Facebook Twitter

№ ას-86-82-2013 22 ივლისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ვ. გ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – ბ. ნ-ა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27 დეკემბრის განჩინება 2012 წლის და 6 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – მამობის დადგენა, ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბ. ნ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. გ-ას წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხის ცნობა 2011 წლის 6 თებერვალს დაბადებული ნ. ნ-ას მამად და მისთვის, მცირეწლოვანი შვილის სარჩენად, ყოველთვიურად სარჩოს - ალიმენტის გადახდა 150 ლარის ოდენობით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბ. ნ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მან გაასაჩივრა სააპელაციო წესით, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, ბ. ნ-ას წარმომადგენელ გ. ჭ-ის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა, ბ. ნ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტიელბა, ბ. ნ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ვ. გ-ა ცნობილ იქნა 2011 წლის 6 თებერვალს დაბადებული ნ. ნ-ას მამად და მას, ბ. ნ-ას სასარგებლოდ, ნ. ნ-ას სარჩოდ, დაეკისრა ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით 2012 წლის 3 აგვისტოდან ნ. ნ-ას სრულწლოვანებამდე.

სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა ვ. გ-ამ იმ საფუძვლით, რომ 2012 წლის 6 დეკემბერს იგი გამოცხადდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 12 სთ-სა და 10 წთ-ზე დაგვიანებით, რის შესახებაც აცნობა ტელეფონით მოსამართლის თანაშემწეს. სატელეფონო საუბარში მან ითხოვა დროის გადაწევა, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ მისი მანქანა გააჩერეს გამშვებ პუნქტთან, სოფ. ფ-ა და გალის რაიონის სოფ. ს-ოს საზღვართან. მანქანა გააჩერეს სრულიად უმიზეზოდ, ისინი შეჩერდნენ ნახევარი საათის განმავლობაში, რაც განიცადა და, ნერვიულობის გამო, მოუვიდა გულის შეტევა. ზუგდიდში ჩასვლისთანავე მიმართა სამედიცინო ცენტრ ”კურაციოს”, სადაც აღმოუჩინეს პირველადი გადაუდებელი დახმარება და 11 საათზე გამოვიდა ქ. ზუგდიდიდან ქუთაისის მიმართულებით, რის შესახებ, შეფერხების თაობაზე, შეატყობინა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 დეკემბრის განჩინებით ვ. გ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარცა ძალაში შემდეგ გარემოებატა გამო:

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 6 დეკემბრის სხდომაზე არ გამოცხადდა საჩივრის ავტორი, ვ. გ-ა, რომელიც სხდომზე მოწვეული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულმა აპელანტმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა, გამოუცხადებელი მხარის მიმართ, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლოს სხდომაზე იგი დროულად ვერ გამოცხადდა იმიტომ, რომ იგი შეაფერხეს გალის რაიონის ადმინისტრაციულ საზღვაზე, რის გამოც ინერვიულად და მოუვიდა გულის შეტევა. პალატის განმარტებით, ვ.ა გ-ამ, მართალია წარმოადგინა სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობები, მაგრამ ამ ცნობებში მითითებული არ იყო მათი გაცემისა და ვ. გ-ას მიერ ამბულატორიაში მიმართვის დრო. ე.ი. ცნობებით არ დგინდებოდა, რომ საჩივრის ავტორმა სამედიცინო დაწესებულებას მიმართა, მაინცდამაინც, სასამართლოს სხდომის დაწყებამდე და არა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ.

პალატამ ასევე აღნიშნა, რომ სასამართლოს სხდომაზე საჩივრის ავტორის წარმომადგენელის განმარტებით ვ. გ-ამ გალის რაიონის ადმინისტრაციული საზღვარი გადმოლახა 6 დეკემბერს, დილის 10 საათზე. საქმეში არსებული მინდობილობით კი დასტურდება, რომ 2012 წლის 6 დეკემბერს 9 სთ-სა 29 წთ-ზე ვ. გ-ა უკვე იმყოფებოდა ქ. ზუგდიდში, იყო ჯანმრთელი და გასცა მინდობილობა ადვოკატის, ნ. ქ-ას სახელზე. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ვ. გ-ას პოზიცია იმსათან დაკავშირებით, რომ სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, დაუსაბუთებლად მიიჩნია.

სააპელაციო პალატამ იხლემძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლით, 233-ე, 241-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა საჩივარში მითითებული გარემოება, რომ აპელანტის გამოუცხადებლობა 2012 წლის 6 დეკემბრის სხდომაზე გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. შესაბამისად, საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება ვ. გ-ამ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მათი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლოს არ უნდა მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რადგან მხარე სასამართლოში ვერ გამოცხადდა საპატიო მიზეზით. სასამართლოს წარედგინა მტკიცებულებები, რომელთა ობიექტური შეფასებით აშკარად დასტურდებოდა სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი. კასატორის აზრით, სასამართლოს მიერ დადასტურებულად მითითებული გარემოება, რომ იგი 9 სთ-სა და 29 წუთზე იმყოფებოდა ზუგდიდში არასწორია, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება საქმეზე დართული სანოტარო აქტით, ხოლო გარეკანზე დაფიქსირებული დრო ნოტარიუსის კომპიუტერის ტექნიკური ხარვეზითაა გამოწვეული. გარდა ამისა, სასამართლომ მიუხედავად იმისა, რომ მან სატელეფონო საშუალებით სთხოვა გადაეწიათ სასამართლოს სხდომის დაწყების დრო, მისი თხოვნა არ გაითვალისწინა. კასატორის აზრით, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა რაიმე უტყუარი მტკიცებულებები, რომლითაც დაამტკიცებდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მართებულობას. სააპელაციო სასამართლომ ობიექტურად არ შეაფასა საქმის გარემოებები და ახსნა-განმარტებები და მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის 1190-ე, 1212-ე და 1241-ე მუხლებზე მითითებით მიიღო გადაწყვეტილება, მაშინ, როცა საქმის ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ვერ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. მითითებული 233-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

დასახელებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, არ დააკმაყოფილოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი, რომელსაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით ეცნობა საქმის განხილვის თარიღი და პროცესზე გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგის შესახებ, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა საქმის განხილვაზე და არც თავისი გამოუცხადებლობის შესახებ სასამართლოს არ აცნობა.

მოცემულ შემთხვევაში ბ. ნ-ას სააპელაციო საჩივრის მთავარ სხდომაზე განხილვა დაინიშნა 2012 წლის 6 დეკემბრს 11.30 საათზე. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ საქმის განხილვის დროის, ასევე სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ ვ. გ-ას ეცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დამაბრკოლებელ გარემოებას _ სასამართლო სხდომაზე კანონით დადგენილი წესით მხარის მიუწვევლობას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც მითითებული საფუძვლით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების პირობა არ არსებობს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობა იმ შემთხვევაში ჩაითვლება საპატიოდ, თუ მისი ავადმყოფობა დადასტურებული იქნება სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ უნდა უთითებდეს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი აუცილებელ პირობად მიიჩნევს ავადმყოფობის დამადასტურებელ დოკუმენტზე სამედიცინო ხელმძღვანელის ხელმოწერას და ამ დოკუმენტში იმაზე მითითებას, რომ მხარეს სასამართლო პროცესზე გამოცხადება არ შეეძლო. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ რეკვიზიტებს, რომელიც უნდა იყოს მითითებული ავადმყოფობის დამადასტურებელ მტკიცებულებაზე, კერძოდ, ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის განხილვა დანიშნული იყო 2012 წლის 6 დეკემბრს 11.30 საათზე. როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, საჩივრის ავტორმა დაიგვიანა პროცესზე, კერძოდ, გამოცხადდა 12 სთ-სა და 10 წთ-ზე. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად არ გაიზიარა ვ. გ-ას მიერ წარმოდგენილი ავადმყოფობის ცნობა, ვინაიდან კასატორის მიერ საქმეში წარმოდგენილი ცნობით არ ირკვევა, წარმოადგენს თუ არა ექიმი ნ. კ-ა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელს; წარმოდგენილი სამედიცინო ცნობებიდან ირკვევა, რომ მას აღენიშნებოდა ნეიროცირკულარული დისტონია ჰიპერტონული ტიპის, თუმცა აღნიშნულ ცნობაში პირდაპირ არ არის მითითებული პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. ამდენად იგი არ შეიძლება მივიჩნიოთ მისი გამოუცხადებლობა საპატიოობის დამადასტურებელ გარემოებად. ამასთან, ვერ იქნება გაზიარებული კასატორის მითითება მასზე, რომ სასამართლომ მიუხედავად იმისა, რომ მან სატელეფონო საშუალებით სთხოვა გადაეწიათ სასამართლოს სხდომის დაწყების დრო, მისი თხოვნა არ გაითვალისწინა, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი მას სასამარტლოსათვის არ წარუდგენია.

გარდა ამისა, სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზე, რომ საქმეში არსებული მინდობილობით, არ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ ვ. გ-ამ გალის ადმინისტრაციული საზღვარი გადმოლახა 2012 წლის 6 დეკემბერს 10 საათზე, ვინაიდან საქმეში არსებული მინდობილობით დასტურდებოდა, რომ 2012 წლის 6 დეკემბერს 9 საათსა და 29 წუთზე ვ. გ-ა უკვე იმყოფებოდა ქ. ზუგდიდში, იყო ჯანმრთელი და გასცა მინდობილობა ადვოკატ ნ. ქ-ას სახელზე, შესაბამისად, კასატორის არგუმენტი მასზე, რომ აღნიშნული არ დასტურდება საქმეზე დართული სანოტარო აქტით, ხოლო გარეკანზე დაფიქსირებული დრო ნოტარიუსის კომპიუტერის ტექნიკური ხარვეზითაა გამოწვეული, სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული და ვერ გახდება საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. ამავე კოდექსის 230-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად კი, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება.

მითითებული მუხლების საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის ახსნა-განმარტებების საფუძველზე, სწორად იქნა დადგენილი, რომ ვ. გ-ა წარმოადგენდა ნ. ნ-ას მამას და აპელანტის მიერ მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობა შეესაბამებოდა მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, რაც სამოქალაქო კოდექსის 1190-ე, 1212-ე და 1214-ე მუხლების საფუძველზე, სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას წარმოადგენდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ვ. გ-ას გამოუცხადებლობა სასამართლო პროცესზე სწორად მიიჩნია არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობად და მის მიმართ მართებულად გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2012 წლის 27 დეკემბრის განჩინება და ამავე სასამართლოს 2012 წლის 6 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე