Facebook Twitter

№ას-688-654-2013 29 ივლისი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – სს „ე-პ-ო ჯ-ა“

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. გ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 მაისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2012 წლის 4 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ. გ-ემ მოპასუხეების: ც. გ-ის, ე.გ-ე-ლ-სა და სს „ე-ო ჯ-ას“ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხეებისაგან სოლიდარულად 100000 აშშ დოლარის ანაზღაურება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. გ-ის სარჩელი სს „ე-ო ჯ-ას“ მიმართ, ხანძრით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე:

სს „ე-ო ჯ-ას“ ნ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 12200 ლარის ანაზღაურება;

სს „ე-ო ჯ-ას“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 366 ლარის ოდენობით.

ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნ. გ-ის სარჩელი მოპასუხეების – ც. გ-სა და ე. გ-ე-ლ-ის მიმართ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა: სს „ე-ო ჯ-ამ“ და ნ. გ-ემ.

სს „ე-ო ჯ-ამ“ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ნ. გ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენდა სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში დასახელებული გადაწყვეტილების გაუქმება და დაზუსტებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, კერძოდ, სს „ე-ო ჯ-ას“, ც. გ-სა და ე. გ-ე-ლ-ის ნ. გ-ის სასარგებლოდ ხანძრის შედეგად საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზიანის – 43095.27 ლარის, აგრეთვე, საყოფაცხოვრებო ნივთების დაზიანებით მიყენებული ზიანის – 15000 ლარის სოლიდარულად დაკისრება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით სს „ე-ო ჯ-ას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება სს „ე-ო ჯ-ის“ ნ. გ-ის სასარგებლოდ 12200 ლარის და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 366 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება:

ნ. გ-ის დაზუსტებული სარჩელის მოთხოვნა სს „ე-ო -ას“ მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდა;

სს „ე-ო ჯ-ას“ ნ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზიანის – 43095.27 ლარის, ასევე, საყოფაცხოვრებო ნივთების დაზიანებით მიყენებული ზიანის – 15000 ლარის ანაზღაურება;

დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2012 წლის 3 აგვისტოს დადგენილებით ირკვევა, რომ 2011 წლის 2 დეკემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ქ.ბაღდათში, დ.ა-ის მე-2 შესახვევი №5-ში მდებარე სახლის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელიც ეკუთვნით ე. გ-სა და ც. გ-ეს, გაჩნდა ხანძარი, რომელიც გავრცელდა ნ. გ-ის კუთვნილ ნაწილშიც და მთლიანად დაიწვა მისი საცხოვრებელი სახლი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის №ს/ტ438 დასკვნის მიხედვით, 2011 წლის 2 დეკემბერს, ქ.ბაღდათში, ნ. გ-ის საცხოვრებელი სახლში გაჩენილი ხანძრის შემდგომ ამოღებული ელქტროსადენის ერთ ნაწილს (№7 პოლიეთილენის პარკიდან ამოღებულს), აღენიშნება გარდამავალი წინაღობისა და მეორადი (ხანძრის შემდგომი) მოკლე ჩართვის დამახასითებელი ნიშნები, ხოლო მეორე ნაწილ (№5 პოლიეთილენის პარკიდან ამოღებულს) ელექტროსადენს აღენიშნება პირველადი (ხანძრამდელი) მოკლე ჩართვის დამახასიათებელი ნიშნები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის 2012 წლის 2 მარტის №26/ს.ტ-107/ს.ქ. დასკვნის მიხედვით, 2011 წლის 2 დეკემბერს, ქ.ბაღდათში, ნ. გ-ის საცხოვრებელი სახლის ხანძრის გაჩენის შესაძლო მიზეზია მოკლე ჩართვა. ხანძრის კერა დაფიქსირდა, შენობის ჩრდილოეთ მხარეს, სხვენის შუა ნაწილში.

სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №009845-2012/02/3 დასკვნის თანახმად, გამოკვლევაზე წარდგენილი TSK 221/06-074 მარკის ელექტრომრიცხველის დაზიანების მიზეზია შემავალი ძაბვის პარალელურად ჩართული კონდესატორის დაზიანება (გაგლეჯვა); აღნიშნული კონდესატორის დაზიანება შეიძლება გამოეწვია ნომინალურზე მაღალი ძაბვის მიწოდებას ბინაში შემავალ ქსელში; მოკლე ჩართვისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ აღინიშნება, როგორც ელექტრომრიცხველში, ასევე 50 ამპერიან ავტომატურ გამომრთველში, რომელიც მოკლე ჩართვაზე რეაგირებს გამართულად.

სს ,,ე. პ. ჯ-ას” დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის ბაღდათის მომსახურეობის ცენტრის თანამშრომლების მიერ შედგენილ ე.წ. „გამოკვლევის აქტში” დაფიქსირებულია, რომ „ც. გ-სა და ნ. გ-ეს სპ№306-110 ფიდერის ელ გადამცემი ხაზის 63-ე საყრდენზე B ფაზის შლეიფის დაზიანების გამო, ხანძრის გაჩენამდე და ხანძრის შემდეგ ძაბვა არ მიეწოდებოდა. სპ№306-110-ზე დაფიქსირებულია 9 აბონენტი, აქედან 7 სეზონურია და 2 მუდმივი.

საქმეზე წარდგენილი აბონენტის ბარათებით ირკვეოდა, რომ 2010 წლის ნოემბრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე, ნ. გ-სა და ც. გ-ეს ელექტროენერგია არ მოუხმარიათ.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით დადგინდა, რომ იმ დასახლებულ უბანში, სადაც ხანძარი გაჩნდა, 2010 წლის 2 დეკემბერს და ამ დრომდე რამდენიმე დღით ადრე, მიეწოდებოდათ უხარისხო ელექტროენერგია, რის გამოც ელექტროტექნიკის (მაცივარი, ტელევიზორი) მუშაობა შეზღუდული ან საერთოდ შეუძლებელი იყო.

მოსარჩელის მიერ წარდგენილი შპს ,,ა -ფ-ის’’ 2012 წლის 16 ნოემბრის №69 აუდიტორული დასკვნის მიხედვით, ქ.ბაღდათში, დ.ა-ის მე-2 შესახვევის №5-ში მდებარე ორსართულიანი სახლი ხანძრისგან განადგურებულია. აღნიშნულ ფართში განთავსებული იყო: „სერვანდი“ – 2 ცალი; ძველებული ჭურჭელი; კედლის კარადა; საკერავი მანქანა (ხელის); საკერავი მანქანა (ფეხის); სარეცხი მანქანა OK; მრგვალი მაგიდა სკამებით; სამეული ორი წყვილი; რიგის წარმოების 2 ცალი საძინებელი; მოსკოვის წარმოების 1 ცალი საძინებელი; მისაღები ოთახის (ე.წ. „ზალის”) ავეჯი; საწერი მაგიდის კომპლექტი; 2 ცალი თეთრეულის კომპლექტი; მეორადი მოხმარების საოჯახო თეთრეულის კომპლექტი; წიგნების კარადა; სამედიცინო ენციკლოპედია; მსოფლიო ლიტერატურის 120 ტომეული (რუსულად); მტვერსასრუტი; ხალიჩა; ფანჯრის 10 წყვილი ფარდა თავისი ხის სამაგრებით; მრავალსანთლიანი ჭაღი; ორი ცალი ნატურალური ირმის რქა; ასევე, 800 ლიტრი ნატურალური ღვინო და ხილის კონსერვები („კომპოტები”). აღნიშნული ავეჯისა და სხვადასხვა დასახელების ქონების მინიმალური მიახლოებითი ღირებულება შეადგენდა 60000 ლარს.

სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ, ე. გ-ემ, დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს ,,ა -ფ-ის’’ 2012 წლის 16 ნოემბრის №69 აუდიტორულ დასკვნაში მითითებული ავეჯი ნ. გ-ეს გააჩნდა, თუმცა მათი ხარისხი და ღირებულება მისთვის უცნობი იყო.

