Facebook Twitter

№ას-480-456-2013 3 ივლისი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ზ. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – სს „პ. ბ-ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

დავის საგანი – დავალიანების დაკისრება, ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „პ. ბ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თ. გ-ს, მ. ხ-ს, ნ. გ-ს, ლ. ლ-სა და ამხანაგობა „გ. 34-ს“ სს „პ. ბ-ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ძირი თანხის – 269604.44 აშშ დოლარის, პროცენტის – 49090.61 აშშ დოლარის და ჯარიმის – 880 აშშ დოლარის გადახდა, თ. გ-სა და მ. ხ-ის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 780000 აშშ დოლარით, ხოლო ნ. გ-სა და ლ. ლ-ის 400000 აშშ დოლარით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. მ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 მარტის განჩინებით ზ. მ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე განუხილველად იქნა დატოვებული, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გასვლის გამო.

მითითებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ზ. მ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.

კერძო საჩირის მოტივები:

სააპელაციო სასამართლო არასწორად მიუთითებს იმაზე, რომ თითქოს ზ. მ-ემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაიბარა 2013 წლის 10 იანვარს. რეალურად, ამ უკანასკნელს გადაწყვეტილება ჩაბარდა 2013 წლის 16 იანვარს. გადაწყვეტილების ჩაბარების ხელწერილის შევსების დროს მექანიკური შეცდომა იქნა დაშვებული, კერძოდ, საწერი კალამის გაუმართაობის გამო ციფრი „6-ის“ ნაცვლად დაფიქსირდა ციფრი „0“. ამას ადასტურებს ის, რომ სასამართლოს მიერ გადაცემული გადაწყვეტილების ასლის ბოლო გვერდზე დასმული ბეჭედი, რომელზეც მითითებულია „2013 წლის 16 იანვარი“;

2012 წლის 21 დეკემბრიდან მოყოლებული ზ. მ-ე პერმანენტულად ითხოვდა გადაწყვეტილებას, რადგან სასამართლოს პრაქტიკულად არ გამოუცხადებია მისი სარეზოლუციო ნაწილი. ამის შემდგომ, აპელანტი ყოველდღიურად კითხულობდა სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც 2013 წლის 16 იანვრამდე მზად არ იყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილია, რომ, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

ამდენად, მითითებული ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მოპასუხე ზ. მ-ე (ტომი 5, ს.ფ. 511-513). ამასთან, დასტურდება ისიც, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღეს, კერძოდ, 2013 წლის 10 იანვარს იგი გამოცხადდა სასამართლოში და ჩაიბარა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი (ტომი 5, ს.ფ. 549). აღნიშნულს ცხადყოფს შესაბამის ხელწერილზე არსებული აპელანტის ხელმოწერა, რომლის ქვეშაც სრულიად გარკვევითაა მითითებული ადრესატის პირადი ნომერი და მისთვის გადაწყვეტილების გადაცემის თარიღი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების მომდევნო დღიდან – 2013 წლის 11 იანვრიდან და ამოიწურა ამავე წლის 24 იანვარს, რომელიც იყო სამუშაო დღე – ორშაბათი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივარი თბილისის თბილისის საქალაქო სასამართლოში წარსადგენად ფოსტას ჩაბარდა 2013 წლის 30 იანვარს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით (ტომი 5, ს.ფ. 568-581).

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად ზ. მ-ის სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას სასამართლო გზავნილზე მითითებული თარიღის უსწორობის, ასევე, 2013 წლის 16 იანვრამდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მის მიერ მიღების შეუძლებლობის თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეული მხარე ვალდებულია დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, ხოლო, ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა ვერ უზრუნველყო მის მიერ მითითებული გარემოების დასაბუთება შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მას სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე ისეთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა კერძო საჩივარში მითითებულ გარემოებას. მხოლოდ მისი განმარტება, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვერ აქარწყლებს ს.ფ. 549-ზე (ტომი 5) განთავსებულ ხელწერილში მითითებულ გარემოებას, რომ აპელანტმა სასამართლო გადაწყვეტილება ჩაიბარა 2013 წლის 10 იანვარს. კერძო საჩივრის ავტორმა ვერც იმის დადასტურება შეძლო, რომ მან ხსენებული გადაწყვეტილების მიღება 2013 წლის 16 იანვრამდე ვერ შეძლო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე