Facebook Twitter

№ას-262-250-2013 18 ივლისი, 2013 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შ. ბ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები _ მ. ც-ე, მ. ფ-ა, ბ. დ-ი, შპს „ტ-ი“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის გაცემის კანონიერება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბ. დ-მა, მ. ფ-ამ და მ. ც-ემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „. ე. ჯ-ის“, შ. ბ-სა და შ. მ-ის წინააღმდეგ და მოითხოვეს ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და ზიანის ანაზღაურება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბ. დ-ის, მ. ფ-სა და მ. ც-ის მოთხოვნა ხელშეკრულებების ბათილობის ნაწილში დაკმაყოფილდა, მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში - ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი შპს „ტ--სა“ და შ. ბ-ეს შორის დადებული 2008 წლის 29 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულება თანმდევი შედეგით. ბათილად იქნა ცნობილი შპს „ბ. ე. ჯ-ის“ 2008 წლის 7 აპრილის პარტნიორთა კრების №01/2008 ოქმი თანმდევი შედეგით. ბათილად იქნა ცნობილი შპს „ტ--სა“ და შ. მ-ეს შორის 2008 წლის 29 თებერვლის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება თანმდევი შედეგით. მოპასუხეს შ. ბ-ეს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა შპს „ტ--ის“ დირექტორობის პერიოდში საწარმოზე მიყენებული ზიანის 332791 ლარის ოდენობით გადახდა. მოპასუხეებს დაეკისრათ მოსარჩელეების სასარგებლოდ სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯების სახით – 5 810 ლარის გადახდა.

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შ. ბ-ემ და შ. მ-ემ, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით შ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 7 მაისის განჩინება; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შ. ბ-ეს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა შპს „ტ-ის“ დირექტორობის პერიოდში საწარმოსათვის მიყენებული ზიანის, 332791 ლარის გადახდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი შპს „ტ-სა“ და შ. მ-ეს შორის 2008 წლის 29 თებერვლის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება თანმდევი შედეგით; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეებს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრათ სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების სახით 5810 ლარის გადახდა; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი შპს „ტ-სა“ და შ. ბ-ეს შორის დადებული 2008 წლის 29 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულება და შპს„ბ. ე. ჯ. ჯ-ის“ 2008 წლის 7 აპრილის პარტნიორთა კრების №01/2008 ოქმი დარჩა უცვლელი; ბ. დ-ის, მ. ფ-სა და მ. ც-ის სარჩელი შ. ბ-ის მიმართ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შ. ბ-ეს შპს ტ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 182844 ლარისა და 58 თეთრის გადახდა; ბ. დ-ის, მ. ფ-სა და მ. ც-ის სარჩელი შპს ტ-სა და შ. მ-ეს შორის დადებული 2008 წლის 29 თებერვლის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; შ. ბ-ეს ბ. დ-ის, მ. ფ-სა და მ. ც-ის სასარგებლოდ დაეკისრა 3000 (სამიათასი) ლარის გადახდა; ბ. დ-ს, მ. ფ-სა და მ. ც-ეს შ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 5050 ლარის გადახდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 4 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა ქ. ბათუმში, გ-ის ქუჩა №88-ში მდებარე შ. მ-ის კუთვნილ უძრავ ქონებას, მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ნომერი №....

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შ. ბ-ემ, ბ. დ-მა, მ. ფ-ამ და მ. ც-ემ. წარდგენილი საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.

