Facebook Twitter

№ას-350-333-2013 3 ივლისი, 2013 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ სს „ი-ი“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჰ. ჯ-ა“

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ჰ. ჯ-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ი-ის“ მიმართ და მოითხოვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

მოპასუხე სს „ი-მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „ჰ. ჯ-ის“ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და სს „ი-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ 11241,63 ლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებით, აპელანტ სს ,,ი-ის’’ წარმომადგენელ ა. კ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; სს ,,ი-ის’’ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით განსაზღვრული საფუძვლები, არ არსებობს, რადგან აპელანტს მითითებული ნორმით გათვალისწინებული ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. რაც შეეხება, განცხადებაზე დართულ სს „ს. ბ-ის“ მიერ გაცემულ ცნობას იმის შესახებ, რომ აპელანტის მიერ ამ ბანკში გახსნილ ანგარიშს კონკრეტულ თანხას ადევს ყადაღა, სააღსრულებო და საგადასახადო ინკასო, ეს დოკუმენტი ვერ ჩაითვლება სს ,,ი-ის’’ ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელ ისეთ უტყუარ მტკიცებულებად, რაც პალატას საფუძველს მისცემდა შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად. იგი ადასტურებს ერთ ბანკში აპელანტის საბანკო ანგარიშზე კონკრეტული თანხის ფარგლებში არსებულ შეზღუდვებს. აქედან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა ვერ შეძლო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსება, რაც მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს „ი-მა“ შემდეგი დასაბუთებით: კერძო საჩივრის ავტორმა, სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა იმის დამდასტურებელი მტკიცებულებები, რაც სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების წინაპირობას წარმოადგენდა. გასაჩივრებული განჩინებით, დაირღვა საქათველოს კონსტიტუციაა 40-ე და 42-ე მუხლები. სს „ი-მა“ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ი-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, დასახელებული მუხლებიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებით, სს „ი-ის“ სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და სახელმწიფო ბაჟის - 440 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა დაევალა. 2013 წლის 11 მარტს სს „ი-მა“ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და, მძიმე ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მოითხოვა. ამავე სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებით, მხარის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, 103-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. კერძო საჩივრის ავტორმა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების მიზნით, მისი ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელ მტკიცებულებად სს „ს. ბ-ის“ ცნობა წარადგინა, საიდანაც ირკვევა, რომ აღნიშნულ ბანკში მის ანგარიშებს ყადაღა, საგადასახადო და სააღსრულებო ინკასო ადევს.

მოცემულ შემთხვევაში, სადავოა, წარმოადგენს თუ არა ზემოაღნიშნული ცნობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელ მტკიცებულებას.

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულების წარდგენა შეიძლება, გახდეს მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი. სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელმა პირმა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად უნდა უზრუნველყოს სასამართლოსათვის იმ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც მის გადახდისუუნარობას დაასაბუთებს. მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ წარდგენილი მტკიცებულება ვერ ასაბუთებდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობას.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას და მიუთითებს შემდეგს: კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი სს „ს. ბ-ის“ მიერ გაცემული ცნობა არ არის საკმარისი მტკიცებულება აპელანტის გადახდისუუნარობის დასადასტურებლად, მითითებული მტკიცებულება სრულყოფილად არ ასახავს აპელანტის ქონებრივ მდგომარეობას და არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ აპელანტს შესაძლოა, გააჩნდეს აქტივები სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადასახდელად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სს „ი-ის“ სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს „ი-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ.თოდრია

მოსამართლეები: ვ.როინიშვილი

ბ.ალავიძე