანის ოდენობას დაადასტურებდა. კასატორის მოსაზრებით, არასწორია სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება, კერძოდ, მან გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. სამოქალაქო კოდექსის 886-ე მუხლზე მითითება კასატორის აზრით, არასწორია, რადგან გარანტის მიერ არ არსებობდა შესასრულებელი ვალდებულება. ასევე სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლი. ამასთან, გადაწყვეტილებაში სასამართლოს არ უმსჯელია და არ დაუსაბუთებია ის არგუმენტები, რომელიც მოპასუხის მითითებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იქნებოდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 იანვრის განჩინებით შპს სადაზღვევო კომპანია „ა. ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს სადაზღვევო კომპანია „ა. ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს სადაზღვევო კომპანია „ა. ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1271) ლარის 70% – 889,7 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს სადაზღვევო კომპანია „ა. ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 10 იანვარს საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო (1271) ლარის 70% – 889,7 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე