№ას-1354-1278-2012 3 ივლისი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ს. ქ. 678“
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ს-ე
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ს-ის სარჩელი მოპასუხე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ს. ქ. 678-ის“ მიმართ, დაკმაყოფილდა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ს. ქ. 678-ს“ გ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა 62000 აშშ დოლარის გადახდა, მასვე მოსარჩელის სასარგებლოდ დაევალა სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 3000 ლარის ოდენობით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 ივლისის განჩინებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ს. ქ. 678-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ს. ქ. 678-მა“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება, შემდეგი საფუძვლებით:
კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა აპელანტის მიერ მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ უტყუარი მტკიცებულებების წარუდგენლობაზე, კერძოდ, აპელანტმა სასამართლოს წარუდგინა შესაბამისი ცნობა „ბითიეი ბანკიდან“, რომლის თანახმადაც, ამხანაგობა „ს. ქ. 678-ის“ ანგარიშებზე განხორციელებული ჯამური სადებეტო და საკრედიტო ბრუნვა ლარსა და დოლარში შეადგენდა ნულს, 2010 წლის 2 აპრილიდან ამავე წლის 18 ივნისამდე. სასამართლოს ასევე განემარტა, რომ აპელანტის მთელი ქონება დაყადაღებული იყო მოწინააღმდეგე მხარის მიერ. 2012 წლის 12 ივლისს, აპელანტმა კვლავ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, რომელშიც კვლავ მიუთითა, რომ არ ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობა (არ გააჩნდა უძრავ-მოძრავი ქონება და არც სხვა მატერიალური ქონებრივი სიკეთე) და ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სასამართლომ იგი არც სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გაათავისუფლა და არც მისი გადახდის გადავადების შუამდგომლობა დაუკმაყოფილა;
მოდავე მხარეების მიერ ხელმოწერილი 2008 წლის 29 სექტემბრის ხელშეკრულების მე-4 პუნქტის (დამატებითი პირობები 5.5) მიხედვით, მხარეთა შორის წამოჭრილ დავას, შეუთანხმებლობის შემთხვევაში, განიხილავს შპს საქართველოს საარბიტრაჟო სასამართლო. ამასთან, მათ მიერვე ხელმოწერილი 2008 წლის 1 ოქტომბრის ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად, მხარეთა განცხადებით საგნის ღირებულება განისაზღვრა 90 ათას ლარად. აქედან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორისათვის გაუგებარია, თუ რატომ წარუდგინა მოწინააღმდეგე მხარემ სასამართლოს ექსპერტის დასკვნა, რომელშიც ბინის ღირებულება განსაზღვრული იყო 88000 დოლარად (რაც მინიმუმ 1.5-ჯერ აღემატება ხელშეკრულების მე-3 პუნქტის დანაწესს) და რატომ არ გამოარკვია პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლემ მითითებული საკითხი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ს. ქ. 678-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 ივნისის განჩინებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ს. ქ. 678-ის“ სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, აპელანტს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის (2480 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის) გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების სააპელაციო სასამართლოში წარდგენა. ამავდროულად, სასამართლომ აპელანტს განუმარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუსვებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად. აღნიშნულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ აპელანტის შუამდგომლობაზე და მიიჩნია, რომ არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების საფუძველი, რამდენადაც აპელანტს არ წარუდგენია მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები (ტომი 2, ს.ფ. 3-5).
2012 წლის 20 ივნისს აპელანტმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და კვლავ ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება. განმცხადებელმა განმარტა, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ს. ქ. 678-ის“ სახელზე რიცხული მთლიანი ქონება დაყადაღებული იყო, ამხანაგობას არ გააჩნდა არც ფულადი სახსრები და არც ქონება. განცხადებას თან დაურთო სს „ბითიეი ბანკის“ 2012 წლის 19 ივნისის ცნობა, რომლის თანახმად, 2010 წლის 2 აპრილიდან 2012 წლის 18 ივნისამდე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ს. ქ. 678-ის“ ანგარიშებზე განხორციელებული ჯამური სადებეტო და საკრედიტო ბრუნვა ლარსა და აშშ დოლარში შეადგენს 0 (ნულ) ლარს (ტომი 2, ს.ფ. 7-10).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ივნისის განჩინებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ს. ქ. 678-ს“ 10 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა. ამავე განჩინებით, მას კვლავ განემარტა დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე (ტომი ს.ფ. 32-34).
20121 წლის 12 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახალი განცხადებით მიმართეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ს. ქ. 678-ის“ წარმომადგენლებმა. მათ განმარტეს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ს. ქ. 678-ს“ საკუთრებაში არ ჰქონდა არც უძრავ-მოძრავი ქონება და არც არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. აქედან გამომდინარე, მათ იშუამდგომლეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებაზე, ან მისი გადახდის გადავადებაზე (ტომი 2, ს.ფ. 37-38).
სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 23 ივლისის განჩინებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ს. ქ. 678-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლით დადგენილი შეღავათი ვრცელდებოდა ფიზიკური პირის მიმართ. მოცემულ შემთხვევაში კი, აპელანტს წარმოადგენდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა და, შესაბამისად, აღნიშნული მუხლის მის მიმართ ვერ გავრცელდებოდა. გარდა ამისა, აპელანტის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით ვერ დასტურდებოდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ს. ქ. 678-ის“ მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რადგან საქმეში არ მოიპოვებოდა აპელანტის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც სასამართლოს შეეძლო ემსჯელა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ს. ქ. 678-ის“ ქონებრივი მდგომარეობა და დაეკმაყოფილებინა მისი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკითხს იმის შესახებ, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ან მხარის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება აწესრიგებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-48-ე მუხლები. ამ ნორმების თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზეც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. ამავდროულად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულების წარდგენა შეიძლება გახდეს მხარის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი. სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების ან ასეთი ხარჯების გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელმა პირმა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად უნდა უზრუნველყოს სასამართლოსათვის იმ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც მის გადახდისუუნარობას დაასაბუთებს. მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი მისი გადახდისუუნარობის დასასაბუთებლად უთითებს სს „ბითიეი ბანკის“ ცნობაზე, რომლის მიხედვით, აპელანტს ამ ბანკში ანგარიშზე თანხა არ ერიცხება, ასევე, აპელანტი უთითებს იმ გარემოებაზე, რომ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება დაყადაღებულია მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებს აპელანტის გადახდისუუნარობას, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ კანონშესაბამისად უთხრა უარი აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად.
კერძო საჩივრის ავტორი ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ მოცემული დავა, მხარეთა შეთანხმების მიხედვით, უნდა განეხილა არბიტრაჟს და არა სასამართლოს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული საკითხი ვერ გახდება საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ამოწმებს მხოლოდ იმ საკითხს, თუ რამდენად კანონიერად დარჩა განუხილველად სააპელაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ს. ქ. 678-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე