№ას-245-235-2013 3 ივლისი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. გ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
დავის საგანი – სამკვიდრო ქონების ¼ წილზე მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი მოპასუხე ნ. გ-ის მიმართ, რომლითაც მან მოითხოვა მ. გ-ის სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დადასტურება და აღნიშნული ქონების ¼ წილზე მესაკუთრედ ცნობა, არ დაკმაყოფილდა.
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის გამო. ამავე განჩინებით ნ. გ-ს სახელმწიფო ხაზინიდან დაუბრუნდა ე. გ-ის მიერ 2013 წლის 5 თებერვალს სს ბანკი „რ-ს“ №1 საგადახდო დავალებით სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 200 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს ზემომითითებულ განჩინებაზე ნ. გ-ის წარმომადგენელმა ე. გ-მა შეიტანა კერძო საჩივარი. კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას, რასაც ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
2013 წლის 1 იანვრიდან 5 იანვრამდე, აპელანტის წარმომადგენელმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მისაღები განყოფილების მეშვეობით განცხადებით მიმართა პირველი ინსტანციით საქმის განმხილველ მოსამართლეს. განმცხადებელმა ითხოვა საქმეზე გამოტანილი დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მიღება. მითითებული განცხადება რეგისტრაციაში გატარდა, თუმცა წარმომადგენელმა გადაწყვეტილება ვერ მიიღო, რადგან მზად არ იყო. ამის შემდგომ, სასამართლოს შიდა ტელეფონით იგი პერმანენტულად მიმართავდა მოსამართლის თანაშემწეს და ითხოვდა დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, თუმცა მის მიღებას ვერ ახერხებდა, რადგან გადაწყვეტილება მზად არ იყო. გადაწყვეტილების მიღების მიზნით მეორე განცხადებით აპელანტის წარმომადგენელმა სასამართლოს მიმართა 2013 წლის 24 იანვარს, რა დროსაც მას ჩაბარდა დასაბუთებული გადაწყვეტილება;
საქმის მასალებში არ მოიპოვება პირველი განცხადება, რომლითაც კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მან ინფორმაციის მოპოვება ვერც სასამართლოს მისაღები განყოფილების მეშვეობით შეძლო. ამასთან, სასამართლოს მისაღებში არსებული სარეგისტრაციო ჟურნალი, რომელიც შესაბამის ინფორმაციას შეიცავს, მისთვის მიუწვდომელია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილია, რომ თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენ.) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
ამდენად, მითითებული ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მოსარჩელის (აპელანტის) წარმომადგენ. ე. გ-ი (ს.ფ. 135). ასეთ შემთხვევაში მოსარჩელე (მისი წარმომადგენელი) ვალდებული იყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, კერძოდ, მას გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოსათვის უნდა მიემართა არა უგვიანეს 2013 წლის 20 იანვრისა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მითითებულ ვადაში მოსარჩელეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოსათვის არ მიუმართავს. ე. გ-მა გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა მხოლოდ 2013 წლის 24 იანვარს (ს.ფ. 145). აქედან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს, ანუ 2013 წლის 20 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 4 თებერვალს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი წარდგენილი უნდა ყოფილიყო 2013 წლის 4 თებერვლის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილია 2013 წლის 5 თებერვალს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით (ს.ფ. 147-155).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მიღების მიზნით მან 2013 წლის 24 იანვრამდე განცხადებით მიმართა სასამართლოს, თუმცა ხსენებული განცხადება საქმის მასალებში არ მოიპოვება და მის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ვერც სასამართლოს მისაღები განყოფილების მეშვეობით შეძლო. აქვე, კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს მისაღებ განყოფილებაში დაცული სარეგისტრაციო ჟურნალი, რომელიც შესაბამის ინფორმაციას შეიცავს, მისთვის მიუწვდომელია. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეული მხარე ვალდებულია დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემობანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს მის მიერ მითითებული გარემოების დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია და მხოლოდ თავისი განმარტებით შემოიფარგლა. ამდენად, საჩივრის ავტორმა ვერ დაამტკიცა, რომ მან 2013 წლის 24 იანვრამდე მიმართა სასამართლოს და ვერ შეძლო დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მიღება. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას მის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მოპოვების შეუძლებლობის თაობაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამოქალაქო სამართლაწარმოება აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები. თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და სასამართლოში წარდგენა, მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, ვისთანაც უნდა იყოს ისინი. ამდენად, თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად საჭირო მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარდგენის ვალდებულება შესაბამისი მოთხოვნის წარმდგენ პირს აკისრია. მართალია, მის მიერ ასეთი მტკიცებულების მოპოვების შეუძლებლობის პირობებში კანონი ითვალისწინებს მითითითებული მტკიცებულების სასამართლოს მიერ გამოთხოვის შესაძლებლობასაც, მაგრამ ასეთ დროს მხარემ უნდა დაასაბუთოს, რომ თავად ვერ შეძლო შესაბამისი დაწესებულებისაგან მისი მიღება. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს არ დაუსაბუთებია, თუ რა კონკრეტული მტკიცებულების მოპოვების მიზნით სურდა ინფორმაციის მიღება სასამართლოს მისაღები განყოფილებიდან, რეალურად ეთქვა თუ არა მას უარი აღნიშნული მტკიცებულების მიღებაზე. უფრო მეტიც, მას საქმის განმხილველი სასამართლოს წინაშე მსგავსი სახის შუამდგომლობა არ დაუყენებია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე