საქმე ას-328-312-2013 3 ივლისი, 2013 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ო. ი-ი
მოწინააღმდეგე მხარე - ნ. მ-ი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ო. ი-ის მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების მოთხოვნით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 72000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 მარტის განჩინებით, ო. ი-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებით აპელანტს უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ვადა - 7 დღე. აღნიშნული განჩინების ასლი აპელანტს 2013 წლის 8 თებერვალს ჩაჰბარდა. ამდენად, ხარვეზის შევსების ვადა 2013 წლის 15 თებერვალს იწურებოდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლით, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლის მოთხოვნებს, ან გადახდილი არ არის სახელმწიფო ბაჟი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს, თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. ამავე კოდექსის 374-ე მუხლით, თუ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის პირობა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ვინაიდან, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი შევსებული არ ყოფილა და აპელანტს არც ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის, პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ო. ი-მა და მიუთითა, რომ 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებით დადგენილი ხარვეზი განჩინებით მითითებულ ვადაში შეავსო, ანუ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, თუმცა არ იმყოფებოდა ქ.ქუთაისში და სასამართლოსათვის მისი წარდგენა ვერ მოახდინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, დასახელებული მუხლებიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებით ო. ი-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და სახელმწიფო ბაჟის 4752 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოში წარდგენა დაევალა. ხარვეზის შესავსებად 7 - დღიანი ვადა განისაზღვრა. აპელანტს განჩინებით განემარტა, რომ თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსებოდა, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დადგენილი წესით ო.ი-ის წარმომადგენელს ა. გ-ას 2013 წლის 8 თებერვალს ჩაჰბარდა. დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი შვიდდღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 9 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 16 თებერვალს.
კერძო საჩივრის ავტორი უთითებს, რომ 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებით დადგენილი ხარვეზი განჩინებით მითითებულ ვადაში შეავსო, ანუ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, თუმცა სასამართლოსათვის წარდგენა ვერ მოახდინა, ვინაიდან არ იმყოფებოდა ქ.ქუთაისში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ხარვეზი გამოსწორებულად ჩაითვლებოდა, თუ მხარე შეავსებდა მას სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში და აღნიშნულს წარმოადგენდა სასამართლოში ან ამავე ვადის დაცვით გამოგზავნიდა ფოსტის მეშვეობით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი, ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
კერძო საჩივრის ავტორმა სახელმწიფო ბაჟი დადგენილ ვადაში არ გადაუიხდია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ო. ი-ის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ო. ი-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ.როინიშვილი
ბ.ალავიძე