საქმე ას-381-362-2013 3 ივლისი, 2013 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - დ. გ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - გ. ჭ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ჭ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. გ-ის მიმართ და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება მოითხოვა.
დ. გ-ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ჭ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე დ. გ-ეს გ. ჭ-ის სასარგებლოდ 2010 წლის 29 ივნისის სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი დავალიანების - 10 000 აშშ დოლარის, სესხზე დარიცხული პროცენტის - 1 800 აშშ დოლარის და ძირითად დავალიანებაზე დარიცხული პირგასამტეხლოს - 2 118 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. დავალიანების დაფარვის მიზნით გირავნობით დატვირთული დ. გ-ის სახელზე რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: მარკა,მოდელი - ლექსუს IS 350, ფერი - თეთრი, გამოშვების წელი - 2006, სანომრე ნიშანი - ..., საიდენტიფიკაციო ნომერი - ..., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - ... სარეალიზაციოდ მიექცა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით: საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 თებერვლის განჩინება აპელანტის დედას - ლ. დ-ეს 2013 წლის 19 თებერვალს ჩაჰბარდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლოს სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდა ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება, დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე ოჯახის წევრზე (დედაზე) ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. გ-ეს განჩინება სსკ 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით 2013 წლის 19 თებერვალს ჩაჰბარდა. ხარვეზის შევსების 5 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 20 თებერვალს და 2013 წლის 25 თებერვალს ამოიწურა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტს ხარვეზი დადგენილ ვადაში არ შეუვსია, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. გ-ემ და მიუთითა, რომ მას არ მიეცა შესაძლებლობა მისი საპროცესო უფლებამოსილების რეალიზება მოეხდინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, დასახელებული მუხლებიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად კი, საჩივარი და საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 1 თებერვლის განჩინებით დ. გ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და სახელმწიფო ბაჟის 556.72 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა დაევალა. აღნიშნული განჩინება მითითებულ მისამართზე, დ.გ-ის დედას - ლ. დ-ეს 2013 წლის 19 თებერვალს ჩაჰბარდა. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დენა 2013 წლის 20 თებერვალს დაიწყო და ამავე წლის 25 თებერვალს ამოიწურა. კერძო საჩივრის ავტორს მითითებულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
რაც შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია, ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებენ ბაჟის გადახდის შეუძლებლობას. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, 103-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. კერძო საჩივრის ავტორმა დადგენილ ვადაში ხარვეზი ვერ შეავსო, ამასთან, მან ვერ დაადასტურა სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობა. კანონით იმპერატიულად განსაზღვრულ სასამართლო ხარჯების გადახდის განთავისუფლებისათვის ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებას კი, მხოლოდ მხარის განმარტება მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, საკმარისს არ წარმოადგენს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის დანაწესიდან ირკვევა, რომ სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადება ან შემცირება, შესაბამისი მტკიცებულებების გათვალისწინებით სასამართლოს უფლებამოსილებაა და არა ვალდებულება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დაცვით შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დ. გ-ის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ.თოდრია
მოსამართლეები: ვ.როინიშვილი
ბ.ალავიძე