№ას-193-186-2013 3 ივლისი, 2013 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ მ. ნ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ს. ე-ა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს.ე-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. დ-ას, ს, მ, მ., პ, გ.და ნ. ნ-ის მიმართ ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: ს. ე-ამ ქ. თბილისში ნ-ის ქ.№77ა-ში მდებარე უძრავი ქონება მეუღლისაგან მემკვიდრეობით მიიღო. აღნიშნულ ბინაში თვითნებურად ცხოვრობს და უკანონოდ ფლობს რ. დ-სა და ნ-ის ოჯახი, რის გამოც ს. ე-ას არ აქვს საშუალება, ისარგებლოს მისი კუთვნილი ქონებით.
მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს შემდეგი დასაბუთებით: ისინი არიან აფხაზეთიდან დევნილები და 1993 წელს, ქ. თბილისში, ნ-ის ქუჩა№77ა, სადარბაზო 1, ბინა №3-ში მდებარე სადავო ბინაში მათი შესახლება მოხდა მთავრობის მიერ, რადგან იმ დროისთვის ბინა ირიცხებოდა სახელმწიფოს ბალანსზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს. ე-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეების რ. დ-ას, ს. ნ-ის, მ. ნ-ის, მ. ნ-ის, პ. ნ-ის, გ. ნ-სა და ნ. ნ-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას უძრავი ნივთი - მდებარე ქ. თბილისი, ნ-ის ქუჩა№77ა, სადარბაზო 1, ბინა №3 და მოსარჩელე ს. ე-ას გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინებით, მ. ნ-ის, პ. ნ-ის, გ. ნ-სა და ნ. ნ-ის ნაწილში დარჩა განუხილველი. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტებს დაევალათ სახ. ბაჟის გადახდა თითოეულს 160 ლარის ოდენობით. მოგვიანებით, აპელანტებს მათივე განცხადების საფუძველზე ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა გაუგრძელდათ 14 დღით. საქმეში წარმოდგენილი ჩაბარების დასტურებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 9 იანვრის განჩინება ვადის გაგრძელების შესახებ პ. ნ-ს, მ. ნ-ს, გ. ნ-ს და ნ. ნ-ს 2013 წლის 11 იანვარს ჩაჰბარდა. კერძოდ, პ. ნ-ის, მ. ნ-ის და გ. ნ-ის დას და ნ. ნ-ის შვილს- მ. ნ-ს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედებების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისთვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით-სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ზემოაღნიშნული ნორმის მოქმედება ვრცელდება განჩინების ჩაბარების შემთხვევებზეც. პალატამ მიუთითა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება ჩაბარებულად ითვლება აპელანტებისათვის 2013 წლის 11 იანვარს (როცა განჩინება ჩაბარდა მ. ნ-ს). შესაბამისად, ხარვეზის შევსების 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 12 იანვარს და 2013 წლის 25 იანვარს ამოიწურა. შესაბამისად, ხარვეზის შევსების უფლებამოსილება აპელანტებს გააჩნდათ 2013 წლის 25 იანვრის ჩათვლით.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ნ-მა შემდეგი დასაბუთებით: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 26 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრის ავტორს არ ჩაჰბარებია. აღნიშნული განჩინების შესახებ მ.ნ-მა 2013 წლის 2 თებერვალს შეიტყო, რის შემდეგაც სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ნ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, დასახელებული მუხლებიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად კი, საჩივარი და საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 26 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, რომლის შესავსებადაც განისაზღვრა 5 - დღიანი ვადა. აპელანტს განჩინებით განემარტა, რომ მას სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში უნდა წარმოედგინა 160 ლარის, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი სასამართლოში და, თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსებოდა, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 9 იანვრის განჩინებით მხარეებს გაუგრძელდათ ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა 14 დღით. აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით მ. ნ-ის დას - მ. ნ-ს 2013 წლის 11 იანვარს ჩაჰბარდა. დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 12 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 25 იანვარს. კერძო საჩივრის ავტორს დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, 103-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მ.ნ-მა სახელმწიფო ბაჟი მითითებული ვადის დარღვევით, 2013 წლის 13 თებერვალს გადაიხადა. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასთან დაკავშირებით, რომ მან სააპელაციო სასამართლოში ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა ვერ შეძლო იმის გამო, რომ მისთვის უცნობი იყო სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 9 იანვრის განჩინება. კერძო საჩივრის ავტორს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მ. ნ-ის ნაწილში სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ნ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ.თოდრია
მოსამართლეები: ვ.როინიშვილი
ბ.ალავიძე