2012 წლის 3 ივლისს მ. ც-ის, მ. ფ-სა და ბ. დ-ის წარმომადგენელმა კ. ფ-მა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა. აღნიშნული განცხადება დაკმაყოფილდა და მოთხოვნის შესაბამისად 2012 წლის 10 ივლისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

2013 წლის 11 იანვარს კ.ფ-მა როგორც მ. ც-ის, მ. ფ-სა და ბ. დ-ის, ამასთან, შპს „ტ-ის“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და სააღსრულებო ფურცელში დაშვებული ხარვეზის აღმოფხვრა და სააღსრულებო ფურცლების ცალ-ცალკე გამოწერა მოითხოვა. უსწორობის საფუძვლად კი მიუთითა, რომ თავდაპირველ სააღსრულებო ფურცელში კრედიტორად შპს „ტ-ი“ მითითებული არ იყო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით კ.ფ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბ. დ-ის, მ. ფ-ას, მ. ც-სა და შპს „ტ-ის“ წარმომადენლის კ. ფ-ის განცხადება დაკმაყოფილდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსასრულებლად 2010 წლის 10 ივლისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში და კრედიტორად, დამატებით შპს „ტ-ი“ მიეთითა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსასრულებლად 2012 წლის 10 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული აღსრულება შეწყდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსასრულებლად ორი სააღსრულებო ფურცელი გაიცა. პირველ სააღსრულებო ფურცელში კრედიტორად შპს „ტ-ი“ მიეთითა, ხოლო მოვალედ - შ. ბ-ე. ამ სააღსრულებო ფურცლით აღსრულებას დაექვემდებარა გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც შ.ბ-ეს შპს „ტ-ის“ სასარგებლოდ 182844 ლარისა და 58 თეთრის გადახდა დაეკისრა. მეორე სააღსრულებო ფურცელში კრედიტორებად მიეთითა: ბ. დ-ი, მ. ფ-ა და მ. ც-ე, ხოლო მოვალედ - შ. ბ-ე; ამ სააღსრულებო ფურცლით აღსრულებას დაექვემდებარა გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც შ. ბ-ეს ბ. დ-ის, მ. ფ-სა და მ. ც-ის სასარგებლოდ დაეკისრა 3000 ლარის გადახდა.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შ. ბ-ემ და მიუთითა, რომ შპს „ტ-ი“ საქმეში კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაბმული არ ყოფილა. სასამართლოს არ გააჩნდა უფლებამოსილება გაეუქმებინა წინა სააღსრულებო ფურცელი ან შეეწყვიტა სააღსრულებო წარმოება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საქმის მასალებით დგინდება შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით შ. ბ-ეს, შპს „ტ-ის“ სასარგებლოდ 182844 ლარისა და 58 თეთრის, ხოლო ბ. დ-ის, მ. ფ-სა და მ. ც-ის სასარგებლოდ 3000 ლარის გადახდა დაეკისრა (იხ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 9-ე და 11-ე პუნქტები). აღნიშნული გადაწყვეტილება საქარველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 4 ივნისის განჩინებით კანონიერ ძალაში შევიდა.

2012 წლის 3 ივლისს მ. ც-ის, მ. ფ-სა და ბ. დ-ის წარმომადგენელმა კ. ფ-მა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა. ამასთან, დადგენილია, რომ წარდგენილი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

2013 წლის 11 იანვარს კ.ფ-მა როგორც მ. ც-ის, მ. ფ-სა და ბ. დ-ის, ამასთან შპს „ტ-ის“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორება და სააღსრულებო ფურცლების ცალ-ცალკე გამოწერა მოითხოვა. უსწორობის საფუძვლად კი მიუთითა, რომ თავდაპირველ სააღსრულებო ფურცელში კრედიტორად შპს „ტ-ი“ მითითებული არ იყო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა და აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილით დადგინდა შემდეგი: ბ. დ-ის, მ. ფ-ას, მ. ც-სა და შპს „ტ-ის“ წარმომადენლის კ. ფ-ის განცხადება დაკმაყოფილდა. 2010 წლის 10 ივლისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში კრედიტორად დამატებით შპს „ტ-ი“ მიეთითა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსასრულებლად 2012 წლის 10 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული აღსრულება შეწყდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსასრულებლად ორი სააღსრულებო ფურცელი გაიცა. პირველ სააღსრულებო ფურცელში კრედიტორად შპს „ტ-ი“ მიეთითა, ხოლო მოვალედ - შ. ბ-ე. ამ სააღსრულებო ფურცლით აღსრულებას დაექვემდებარა გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც შ.ბ-ეს შპს „ტ-ის“ სასარგებლოდ 182844 ლარისა და 58 თეთრის გადახდა დაეკისრა. მეორე სააღსრულებო ფურცელში კრედიტორებად მიეთითა: ბ. დ-ი, მ. ფ-ა და მ. ც-ე, ხოლო მოვალედ - შ. ბ-ე; ამ სააღსრულებო ფურცლით აღსრულებას დაექვემდებარა გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც შ. ბ-ეს ბ. დ-ის, მ. ფ-სა და მ. ც-ის სასარგებლოდ დაეკისრა 3000 ლარის გადახდა.

წარმოდგენილ კერძო საჩივარში აღნიშნული განჩინების გაუქმების საფუძვლად მითითებულია, რომ კრედიტორი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის მოთხოვნა აღსასრულებელი გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილებულა და ა.შ. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განუმარტავს კერძო საჩივრის ავტორს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, შპს „ტ-ის“ საქმეში ჩაბმის კანონიერებას სასამართლო ვერ შეამოწმებს. მოცემულ შემთხვევაში, მსჯელობის საგანია არა შპს „ტ-ის“, საქმეში ჩაბმის კანონიერება და მისთვის აღსასრულებელი გადაწყვეტილებით რაიმეს მიკუთვნება, არამედ იყო თუ არა უსწორობის გასწორების წინაპირობები სახეზე და რამდენად მართებულად მოახდინა სააპელაციო სასამართლომ სააღსრულებო ფურცლის გაცემა.

საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. აღნიშნული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არის საბოლოო, რომ იგი საბოლოოდ და შეუქცევადად ადგენს მხარეთა შორის ურთიერთობებს. ვინაიდან უფლების შესახებ დავა ყოველთვის ქმნის ამ უფლების განუსაზღვრელობას. ის, რაც იწვევდა კონფლიქტს მხარეებს შორის, სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ითვლება დადგენილად და უდავოდ. დაუშვებელია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების და ამ გადაწყვეტილებით დაცული უფლების მუდმივად ეჭქვეშ დაყენება. შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, იგი უნდა აღსრულდეს. სამოქალაქო კანონმდებლობა კი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების განსაკუთრებულ წესს ითვალისწინებს საქმის წარმოების განახლების სახით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-432-ე მუხლები).

ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 21-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სა­აღ­სრუ­ლე­ბო ფურ­ცელ­ში უნ­და აღი­ნიშ­ნოს: გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბის სა­რე­ზო­ლუ­ციო ნა­წი­ლი. კონკრეტულ შემთხვევაში კი, დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სააღსრულებო ფურცელი გაიცა 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც, შ.ბ-ის კრედიტორს შპს „ტ-ი“ წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო სააღსრულებო ფურცელში უსწორობის გასწორებასთან დაკავშირებით მიუთითებს შემდეგს: 2012 წლის 10 ივლისის სააღსრულებო ფურცელში შპს „ტ-ის“ კრედიტორად მიუთითებლობა უსწორობის საფუძველს არ წარმოადგენს. საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, განმარტოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის. აღნიშნული მუხლის თანახმად, უსწორობა ესაა ცდომილება, მაგალითად მხარეთა გვარში, სახელში, ორგანიზაციის დასახელებაში. შესაბამისად, სასამართლოს მხარის მოთხოვნის შემთხვევაშიც, რომ გამორჩენოდა შპს „ტ-ის“ კრედიტორად მითითება, სახეზე იქნებოდა არა უსწორობის გასწორების, არამედ ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძველი, რაც, გასაჩივრებული განჩინებით განხორციელდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 და 11-ე პუნქტების თანახმად, შ. ბ-ის კრედიტორებს მ. ც-ე, ბ. დ-ი, მ. ფ-ა და შპს „ტ-ი“ წარმოადგენდა, აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და ამასთან, სახეზეა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, სააპელაციო სასამართლომ მხარის მოთხოვნის საფუძველზე მართებულად გასცა ორი სააღსრულებო ფურცელი და შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ.როინიშვილი

ბ. ალავიძე