Facebook Twitter

საქმე №ას-766-727-2013 31 ივლისი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ი/მ გ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე ი/მ გ. ჩ-ის სარჩელის გამო, შპს „ჰ-ოს“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ი/მ გ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორი და მისი წარმომადგემელი არ ესწრებოდნენ სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 23 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, მაგრამ გ.ჩ-ის წარმომადგენელ დ. ხ-ის (იხ.რწმუნებულება ტ.II, ს.ფ.15-16) ცნობილი იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი (ტ.II, ს.ფ.145; 157). სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 2013 წლის 12 ივნისი, ხოლო 30-ე დღე – ამავე წლის 22 ივნისი. გამომდინარე აქედან, კასატორს ან მის წარმომადგენელს შეეძლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაებარებინა 2013 წლის 12 ივნისიდან 2013 წლის 22 ივნისამდე. თუმცა როგორც საქმიდან ირკვევა, დ. ხ-ემ დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაიბარა 2013 წლის 10 ივლისს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით გათვალისწინებული 30-დღიანი ვადის დარღვევით. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 22 ივნისს, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 22 ივნისს და დასრულდა 2013 წლის 12 ივლისს.

საქმეში წარმოდგენილი საკასაციო საჩივარზე დართული კონვერტით და 2013 წლის 31 ივლისს წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინების ასლით დასტურდება, რომ ი/მ გ. ჩ-ის წარმომადგენელ დ. ხ-ემ საკასაციო საჩივარი საფოსტო განყოფილებას ჩააბარა 2013 წლის 15 ივლისს. რაც უტყუარად ადასტურებს საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის დარღვევას, აღნიშნული კი მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 2591 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი/მ გ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლო 23 მაისის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე