საქმე №ას-484-460-2013 1 ივლისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – თ. ხ-ი, ნ. გ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ხ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სამკვიდროს მესაკუთრედ აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ხ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ხ-ის და ნ. გ-ის მიმართ სამკვიდროს მესაკუთრედ ცნობის შესახებ შემდეგი საფუძვლებით:
ყაზბეგის რაიონის დაბა ს-ი მდებარე 794 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული №1 შენობა-ნაგებობა არის 2010 წლის 24 დეკემბრის გარდაცვლილი ვ. ხ-ის სამკვიდრო. მოპასუხეებთან შეთანხმებით, ნ. ხ-მა სიცოცხლეშიც მოუარა დედას და გაიღო მისი დაკრძალვის ხარჯები, რის სანაცვლოდაც მხოლოდ მან მიიღო სამკვიდრო.
საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაერთო მ. ყ-ი.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც თ. ხ-მა, ნ. გ-ემ და მ. ყ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 აპრილის განჩინებით საქმის წარმოება თ. ხ-ის, ნ. გ-სა და მ. ყ-ის სააპელაციო საჩივარზე შეწყდა აპელანტთა მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, აპელანტებს განემარტათ, რომ გასაჩივრებულ განჩინებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება ერთმევათ შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 372-ე მუხლებით და მიუთითა, რომ აპელანტებმა _ თ. ხ-მა, ნ. გ-ემ და მ. ყ-ის წარმომადგენელმა მ. ნ-ამ სასამართლო სხდომაზე უარი თქვეს სააპელაციო საჩივარზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება ნ. ხ-ის სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე ძალაში უნდა დარჩეს, ხოლო №2ბ/88-13 საქმეზე საქმის წარმოება შეწყდეს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ნ. გ-ემ და თ. ხ-მა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტებმა შეიტყეს, რომ მ. ყ-ის სასარჩელო განცხადება ნ. ხ-ის მიმართ სადავო სამკვიდროს ¼-ის მესაკუთრედ ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა. გამოხატეს რა სიხარული მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით, მათ არ მიეცათ შესაძლებლობა, თავისი წარმომადგენლისაგან შეეტყოთ, რა ხდებოდა მათი სააპელაციო საჩივრის განხილვაზე და რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვებოდა აღნიშნულს. ფაქტობრივად, აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე უარი არ უთქვამთ. მათი ემოციები განპირობებული იყო მ. ყ-ის სარჩელის დაკმაყოფილებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ-სა და თ. ხ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ ნ.გ-ემ და თ. ხ-მა უარი განაცხადეს მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე შეტანილ სააპელაციო საჩივარზე, რის გამოც სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 372-ე მუხლებით, 378-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სააპელაციო საქმის წარმოება შეწყვიტა.
მოცემული კერძო საჩივრის ავტორები თავის მოთხოვნას ამყარებენ იმ გარემოებებზე, რომ აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის სურვილი არ გააჩნდათ, სააპელაციო სასამართლოში პროცესის მიმდინარეობისას მათ შესაძლებლობა არ მიეცათ, გაეცნობიერებინათ ან თავიანთი ადვოკატისაგან გაეგოთ მომხდარის სამართლებრივი შედეგების შესახებ. აპელანტებმა თანხმობა გამოთქვეს მხოლოდ მარიამ ყამარაულისათვის სადავო სამკვიდროს ¼-ის მიკუთვნებასთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მხარეთა მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ აპელანტებს _ ნ. გ-სა და თ. ხ-ს სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ საკუთარი ნება მკაფიოდ და დამაჯერებლად არ გამოუთქვამთ. ამ კუთხით საგულისხმოა სააპელაციო პალატის 2013 წლის 11 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი, სადაც დაფიქსირებულია, რომ სასამართლოს სხდომას ესწრებოდნენ როგორც ნ. გ-ე და თ. ხ-ი, ისე მათი წარმომადგენელი მ. ნ-ა. ამ უკანასკნელს გააჩნდა მარწმუნებელთა სახელით სარჩელზე უარის თქმის უფლებამოსილება, თუმცა, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ განცხადება კერძო საჩივრის ავტორთა სახელით არ გაუკეთებია. რაც შეეხება ნ. გ-სა და თ. ხ-ის განმარტებებს, სასამართლო სხდომის ოქმის შესწავლით დასტურდება შემდეგი: ნ. გ-სა და თ. ხ-ის მითითებაზე, რომ მათ არ იციან რა სახით ჩამოაყალიბონ საკუთარი მოთხოვნა, სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ კითხვებით, ამბობდნენ თუ არა ისინი უარს სააპელაციო საჩივარზე; სასამართლოს არ განუმარტავს აპელანტებისთვის სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები; თ. ხ-ი განმარტავს, რომ მოცემულ დავაში მისი ინტერესი მიმართული იყო მეტწილად მ. ყ-ის სადავო სამკვიდროდან წილის მიკუთვნებისაკენ, თუმცა, მასაც საკუთარი პრეტენზია გააჩნია, რაც სასამართლოს მხრიდან კითხვების დასმის გზით იმის დაზუსტებას საჭიროებდა, ხომ არ გამოხატავდა მხარე ამგვარი პოზიციის დაფიქსირებით დავის გაგრძელების სურვილს; ნ. გ-ე დაეთანხმა თ. ხ-ის პოზიციას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით აღიარებულია რა მხარეთა დისპოზიციურობის პრინციპი _ აღძრან სარჩელი, ან უარი თქვან სარჩელზე, სასამართლოს ვალდებულებაა ხელი შეუწყოს ამ პრინციპის რეალიზაციას იმგვარად, რომ მხარეებს მიეცეთ შესაძლებლობა გააცნობიერონ ის სამართლებრივი შედეგები რაც მოჰყვება მათ მიერ განხორციელებულ ქმედებას. აღნიშნული მიიღწევა სასამართლოს მხრიდან იმ საპროცესო ნორმებზე მითითებით, რომლებშიც შესაბამისი სამართლებრივი შედეგია მოცემული.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატას მხარეთა ნამდვილი ნება და დავისადმი რეალური ინტერესი სათანადოდ არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია, ასევე სასამართლოს მხარეთათვის არ განუმარტავს ის სამართლებრივი შედეგები, რაც შეიძლება მოჰყოლოდა სააპელაციო საჩივარზე უარის თქმას. შესაბამისად, ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. გ-სა და თ. ხ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 აპრილის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე