№ას-703-666-2013 29 ივლისი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2013 წლის 31 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მოპასუხე შპს „კ-ის“ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა, მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ:
1. 1999 წლის 11 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრება, 2002 წლის 1 აგვისტოდან 2012 წლის 11 დეკემბრამდე, 622635.58 ლარის ოდენობით;
2. 2012 წლის 11 დეკემბრის შემდეგ, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 164.60 ლარის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით ზემომითითებული სარჩელი განსახილველად გადაეცა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 მაისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
შპს „კ-სა“ და საქართველოს სატრასტო საინვესტიციო კორპორაციას შორის 1999 წლის 11 ოქტომბერს დაიდო სარგებლიანი სესხის ხელშეკრულება. დასახელებული ხელშეკრულების თანახმად, სესხის ოდენობა შეადგენდა 50000 ლარს, სარგებელი – წელიწადში 10%-ს და კრედიტის ხანგრძლივობა – 24 თვეს. იმ შემთხვევაში, თუ სესხის დაფარვა არ მოხდებოდა გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში, მსესხებელი კორპორაციას უხდიდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ს.
ვანის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე შპს „კ-ს“ დაეკისრა 46921.29 ლარი, საიდანაც ძირი თანხა შეადგენდა 31994 ლარს, პროცენტი – 924 ლარს, ხოლო საურავი – 14001.83 ლარს. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 2003 წლის 17 ივლისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
ვანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილების შესაბამისად, მოპასუხე შპს „კ-ს“ პირგასამტეხლო დაეკისრა 2002 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით. ამდენად, აშკარა იყო, რომ მოვალე 2003 წლის მარტამდე ანუ, სასამართლოში თავდაპირველი სარჩელის წარდგენამდეც არღვევდა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას.
წარდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა სადავოდ გახადა სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებული მსჯელობა, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნით აღძრული სარჩელის საფუძველს წარმოადგენდა 1999 წლის 11 ოქტომბერს მოპასუხე შპს „კ-ან“ გაფორმებული სასესხო ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება.
საქმის მასალებით დადგინდა, რომ მხარეებს შორის 1999 წლის 11 ოქტომბერს წარმოშობილი სასესხო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავაზე ნამსჯელი ჰქონდა ვანის რაიონულ სასამართლოს და 2003 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით შპს „კ-ს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაკისრებული ჰქონდა 46921.29 ლარი, საიდანაც ძირი თანხა იყო 31994 ლარი, პროცენტი – 924 ლარი და საურავი – 14001.83 ლარი. გადაწყვეტილების აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილებიდან ირკვეოდა, რომ აღნიშნული თანხები შპს „კ-ს” დაკისრებული ჰქონდა 2002 წლის 1 აგვისტომდე არსებული მდგომარეობით, რაც ნიშნავდა სწორედ იმას, რომ მოსარჩელისათვის 2002 წლის 1 აგვისტომდე იყო ცნობილი მოპასუხის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის ფაქტი. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დენის დასაწყისად ეს თარიღი უნდა მიჩნეულიყო, რაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ 2013 წლის 31 იანვარს აღძრული სარჩელის ხანდაზმულობაზე მიუთითებდა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ხანდაზმულობა სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული სახით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მითითებას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლთან მიმართებით და აღნიშნა, რომ ნორმის საკანონმდებლო დანაწესი არეგულირებს სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხს და ადგენს ქცევის წესს, რომლის თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება. ამდენად, ნორმის დანაწესი ადგენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის კრედიტორის სასარგებლოდ აღსრულების ვადას, იგი არ არეგულირებს სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხს და არც ამგვარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ახალი ვადის დასაწყისს არ ადგენს.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შეიტანა საკასაციო საჩივარი. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას, რასაც შემდეგნაირად ასაბუთებს:
2002 წლის 4 ოქტომბერს, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სარჩელით მიმართა ვანის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შპს „კ-ის“ წინააღმდეგ. ვანის რაიონულმა სასამართლომ ხსენებული სარჩელი სრულად დააკმაყოფილა და მოპასუხეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასარგებლოდ დააკისრა 46921.29 ლარის (ძირი თანხა – 31994 ლარი, პროცენტი – 924 ლარი, საურავი – 14001.83 ლარი) გადახდა. ამასთან დაკავშირებით, ვანის რაიონულმა სასამართლომ 2003 წლის 17 ივნისს გასცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორად მიეთითა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, მოვალედ კი – შპს „კ-ი“. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიურომ სხვადასხვა დროს მოვალისაგან ამოიღო შემდეგი თანხები: 1. 2003 წლის 13 აგვისტოს – 1043 ლარი; 2. 2003 წლის 26 აგვისტოს – 517 ლარი; 3. 2003 წლის 16 დეკემბერს – 3000 ლარი; 4. 2005 წლის 29 დეკემბერს – 1327 ლარი; 5. 2007 წლის 11 ივლისს – 1000 ლარი; 6. 2010 წლის 11 ნოემბერს – 999 ლარი; 7. 2011 წლის 11 აპრილს – 400 ლარი. აღნიშნული ჩარიცხვებიდან სს „ბაზისბანკში“ ფიქსირდება მხოლოდ სამი ჩარიცხვა, საერთო ჯამში 4560 ლარის ოდენობით. ამასთან, სამივე მათგანი გადაირიცხა შპს „ს-ს-ო კ-ის“ და არა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ანგარიშზე. შესაბამისად, გაურკვეველია სასესხო დავალიანების რომელი ნაწილი (სესხის ძირითადი თანხა, პროცენტი, საურავი) და როდის დაიფარა ამოღებული თანხებით;
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2012 წლის 20 დეკემბრის №123265-18 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, 2002 წლის 1 აგვისტოს შემდეგ 2012 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით შპს „კ-ზე“ დარიცხული საურავი შეადგენს 638658.83 ლარს, რომელიც თავის მხრივ გაანგარიშებულ იქნა ვადაგადაცილებული ძირითადი თანხისა და პროცენტის ჯამზე (32919.46 ლარზე) დარიცხული საურავის (32919.46 X 0.5 : 100 = 164.60) გათვალისწინებით;
სასამართლომ არ გაითვალისწინა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სესხის ხელშეკრულების 4.3 და 6.1 პუნქტების მიხედვით, მსესხებელი კისრულობდა ვალდებულებას, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დაებრუნებინა კრედიტი და მისი სარგებლობისათვის დაწესებული წლიური პროცენტი, აგრეთვე, დაეცვა სესხის დაფარვის გრაფიკი. ამავდროულად, მსესხებელს გამსესხებლისათვის უნდა დაებრუნებინა სესხად აღებული თანხა და მისი სარგებლობისათვის პროცენტები იმ ვადაში, რომელიც გათვალისწინებული იყო სესხის ხელშეკრულებაში. გარდა ამისა, ხელშეკრულების 7.1 პუნქტი განსაზღვრავდა სესხის დაფარვის გრაფიკის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ის გადახდას;
იმის გათვალისწინებით, რომ 2002 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე, სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლიდან გამომდინარე აღნიშნულით შეწყდა ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა. ამასთან, საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 7 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (რომლითაც მხარეს დაეკისრა 46921.29 ლარის გადახდა) გამოტანის შემდგომ, გადაწყვეტილებით დადგენილ მოთხოვნაზე განახლდა სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის ხანდაზმულობის 10-წლიანი ვადა. შესაბამისად, თუ გავითვალისწინებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადაუხდელობის გამო მოპასუხეს დაეკისრა საურავის გადახდის ვალდებულება, საურავის, როგორც დამატებითი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა არ ყოფილა გასული და მასზე ვრცელდებოდა მთავარი მოთხოვნისათვის გათვალისწინებული ხანდაზმულობის 10-წლიანი ვადა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივლისის განჩინებით კასატორი გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე