საქმე ას-265-253-2013 3 ივლისი, 2013 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ბ. 2002“
მოწინააღმდეგე მხარე - ინდივიდუალური მეწარმე ბ. ლ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ბ. 2002-ის“ დირექტორმა რ. დ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ინდივიდუალური მეწარმე ბ. ლ-ის მიმართ და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება მოითხოვა.
ბ. ლ-ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ბ.-2002-ის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ბ. ლ-ეს მოსარჩელე შპს ,,ბ.-2002-ის” სასარგებლოდ 1741,40 ლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით: საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 იანვრის განჩინებით აპელანტს უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე და - 7 დღიან ვადაში 610.32 ლარის გადახდა დაევალა. 2013 წლის 13 თებერვალს შპს „ბ. 2002-ის“ წარმომადგენელმა განცხადებით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი წარმოადგინა და განმეორებით მოითხოვა დარჩენილი ნაწილის გადახდის გადავადება. პალატამ განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლომ ერთხელ უკვე იმსჯელა აპელანტ შპს „ბ. 2002-ის“ მოთხოვნაზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ და არ დააკმაყოფილა იგი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში სრულად არ გამოასწორა ხარვეზი _ არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ბ. 2002-მა“ და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა იმ დასაბუთებით, რომ იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და ევროპულ კონვენციას. მას არ მიეცა შესაძლებლობა, სასამართლო წესით დაეცვა თავისი უფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინებით შპს „ბ. 2002-ს“ უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე და 7 - დღიან ვადაში 610.32 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა დაევალა. 2013 წლის 13 თებერვალს შპს „ბ. 2002-მა“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა და 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წარადგინა. ამასთან, სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ იშუამდგომლა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით, შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და წარდგენილი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს, რომ მას უნდა გადავადებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა. განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება კი, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ევროპული კონვენციის მე-6 მუხლს.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია, ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებენ ბაჟის გადახდის შეუძლებლობას. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, 103-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. კერძო საჩივრის ავტორმა დადგენილ ვადაში ხარვეზი ვერ შეავსო, ამასთან, მან ვერ დაადასტურა სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობა. კანონით იმპერატიულად განსაზღვრულ სასამართლო ხარჯების გადახდის განთავისუფლებისათვის ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებას კი, მხოლოდ მხარის განმარტება მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, საკმარისს არ წარმოადგენს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის დანაწესიდან ირკვევა, რომ სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადება ან შემცირება, შესაბამისი მტკიცებულებების გათვალისწინებით სასამართლოს უფლებამოსილებაა და არა ვალდებულება.
კერძო საჩივრის ავტორმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინებით მითითებული მოქმედება არ შეასრულა, მას სახელმწიფო ბაჟი - 610.32 ლარი არ გადაუხდია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დაცვით შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლომ შპს „ბ. 2002-ის“ სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს „ბ. 2002-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ.თოდრია
მოსამართლეები: ვ.როინიშვილი
ბ.ალავიძე