Facebook Twitter

საქმე №ას-756-717-2013 29 ივლისი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე გ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 მაისის განჩინებაზე, საქმეზე _ გ. ჩ-ის სარჩელის გამო, სს „ს. რ-ის“ მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 მაისის განჩინება გ. ჩ-ის წარმომადგენელ მ. ბ-ს (იხ.რწმუნებულება ტ.I, ს.ფ.18) გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებისა და პირადად ჩაბარდა 2013 წლის 16 ივნისს (ტ.II, ს.ფ.76).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 17 ივნისს და დასრულდა 2013 წლის 7 ივლისს, მაგრამ ვინაიდან 7 ივლისი დაემთხვა დასვენების დღეს, საპროცესო ვადა დამთავრებულად უნდა მივიჩნიოთ 2013 წლის 8 ივლისს.

საქმეში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დასტურდება, რომ გ. ჩ-ემ ის შეიტანა 2013 წლის 12 ივლისს, ამასთან საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღად მითითებულია ასევე 2013 წლის 12 ივლისი (ტ.II, ს.ფ.94), რაც უტყუარად ადასტურებს საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის დარღვევას, აღნიშნული კი მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 63-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი თბილისი სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 მაისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე