Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-471-447-2013 1 ივლისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ზ. ე-ი (განმცხადებელი)

მოწინააღმდეგე მხარე – კ. და გ. ე-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 აპრილის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კ. და გ. ე-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, კ. და გ. ე-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ზ. ე-ს აეკრძალა კ. და გ. ე-ის მათ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გადასული ჯონჯოლის ხეების ტოტების მოჭრაში ხელშეშლა, სამეურნეო სათავსის (საღორეების) მოშლის ნაწილში კი სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

ზ. ე-მა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: თელავის რაიონულმა სასამართლომ 2011 წლის 12 აპრილს განიხილა კ. და გ. ე-ის სარჩელი უკანონო ხელშეშლის აღკვეთის შესახებ. სასამართლომ სათანადო შესწავლისა და შემოწმების გარეშე ერთ-ერთი მოსარჩელე გ. ე-ი გაათავისუფლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ანუ სარჩელი წარმოებაში მიიღო სახელმწიფო ბაჟის გადახდის გარეშე. მეტიც, მოცემულ საქმეზე მოსარჩელეებს არათუ საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული საკუთრების მოწმობის ამონაწერი არ ჰქონდათ, სასამართლოს მართლზომიერი მფლობელობის დოკუმენტიც ვერ წარუდგინეს. ასევე მოიქცა თბილისის სააპელაციო სასამართლო, როდესაც ერთ-ერთი აპელანტი – გ. ე-ი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე, 374-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით გაათავისუფლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და წარმოებაში მიიღო მისი სააპელაციო საჩივარი. კანონის უხეში დარღვევით სასამართლომ საკუთარი ინიციატივით შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოება, რომ მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი, არ შეესაბამება სიმართლეს. სასამართლომ გადაწყვეტილების მიღების დროს არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 თებერვლის განჩინებით ზ. ე-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. ე-მა, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 მაისის გაჩინებით ზ. ე-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად.

ზ. ე-მა კვლავ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა შემდეგი არგუმენტებით: ახმეტის მაგისტრატი სასამართლოს 2010 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით კ. და გ. ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 დეკემბრის განჩინებით გაუქმდა ახმეტის მაგისტრატი სასამართლოს 2010 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თელავის რაიონულ სასამართლოს. თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით კ. და გ. ე-ს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება მათ მიერ გასაჩივრებული იქნა სააპელაციო საჩივრით.

სააპელაციო სასამართლოში აპელანტებმა (მოსარჩლეებმა) ერთ-ერთი სასარჩელო მოთხოვნა, ნაცვლად ჯონჯოლის ნარგავების სხვა ადგილზე გადატანისა, შეცვალეს და მოითხოვეს მათ მხარეს გადასული ჯონჯოლის ბუჩქის ტოტების მოჭრა. სასამართლომ უკანონოდ გაიზიარა აღნიშნული მოთხოვნა, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის დანაწესი. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ იმ მიწის ნაკვეთზე, სადაც გაშენებულია ნარგავები მოსარჩელეებმა არათუ საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული საკუთრების მოწმობის ამონაწერი, არამედ მართლზომიერი მფლობელობის დოკუმენტიც ვერ წარუდგინეს სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ ერთ-ერთი მოსარჩელე გ. ე-ი კანონის მოთხოვნათა დარღვევით გაათავისუფლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ანუ სააპელაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სახელმწიფო ბაჟის გადახდის გარეშე. ამასთან, სააპელაციო პალატამ არ მოახდინა სხდომის აუდიო და ვიდეო ჩაწერა, რათა გაეყალბებინა საქმე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებით ზ. ე-ს განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი და განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში დაევალა მოთხოვნის დაზუსტება, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლებისა და ამ საფუძვლების დამადასტურებელი გარემოებების, ასევე, იმის მითითება, თუ როდის გახდა მისთვის ცნობილი გადაწყვეტილების ბათილობის საფუძველი.

ზ. ე-მა ხარვეზის გამოსწორების მიზნით განცხადებებით მიმართა სასამართლოს, სადაც კვლავ იმავე საფუძვლებზე მიუთითა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 აპრილის განჩინებით ზ. ე-ის განცხადება დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილით, 422-ე მუხლის პირველი ნაწილით, 427-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, 429-ე მუხლით და მიიჩნია, რომ განმცხადებელი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს იმავე საფუძვლებით, რასაც აყალიბებდა საკასაციო საჩივარში, მოგვიანებით ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ წარდგენილ განცხადებაში. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი ზ. ე-ის განცხადებები ერთგვაროვანია, განხილული და შეფასებულია სასამართლოს მიერ, რაც თავისთავად გამორიცხავს მათ საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიჩნევის შესაძლებლობას.

პალატამ განმარტა, რომ გადაწყვეტილება მართლმსაჯულების აქტია, რომელიც ორიენტირებულია მოდავე მხარის უფლების რეალიზებაზე და კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მიმართულია აღსრულებისკენ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოცემული თავი, რომელიც განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) საქმის წარმოების განახლებას, წარმოადგენს არა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ საქმის განხილვის მორიგ ეტაპს, არამედ დასრულებული საქმის წარმოების საგამონაკლისო სახეა, რომელიც დაიშვება მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას. განსახილველ შემთხვევაში კი კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) სამართალწარმოების განახლების სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობები არ არსებობს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ზ. ე-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება, რის საფუძვლადაც მხარემ მიუთითა იმავე არგუმენტებზე, რაზეც საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაში აპელირებდა. გასაჩივრებულ განჩინებასთან დაკავშირებით მხარემ დასძინა, რომ 2013 წლის 4 აპრილის განჩინება ლოგიკურია, რადგან თვით სააპელაციო საჩივარი (სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის №2ბ-2184 გადაწყვეტილება) მიუღებელი და დაუშვებელია.

კერძო საჩივრის ავტორმა ასევე მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ე-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ ზ. ე-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილით, 422-ე მუხლის პირველი ნაწილით, 427-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, 429-ე მუხლით და მიიჩნია, რომ განმცხადებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს იმავე საფუძვლებით, რასაც აყალიბებდა საკასაციო საჩივარში, მოგვიანებით ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ წარდგენილ განცხადებაში.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ზ. ე-მა ამავე საფუძვლებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით სასამართლოს ადრე უკვე მიმართა, მხარე იმავე საფუძვლებზე აპელირებდა საქმის არსებითად განხილვისას შეტანილ საკასაციო საჩივარშიც, შესაბამისად, განცხადებები ერთგვაროვანია, განხილული და შეფასებულია სასამართლოს მიერ, რაც წარმოდგენილი განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.

მითითებული კანონის დანაწესი ცხადყოფს, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ მხარის განცხადების სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმებამდე სასამართლო გამოარკვევს, აკმაყოფილებს თუ არა აღნიშნული განცხადება მისი დასაშვებობისათვის დადგენილ წინაპირობებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას; ბ) მითითებას იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან საქმის განახლება; გ) მითითებას იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა, და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე; დ) მითითებას განსჯადობის წესების დაცვის თაობაზე; ე) მითითებას იმის შესახებ, თუ რა ზომით და რა ფარგლებში მოითხოვს განმცხადებელი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სხვა გადაწყვეტილებით მის შეცვლას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია სასამართლოს ვალდებულება, ამ მუხლის ზემოაღნიშნულ პირობებთან განცხადების შეუსაბამობის შემთხვევაში, მხარეს განუსაზღვროს საპროცესო ვადა, კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში განცხადების მოყვანის მიზნით.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებით ზ. ე-ის განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი განცხადების წარმოდგენა.

საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ განმცხადებელი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს იმავე საფუძვლებით, რაზეც მიუთითებდა საკასაციო საჩივარში, მოგვიანებით კი ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების შესახებ წარდგენილ განცხადებაში. შესაბამისად, მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია.

ამდენად, სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად ჩათვალა, რომ საქმეში წარმოდგენილი ზ. ე-ის განცხადებები ერთგვაროვანია, სასამართლომ მის საფუძვლებზე უკვე იმსჯელა და შეაფასა, რაც თავისთავად გამორიცხავს მათზე მითითებით საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას.

ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმის წარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას. განსახილველ შემთხვევაში კი ზ. ე-ს ასეთი წინაპირობების არსებობაზე არ მიუთითებია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და კერძო საჩივრის ავტორს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ დაუსაბუთებია.

ამდენად, ზ. ე-ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მის შუამდგომლობას კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. ე-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე