საქმე ას-318-303-2013 3 ივლისი, 2013 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები - ო. მ-ე, მ. მ-ე, მ. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს. ბ-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „ს. ბ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ო. მ-ის, მ. მ-სა და მ. ქ-ას მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „ს. ბ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ 2008 წლის 16 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 50 943,15 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრათ, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა 35 662,77 აშშ დოლარი, პროცენტი – 15 280,38 აშშ დოლარი; მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებისათვის პირგასამტეხლოს - 45 870,67 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლო 458,7 აშშ დოლარი დაეკისრათ; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ 2008 წლის 16 აპრილის ქონების დაზღვევასთან დაკავშირებული დამატებითი შეთანხმებიდან გამომდინარე 119,89 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრათ, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა 85,47 აშშ დოლარი, პროცენტი – 34,42 აშშ დოლარი; მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებისათვის პირგასამტეხლოს 319,98 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 31,9 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრათ; მოპასუხე ო. მ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ქ. თბილისში, დ.მასივში, მე–3 კვარტალში, 35-ე კორპუსში მდებარე 56-ე ბინა დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა; იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარად, აღნიშნული განხორციელდეს მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 მარტის განჩინებით: ო. მ-ის, მ. მ-სა და მ. მ-ე სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად;
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს ო., მ. და მ. მ-მა და მიუთითეს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდა ვერ შეძლეს მძიმე ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებით მხარეებმა დაკარგეს უფლება დაეცვათ მათი კანონიერი ინტერესი სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, დასახელებული მუხლებიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად კი, საჩივარი და საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 1 თებერვლის განჩინებით ო., მ. და მ. მ-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალათ სახელმწიფო ბაჟის სახით 3402.54 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოში წარდგენა. ხარვეზის შესავსებად 7 - დღიანი ვადა განისაზღვრა. 2013 წლის 8 თებერვალს კერძო საჩივრის ავტორებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართეს და ხარვეზის შევსების მიზნით 2013 წლის 1 თებერვლის განჩინებით დადაგენილი ვადის გაგრძელება მოითხოვეს. აღნიშნული შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა და აპელანტებს ხარვეზის შევსების ვადა 7 დღით გაუგრძელდათ. აპელანტებს განჩინებით განემარტათ, რომ თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსებოდა, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დადგენილი წესით ო., მ. და მ. მ-ის წარმომადგენელს - ა. მ-ეს 2013 წლის 12 თებერვალს ჩაჰბარდა. დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი შვიდდღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 13 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 20 თებერვალს.
კერძო საჩივრის ავტორები გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმას, რომ მათ ფინანსურად უჭირდათ და არ ჰქონდათ ბაჟის გადახდის შესაძლებლობა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, 103-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. კერძო საჩივრის ავტორები სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას ვერ ადასტურებენ. კანონით იმპერატიულად განსაზღვრულ სასამართლო ხარჯების გადახდის განთავისუფლებისათვის ან გადავადებისათვის ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად კი მხოლოდ მხარის განმარტება მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ საკმარისი არ არის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი, ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
კერძო საჩივრის ავტორებს სახელმწიფო ბაჟი დადგენილ ვადაში არ გადაუხდიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსათვის. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ო., მ. და მ. მ-ეების სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ო, მ. და მ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ.როინიშვილი
ბ.ალავიძე