№ას-249-239-2013 3 ივლისი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
თეიმურაზ თოდრია, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ზ-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2012 წლის 14 ივნისს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა თ. ზ-ემ მოპასუხეების – მ. მ-სა და დ. კ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებისათვის მათ მიერ სესხად აღებული თანხის – 400 აშშ დოლარისა და პროცენტის – 1280 აშშ დოლარის, მთლიანობაში 1680 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხე მ. მ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი თანხის - 400 აშშ დოლარის, პროცენტის - 120 აშშ დოლარისა და მინიმალური ზიანის - 1160 აშშ დოლარის, ჯამში - 1680 აშშ დოლარის გადახდა, რაც ლარებში შეადგენდა 2722 ლარს; თ. ზ-ის მოთხოვნა დ. კ-ის მიმართ არ დაკმაყოფილდა, დ. კ-ის საცხოვრებელი ბინა (ზესტაფონში, ს. ზ-ის ქ.№24ა-ში მდებარე ბინა №1) გათავისუფლდა ყადაღისაგან; ამავე გადაწყვეტილებით მ. მ-ეს თ. ზ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის – 100 ლარის გადახდა, ხოლო სარჩელის უზრუნველსაყოფად თ. ზ-ის მიერ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 იანვრის განჩინებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი:
მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შევიდა ხარვეზით, კერძოდ, აპელანტს არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი;
დადგენილი ხარვეზის შესავსებად, 2012 წლის 28 დეკემბრის განჩინებით მას განესაზღვრა 5 დღის ვადა და განემარტა, რომ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად;
ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება მ. მ-ეს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და 2013 წლის 15 იანვარს ჩაბარდა მის დედას ანნა მარუაშვილს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დადგენილი 5-დღიანი ვადა მ. მ-ეს ეწურებოდა 2013 წლის 21 იანვარს. 2013 წლის 22 იანვარს მ. მ-ემ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი და ფოსტის მეშვეობით სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. მ-ემ, რომელმაც მოითხოვა ამ განჩინების გაუქმება.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება მას ჩაბარდა 2013 წლის 18 იანვარს და არა 15 იანვარს, როგორც ეს სააპელაციო სასამართლომ მიუთითა. იმის გათვალისწინებით, რომ მ. მ-ის დედა გარდაიცვალა 2012 წლის 4 დეკემბერს, ამასთან მისი სახელი და გვარია თ. გ-მ-ე და არა ა. მ-ი, არასწორია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა გზავნილის მ. მ-ის დედისათვის ჩაბარების თაობაზე.
ამდენად, კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სასამართლო გზავნილი მას არ ჩაბარებია კანონით დადგენილი წესით. სინამდვილეში, ეს გზავნილი აპელანტს გადასცა მეზობელმა ა. მ-მა, 2013 წლის 18 იანვარს. შესაბამისად, მ. მ-ეს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა არ დაურღვევია და სააპელაციო სასამართლოს მისი სააპელაციო საჩივარი წარმოებაში უნდა მიეღო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
გასაჩივრებული განჩინებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო აპელანტის მიერ ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხარვეზის განჩინება 2013 წლის 15 იანვარს ჩაბარდა აპელანტის ოჯახის წევრს (დედას) - ა. მ-ს, შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადა აპელანტს ეწურებოდა 2013 წლის 21 იანვარს. საქმის მასალებით ირკვეოდა, რომ აპელანტმა სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა და გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, განცხადებასთან ერთად, ფოსტას ჩააბარა 2013 წლის 22 იანვარს ანუ სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის დარღვევით. აღნიშნული გარემოება სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად მიიჩნია, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ ხარვეზის განჩინება არ ჩაბარებია მისი ოჯახის წევრს (დედას), როგორც ეს სასამართლომ დაადგინა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გზავნილის მიმღები პირი - ა. მ-ი არის მისი მეზობელი და არა დედა. ამ გარემოების დასადასტურებლად საჩივრის ავტორმა წარმოადგინა მისი დაბადების მოწმობა, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ მ. მ-ის მშობლები არიან: მამა - ი. მ-ე, დედა - თ. მ-ე (იხ. ს.ფ. 230).
საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას, ვინაიდან, უდავოა, რომ საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათში მითითებული ა. მ-ი არ არის აპელანტ მ. მ-ის დედა, ამიტომ მისთვის გზავნილის ჩაბარება ვერ ჩაითვლება აპელანტისათვის გზავნილის ჩაბარებად, შესაბამისად, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ხარვეზის განჩინების აპელანტის დედისათვის ჩაბარებისა და ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ ყურადღება უნდა მიაქციოს იმ გარემოებას, რომ საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე ა.მ-ის ხელმოწერასთან ერთად, არსებობს ასევე მ.მ-ის ხელმოწერაც, რისთვისაც სააპელაციო სასამართლოს შეფასება არ მიუცია. შეფასება უნდა მიეცეს ასევე მ.მ-ის 2013 წლის 21 იანვრის განცხადებას ხარვეზის შევსების შესახებ, სადაც იგი აღნიშნავს, რომ მას ჩაბარდა ხარვეზის განჩინება (ს.ფ. 186).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. მ-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 იანვრის განჩინება და საქმე მ. მ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
ბ. ალავიძე