მოპასუხის – სს „ე. პ. ჯ-ას” მიერ წარდგენილ მტკიცებულებაში, შპს ,,ა. ც. ი-ას’’ 2012 წლის 11 ოქტომბრის დასკვნაში დაფიქსირებულია, რომ ნ. გ-ის სახლის საბაზრო ფასი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით შეადგენდა 12200 ლარს.

მოსარჩელე ნ. გ-ის მიერ წარდგენილი მტკიცებულებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის №000365013 დასკვნის მიხედვით, ქ.ბაღდათში, დ.ა-ის მე-2 შესახვევის №5-ში მდებარე ნ. გ-ის დაზიანებული სახლის აღდგენისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 43095.27 ლარს. დასკვნის კვლევით ნაწილში დაფიქსირებულია, რომ ქ.ბაღდათში დ.ა-ის მე-2 შესახვევის №5-ში მდებარე ორსართულიანი სახლი ხანძრის ზემოქმედებით განადგურებულია. ადგილზე დათვალიერებისა და წარდგენილი დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა დაზიანებისათვის საჭირო სამუშაოების ჩამონათვალი და მოცულობები, რაც დაფიქსირდა დასკვნის №1 დანართში. გაანგარიშებისას შრომითი და მატერიალური რესურსების ხარჯვის ნორმები აღებულ იქნა მოქმედი სამშენებლო ნორმების მიხედვით, ხოლო განფასებები აღებულ იქნა მშენებლობის შემფასებელთა კავშირის მიერ გამოცემული სამშენებლო რესურსების ფასების კრებულიდან 2012 წლის მე-3 კვარტლის დონეზე.

სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტმა ნ. გ-ემ შეამცირა სარჩელის მოთხოვნა და მოითხოვა სს „ე.-პ. ჯ-ას”, ც. გ-სა და ე. გ-ე-ლ-ის მის სასარგებლოდ, ხანძრის შედეგად, საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზიანის – 43095.27 ლარის, ხოლო საყოფაცხოვრებო ნივთების დაზიანებით მიყენებული ზიანის – 15000 ლარის სოლიდარულად დაკისრება. მან ასევე მოითხოვა მოპასუხეებისათვის მის სასარგებლოდ, საპროცესო ხარჯების სოლიდარულად დაკისრება.

სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 992-ე, მე-1000 მუხლებით. დასახელებული მე-1000 მუხლის თანახმად, თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება ანდა ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. იგივე პასუხისმგებლობა გამოიყენება ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ან მომწამვლელი ნივთიერების მფლობელების მიმართ, როცა ამ ნივთიერებებიდან მომეტებული საფრთხე გამომდინარეობს. თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან ან ნივთიდან გამომდინარეობს მომეტებულ საფრთხე სხვაგვარი საფუძვლით, ვიდრე ამ მუხლის პირველ ნაწილშია აღნიშნული, ნაგებობის ან ნივთის მფლობელი ვალდებულია ანალოგიურად აანაზღაუროს საფრთხის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანი. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება გამორიცხულია,თუ ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანი გამოწვეულია ელექტროგადამცემი ხაზების ავარიით, ანდა ნავთობის, გაზის, წყლის ან ნავთობპროდუქტების მიმწოდებელი მოწყობილობების დაზიანებებით.

სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №009845-2012/02/3 დასკვნის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის 2012 წლის 2 მარტის №26/ს.ტ-107/ს.ქ. დასკვნის შეფასების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ.ბაღდათში, დ.ა-ის მე-2 შესახვევის №5-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ხანძრის გამოწვევის მიზეზი იყო ნომინალურზე მაღალი ძაბვის მიწოდება ბინაში შემავალ ქსელში. ვინაიდან, მომეტებული საფრთხის წყარო – დენის ტრანფორმატორი, საიდანაც ქ.ბაღდათში, დ.ა-ის მე-2 შესახვევის №5-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს მიეწოდებოდა ელექტროენერგია, მოპასუხე სს „ე-პ-ო ჯ-ას” კუთნილებას წარმოადგენდა, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლის საფუძველზე მოსარჩელის ბინაში ელექტროენერგიით გაჩენილი ხანძრის გამო, მოპასუხე სს „ე-პ-ო ჯ-ას” გააჩნდა ვალდებულება ზიანის ანაზღაურებაზე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1009-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 1010-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 1011-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომელთა მიხედვით, წუნდებული პროდუქტის მწარმოებელი პასუხს აგებს ამ პროდუქტით გამოწვეული ზიანისათვის, მიუხედავად იმისა, იმყოფებოდა თუ არა იგი სახელშეკრულებო ურთიერთობაში დაზარალებულთან. პროდუქტი წუნდებულად მიიჩნევა, თუ იგი არ უზრუნველყოფს იმ საიმედოობას, რომელიც, ყველა გარემოების გათვალისწინებით, მოსალოდნელი იყო ამ პროდუქტისაგან. მწარმოებლად მიიჩნევა პირი, რომელსაც პროდუქტი გააქვს გაყიდვის, გაქირავების ან სხვა ფორმით, სამეურნეო მიზნით, თავისი საქმიანობის სფეროში, ამ კოდექსით გათვალისწინებული პირობების დაცვით.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2010 წლის 2 დეკემბერს, ქ.ბაღდათში დ.ა-ის მე-2 შესახვევის №5-ში მდებარე ნ. გ-ის, ც. და ე. გ-ის საცხოვრებელ სახლს ხანძრის გაჩენის დროს მიეწოდებოდა უხარისხო ელექტროენერგია. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე (აპელანტი) სს „ე-პ-ო ჯ-ას” წარმომადგენლების მსჯელობა იმის თაობაზე, რომ 2010 წლის 2 დეკემბერს, ქ.ბაღდათში დ.ა-ის მე-2 შესახვევის №5-ში მდებარე ნ. გ-ის, ც. და ე. გ-ის საცხოვრებელ სახლს ხანძრის გაჩენის დროს ელექტროენერგია საერთოდ არ მიეწოდებოდა და რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეები, რომლებმაც აჩვენეს, რომ 2010 წლის 2 დეკემბერს უხარისხო ელექტროენერგია მიეწოდებოდათ, არც ერთი არ წარმოადგენდა იმ მიმართულების აბონენტს, რომელსაც ნ. გ-ე მიეკუთვნებოდა. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ამ გარემოების დასადასტურებლად სს „ე-პ-ო ჯ-ას” სათანადო მტკიცებულებები არ წარუდგენია.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში განთავსებული ე.წ. „გამოკვლევის აქტი”, რომელიც შედგენილი იყო სს ,,ე.პ. ჯ-ას” დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის ბაღდათის მომსახურეობის ცენტრის თანამშრომლების მიერ, მართალია შეიცავდა ჩანაწერს, რომ ც. გ-სა და ნ.გ-ეს ხანძრის გაჩენამდე და ხანძრის შემდეგ ძაბვა არ მიეწოდებოდა, მაგრამ ამ ფაქტის დასადასტურებლად, გარდა შიდა საუწყებო ჩანაწერისა, სხვა უტყუარი მტკიცებულება წარდგენილი არ ყოფილა, მათ შორის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული არ ყოფილა აქტში მითითებული ის 2 აბონენტი, რომლებიც სს „ე-პ-ო ჯ-ას” მითითებით მუდმივი მაცხოვრებლები იყვნენ და იმავე მიმართულების აბონენტებს წარმოადგენდნენ, რომელსაც განეკუთვნებოდა ნ. გ-ე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სს „ე-პ-ო ჯ-ა”, როგორც მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელი და უხარისხო პროდუქტის მიმწოდებელი, ვალდებული იყო აენაზღაურებინა ნ. გ-ის ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანი.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტ ნ. გ-ის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ხანძრის შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირები სს „ე-პ-ო ჯ-ან” ერთად იყვნენ ე.ტერინე და ც. გ-ი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, ხანძრის კერა, რამაც გამოიწვია ნ. გ-ის ქონების დაზიანება მდებარეობდა ქ.ბაღდათში დ.ა-ის მე-2 შესახვევის №5-ში მდებარე სახლის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელიც ეკუთვნოდათ ე. გ-სა და ც.გ-ეს, მაგრამ მოსარჩელეს არ წარუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა ე. და ც. გ-ის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებაზე და ზიანის დადგომაში მონაწილეობაზე. ასეთ ვითარებაში, გამორიცხული იყო მსჯელობა ე. და ც. გ-ის ბრალეულობაზე და ზიანის ანაზღაურებაში მათ სოლიდარულ პასუხისმგებლობაზე. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ნ. გ-ის სარჩელის მოთხოვნა ე. და ც. გ-ის მიმართ დასაბუთებული იყო და არ არსებობდა ამ ნაწილში სააპელაციო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ, საქმის განხილვისას ასევე იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 409-ე მუხლით, რომელთა თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

იმის გათვალისწინებით, რომ ნ. გ-ის საცხოვრებელი სახლი და მასში განთავსებული მოძრავი ნივთები მთლიანად დაზიანებული (დამწვარი) იყო და მისი პირვანდელი მდგომარეობით აღდგენა შეუძლებელი იქნებოდა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მატერიალური ზიანის ოდენობა შემდეგნაირად უნდა განსაზღვრულიყო: 1. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის №000365013 დასკვნის მიხედვით, ქ.ბაღდათში დ.ა-ის მე-2 შესახვევი №5-ში მდებარე ნ. გ-ის დაზიანებული სახლის აღდგენისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 43095.27 ლარი; 2. შპს ,,ა -ფ-ის’’ 2012 წლის 16 ნოემბრის №69 აუდიტორული დასკვნაში დაფიქსირებული მოძრავი ნივთების შემცირებული ოდენობის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 15000 ლარს. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ამ თანხების ნ. გ-ის სასარგებლოდ გადახდა უნდა დაკისრებოდა სს „ე-პ-ო ჯ-ას”.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის (მოპასუხე) სს „ე-პ-ო ჯ-ას” წარმომადგენლების მსჯელობა იმის თაობაზე, რომ შპს ,,ა -ფ-ის’’ 2012 წლის 16 ნოემბრის №69 აუდიტორულ დასკვნაში მითითებული მოძრავი ნივთები მოსარჩელეს არ გააჩნდა და რომ ამ ნივთების ღირებულების 15000 ლარით განსაზღვრა არარეალური იყო. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ის გარემოება, რომ მოსარჩელეს გააჩნდა შპს ,,ა -ფ-ის’’ 2012 წლის 16 ნოემბრის №69 აუდიტორულ დასკვნაში მითითებული მოძრავი ნივთები, დასტურდებოდა სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე ე. გ-ის ჩვენებით. სადავოს არ წარმოადგენდა, რომ ნ. გ-ის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი და მასში განთავსებული მოძრავი ნივთები მთლიანად დაიწვა. ნ. გ-ემ სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე შეამცირა შპს ,,ა-ფ-ის’’ 2012 წლის 16 ნოემბრის №69 აუდიტორულ დასკვნაში მითითებული მოძრავი ნივთების ღირებულება და იგი 15000 ლარით განსაზღვრა. ვინაიდან, აპელანტმა (მოპასუხემ), სს „ე.-პ-ო ჯ-ამ” სასამართლოს ვერ წარუდგინა მოსარჩელის მიერ მითითებული, განადგურებული მოძრავი ნივთების ღირებულების (15000 ლარი) საწინააღმდეგო მტკიცებულება, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სს „ე-პ-ო ჯ-ამ” ვერ შეძლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, იმ გარემოების დადასტურება, რომ მოსარჩელეს 15000 ლარის ღირებულების მოძრავი ნივთები არ გააჩნდა. ამ მსჯელობის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოძრავი ნივთების დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული, რაც ხსენებულ ნაწილში მისი გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის – სს „ე-პ-ო ჯ-ას” წარმომადგენლების მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ნ. გ-ის საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზიანის ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო შპს ,,ა. ც. ი-ას’’ 2012 წლის 11 ოქტომბრის დასკვნაში დაფიქსირებული ოდენობით – 12200 ლარით. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული დასკვნით დადგინდა ნ. გ-ის სახლის საბაზრო ფასი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით და არა დაზიანებული საცხოვრებელი სახლის პირვანდელი მდგომარეობით აღდგენისათვის საჭირო ღირებულება. ვინაიდან, საცხოვრებელი სახლი მთლიანად განადგურდა, სამოქალაქო კოდექსის 408-409-ე მუხლების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უნდა მისცემოდა დაზიანებული საცხოვრებელი სახლის პირვანდელი მდგომარეობით აღდგენისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების ღირებულება და აღნიშნულის მიზნით, მისი ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის №000365013 დასკვნის მიხედვით – 43095.27 ლარით.

სააპელაციო სასამართლოს ზემომითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ე-პ-ო ჯ-ამ“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები შემდეგში მდგომარეობს:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არასწორ სასამართლო პრაქტიკას დაამკვიდრებს, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერ ხანძარზე (მიუხედავად მის დადგომაში კომპანიის ბრალეული ქმედებისა, შესაბამისი მტკიცებულების არსებობა-არარსებობისა) პასუხისმგებლობა დაეკისრება ენერგოკომპანიას, ხოლო ზიანის ოდენობის განსასაზღვრად საკმარისი იქნება მხოლოდ მხარის სურვილი და არა მტკიცებულების არსებობა, რომელიც დაადასტურებს ზიანის ოდენობას;

სააპელაციო სასამართლომ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ისე დააკისრა კასატორს ზიანის ანაზღაურება, რომ არ დაუდგენია მიზეზობრივი კავშირის არსებობა მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის ხანძრის შედეგად განადგურებასა და სს „ე-პ-ო ჯ-ას“ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის, რაც სამოქალაქო კანონმდებლობით ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. ფაქტია, რომ საცხოვრებელი სახლის განადგურება მოხდა ხანძრის შედეგად და მოსარჩელეს მიადგა გარკვეული ოდენობის ზიანი, თუმცა კასატორი კატეგორიულად გამორიცხავს ხანძრის მიზეზად უხარისხო ელექტროენერგიის მიწოდებას და მოკლე ჩართვის არსებობას. იგი განმარტავს, რომ 2011 წლის 29 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე ზემოთ დასახელებულ უბანს ელექტროენერგია საერთოდ არ მიეწოდებოდა. აღნიშნილს ადასტურებს როგორც ამონაწერები სადისპეჩერო და ქვესადგურის ოპერატიული და განწესების რეგისტრაციის ჟურნალებიდან, აგრეთვე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის 2011 წლის 19 დეკემბრის წერილი, ამავე სამსახურის პასუხისმგებელი მორიგის ახსნა-განმარტება, საქმეზე დაკითხული მოწმეების ჩვენებები. ამდენად, არასწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმ გარემოებაზე, რომ თითქოს სს „ე-პ-ო ჯ-ამ“ ხსენებული ფაქტის დასადასტურებლად სასამართლოში წარადგინა მხოლოდ ბაღდათის მომსახურების ცენტრის თანამშრომლების მიერ შედგენილი ე.წ. „გამოკვლევის აქტი“;

უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე აპელირება, ვინაიდან აღნიშნული მუხლი ადგენს ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის ზოგად წინაპირობებს. ნებისმიერი კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობა, რომელიც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას ემყარება, საფუძვლიანია მაშინ, როდესაც არსებობს ზიანის ანაზღაურების ყველა წინაპირობა. ნორმის შემადგენელი ელემენტებიდან ერთ-ერთის არარსებობა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში, გამორიცხულია სს „ე-პ-ო ჯ-ას“ ბრალზე საუბარი. ვერც მოსარჩელე და ვერც სასამართლო, ვერანაირად ვერ ადასტურებენ მოპასუხე კომპანიის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ფაქტს და ვერც რაიმე ნორმაზე მიუთითებენ, რომელიც კომპანიამ დაარღვია;

თუკი მივიჩნევთ, რომ ადგილი ჰქონდა სხვენში არსებულ სადენებში განვითარებულ მოკლე ჩართვას (რაც არსებული გარემოებებიდან გამომდინარე ყოველმხრივ გამოირიცხა), შეუძლებელია სს „ე-პ-ო ჯ-ას“ გააჩნდეს რაიმე სახის სუბიექტური დამოკიდებულება. ამ უკანასკნელის ბრალეულობა ვერ იქნება იქ, სადაც არ ვრცელდება მისი პასუხისმგებლობა. სახლის შიდა სადენების მდგომარეობა ცალსახად სცილდება ენერგოკომპანიის კომპეტენციის სფეროს. ამდენად, არ არსებობს ენერგოკომპანიის რაიმე ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. სასამართლომ უგულებელყო სამოქალაქო კოდექსის 1012-ე მუხლი, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი მთლიანად დაზარალებულს ეკისრება. დაზარალებულმა (მოსარჩელემ) წარდგენილი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა ელექტროენერგიის ზემოქმედების შედეგად ხანძრის გაჩენის ფაქტი, რაც თავისთავად გამორიცხავს ენერგოკომპანიის ბრალის არსებობას. კასატორი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში სადავოდ ხდიდა იმ გარემოებას, რომ განსახილველ საქმეზე მოპასუხე უნდა იყოს არა ენერგოკომპანია, არამედ ც. გ-ე (რომელზეც ასევე უთითებდა მოსარჩელე). უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ნ. გ-ის საცხოვრებელ სახლს ხანძარი გადაედო ც. გ-ის სახლში გაჩენილი ხანძრიდან, რაც სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია;

არასწორია სააპელაციო სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლის გამოყენება. კანონის დასახელებული ნორმა შეეხება პასუხისმგებლობას ნაგებობიდან გამომდინარე მომეტებული საფრთხით გამოწვეული ზიანისათვის. ამ შემთხვევაშიც, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება პირს დაეკისრება მხოლოდ ბრალეული მოქმედების შემთხვევაში. ასეთის არსებობა კი უდავოდ გამორიცხულია, რასაც ადასტურებს როგორც სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილება, ასევე საქმეში არსებული სხვა მასალები. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ვერც სამოქალაქო კოდექსის 1009-ე, 1010-ე და 1011-ე მუხლებზე მითითება ჩაითლება სწორად, რადგან აღნიშნული მუხლები არეგულირებს უხარისხო პროდუქტის მწარმოებლის პასუხისმგებლობის საკითხს ასეთი პროდუქტით გამოწვეული ზიანისათვის, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილების ვერც ერთ პუნქტში ვერ ასაბუთებს სს „ე-პ-ო ჯ-ას“ მხრიდან უხარისხო პროდუქციის მიწოდების ფაქტის არსებობას და ვერც ასეთ მტკიცებულებაზე მიუთითებს. საქმე აგებულია მხოლოდ ურთიერთსაწინააღმდეგო ექსპერტიზის დასკვნებზე, რომელთაგან არც ერთი არ არის კატეგორიული და ყველა ეყრდნობა შესაძლო ვერსიებს. ხსენებულ დასკვნებში არსებულ ვარაუდებს აშკარად აბათილებს საქმეზე დაკითხული მოწმეების ჩვენებები და საქმეში არსებული უდავო ფაქტობრივი გარემოებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ე-პ-ო ჯ-ას“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს „ე-პ-ო ჯ-ას“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (2904.77 ლარი) 70% – 2033.339 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ე-პ-ო ჯ-ას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს სს „ე-პ-ო ჯ-ას“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (2904.77 ლარი, საგადახდო დავალება № 590, გადახდის თარიღი – 2013 წლის 4 ივნისი) 70% – 2033.339 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე