№ას-364-346-2013 3 ივლისი, 2013 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ა. პ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები – ი. ო-ი; მ. გ-ი, მ. კ-ე, გ. რ-ი, ვ-ა მ-ე, რ. პ-ი, პ. პ-ი, მ. ჭ-ე, ნ. გ-ი, ი. ნ-ა, ო. ფ-ი, ლ. ჟ-ი, ა. ჟ-ი, ტ. გ-ი, ს. ჩ-ე, მ. ო-ი, ა. პ-ი, ფ. გ-ი, მ. ფ-ი;
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. პ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ფ-ის, მ. გ-სა და სხვათა მიმართ და მოითხოვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
მოპასუხე ი. ო-მა სარჩელი არ ცნო, ხოლო დანარჩენ მოპასუხეებს სასარჩელო მოთხოვნაზე შესაგებელი არ წარმოუდგენიათ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 მარტის განჩინებით, ა. პ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 იანვრის განჩინებით ა.პ-ს მოწინააღმდეგე მხარეთა წრის დაზუსტება, დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის, რომელშიც მითითებული იქნებოდა მის მიერ გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული, რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვდა სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი და ასევე, ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა დაევალა. ამასთან, ა.პ-ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ” პუნქტის შესაბამისად, დაევალა, წარმოედგინა ცნობა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდება. ხარვეზის აღმოსაფხვრელად განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღიანი ვადა განისაზღვრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 30 იანვარს აპელანტმა ა. პ-მა ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი, რის გამოც, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით გაუგრძელდა. ამასთან, ამავე განჩინებით განემარტა, რომ, თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდა ხარვეზს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინების ასლი ა.პ-ს 2013 წლის 1 მარტს ჩაჰბარდა. ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 2 მარტს და ხუთდღიანი ვადა 2013 წლის 6 მარტს ამოიწურა. აპელანტს განჩინებით განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. პ-მა შემდეგი დასაბუთებით: კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის გასაჩივრებული განჩინების ჩაბარების ფაქტს და მიუთითებს, რომ მას 2013 წლის 1 მარტს იგი არ ჩაჰბარებია და, შესაბამისად, იგი ხელმოწერით ვერ დაადასტურებდა მის მიღებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. პ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, დასახელებული მუხლებიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება, შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად კი, საჩივარი და საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 30 იანვარს აპელანტმა ა. პ-მა ნაწილობრივ შეავსო ამავე სასამართლოს 2013 წლის 18 იანვრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი, რის გამოც, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით გაუგრძელდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინების ასლი ა.პ-ს 2013 წლის 1 მარტს ჩაჰბარდა. ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 2 მარტს და ხუთდღიანი ვადა 2013 წლის 6 მარტს ამოიწურა. აპელანტს განჩინებით განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია.
კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის განჩინების ჩაბარების ფაქტს და ჩაბარების დასტურზე მის ხელმოწერას, რასთან დაკავშირებითაც საკასაციო სასამართლო მიუთითებს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, 103-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ა.პ-ი კერძო საჩივარში მითითებულ გარემოებას ვერ ადასტურებს. დოკუმენტზე (ჩაბარების დასტური) არსებული ხელმოწერის კუთვნილების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად კი, მხოლოდ მხარის განმარტება საკმარისი არ არის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ა. პ-ის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. პ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ.თოდრია
მოსამართლეები: ვ.როინიშვილი
ბ.ალავიძე