№ას-1347-1272-2012 5 დეკემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
კერძო საჩივრის ავტორი – ჭ.გ.გ. და თ. ჯ-ის წარმომადგენელი გ.კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - სს „პ.ბ-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა, პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით: 1. თ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; 2. შპს „მ-ის“, ჭ. ჯ-ის, ვ. ჯ-ის, გ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; 3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; 4. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი და სს „პ-ის“ სარჩელი ჭ. და თ. ჯ-ს შორის 2009 წლის 4 მარტს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების უძრავ ქონებაზე მდებარე ქ.თბილისი კ-ის ქ N35 ბინა 53 (საკადასტრო კოდი ...) ბათილად ცნობის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა; 5. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი და სს „პ-ის“ სარჩელი ჭ. და გ. ჯ-ს შორის 2009 წლის 17 მარტს გაფორმებული უძრავი ქონების მდებარე თბილისში დასახლება ლ-ო (ნაკვეთი 010) საკადასტრო კოდი ... ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა; 6. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი გ. და ვ. ჯ-ს შორის უძრავი ქონების მდებარე ქ თბილისი დასახლება ლ-ო (ნაკვეთი 010) საკადასტრო კოდი ... ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ; 7. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების მე-8 პუნქტი 2009 წლის 02 მარტის ხელშეკრულების, ჭ. ჯ-ის შპს „მ-ან“ უძრავი ქონების, მდებარე თბილისი დასახლება ლ-ო (ნაკვეთი 010) (საკადასტრო კოდი ...) დაბრუნების ნაწილში ბათილად ცნობის შესახებ და ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; 8. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების მე-8 პუნქტი უძრავი ქონებების საკადასტრო კოდი ... და ... შპს „მ-ის“ დაბრუნებისა და მის საკუთრებად აღრიცხვის ნაწილში; 9. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების პირველი პუნქტი პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში; 10. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების, კერძოდ, ჭ. და გ. ჯ-ს შორის 2009 წლის 09 მარტს გაფორმებული უძრავი ქონების მდებარე თბილის ი-ის 12 საკადასტრო კოდი ... ჩუქების ხელშეკრულების, გ. და ვ. ჯ-ს შორის 2009 წლის 02 ნოემბერს გაფორმებული უძრავი ქონების მდებარე თბილისი ი-ის 12 საკადასტრო კოდი ... ნასყიდობის ხელშეკრულების ვ. და გ. ჯ-ს შორის გაფორმებული უძრავი ქონების მდებარე თბილისი, ი-ის 12 ნაწილის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ სს „პ-ის“ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში. 11. სს ,,პ-ს“ შპს „მ-ის“ ჭ. ჯ-ის, თ. ჯ-ის, ვ. ჯ-ის, გ. ჯ-ის სასარგებლოდ, გადახდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 1000 ლარი; 12. სს ,,პ-ს“ შპს „მ-ის“ ჭ. ჯ-ის, თ. ჯ-ის, ვ. ჯ-ის, გ. ჯ-ის სასარგებლოდ, გადახდა ადვოკატის მომსახურების ხარჯები 2000 ლარი; 13. ყადაღა მოეხსნა ვ. ჯ-ის (პირადი N...) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე ქ. თბილისში, ლ-ოს დასახლება, დაზუსტებული ფართობი 5178.00მ2 მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N...).
თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დასახელებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტში დაშვებული იყო ტექნიკური უსწორობა და იგი უნდა გასწორებულიყო, რის გამოც 2012 წლის 13 სექტემბრის განჩინებით იგი ჩამოაყალიბა შემდეგნაირად:
„უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების, კერძოდ, ჭ. ჯ-სა და შპს „მ-ს“ შოპრის შესატანის დაბრუნების თაობაზე 2009 წლის 2 მარტის ხელშეკრულების თბილისი, ი-ის ქ. №12 საკადასტრო კოდი ...-ის დამფუძნებლისათვის დაბრუნების ნაწილში, ჭ. და გ. ჯ-ს შორის 2009 წლის 9 მარტს გაფორმებული უძრავი ქონების მდებარე: თბილისი, ი-ის 12 საკადასტრო კოდი ... ჩუქების ხელშეკრულების, გ. და ვ. ჯ-ს შორის 2009 წლის 2 ნოემბერს გაფორმებული უძრავი ქოინების მდებარე: თბილისი, ი-ის 12, საკადასტრო კოდეი ... ნასყიდობის ხელშეკრულების, ვ. და გ. ჯ-ს შორის გაფორმებული უძრავი ქონების მდებარე : თბილისი, ი-ის 12 ნაწილის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ სს „პ.ბ-ის“ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში“.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ჭ.გ.გ. და თ. ჯ-ის წარმომადგენელმა გ.კ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული განჩინება ეწინააღმდეგებოდა საპროცესო ნორმებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჭ.გ.გ. და თ. ჯ-ის წარმომადგენელ გ.კ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. კანონის აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, დასაშვებია გადაწყვეტილებაში ისეთი შესწორებებისა და დაზუსტებების შეტანა, რომლებიც შეესაბამება და არსებითად არ ცვლის სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსს.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლომ მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტის იმგვარად შესწორება, როგორც ის სააპელაციო პალატამ თავის 2012 წლის 13 სექტემბრის განჩინებაში ჩამოაყალიბა სცილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის მოთხოვნებს, ვინაიდან აღნიშნული ნორმის საფუძველზე, დაუშვებელია გადაწყვეტილებაში ისეთი შესწორების შეტანა, რომელიც არსებითად ცვლის გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს. დასაშვებია მხოლოდ ისეთი შესწორებებისა და დაზუსტებების შეტანა, როგორიცაა მაგალითად, მხარეთა გვარი, სახელი, თუ მხარე იურიდიული პირია - მისი სახელწოდების აღნიშვნა, ასევე, არითმეტიკული შეცდომები, რომლებმაც გამოიწვია გადასახდევინებელი თანხის ოდენობის აშკარად შემცირება ან გადიდება, მაგალითად ციფრის დაკლება, რაც ისე ცვლის თანხის ოდენობას, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, აშკარად არ შეესაბამება მოთხოვნის ოდენობას, რის შესახებაც იყო მსჯელობა სასამართლო სხდომაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ჭ.გ.გ. და თ. ჯ-ის წარმომადგენელ გ.კ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 სექტემბრის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე