№ას-488-464-2013 5 ივლისი, 2013 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ თ. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს მიკროაფინანსო ორგანიზაცია „ა +“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – განჩინების განმარტება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ა + -მა“ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს არბიტრაჟის - შპს „ი. კ-ას“ 2012 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება მოითხოვა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 აგვისტოს განჩინებით მხარეები, შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ა +“, მ. შ-ია, თ. ბ-ე და გ. კ-ე მორიგდნენ.
2013 წლის 15 მარტს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ა. ხ-ემ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და 2012 წლის 30 აგვისტოს განჩინების განმარტება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 აპრილის განჩინებით, ა.ხ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ამავე სასამართლოს 2012 წლის 30 აგვისტოს განჩინება შემდეგნაირად განიმარტა: პალატის აზრით, მორიგების აქტით მხარეები შეთანხმდნენ ვალდებულების სრული მოცულობით შესრულებაზე იმ შემთხვევაშიც, თუ რეალიზებული ქონების ღირებულება სრულად არ დაფარავდა მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავდებობასა და თ. ბ-სა და გ. კ-ის ვალდებულების განსაზღვრას არავითარი აზრი ექნებოდა. თუმცა, რადგან სასამართლომ დაადგინა გადაწყვეტილების აღსრულების წესი, კრედიტორმა, თავდაპირველად, უნდა სცადოს მოთხოვნის დაკმაყოფილება განჩინებაში ჩამოთვლილი ქონების ხარჯზე. ამგვარად, ნათელია, რომ შპს-მ მიკრო საფინანსო ორგანიზაცია „ა +“ თავისი მოთხოვნა უნდა დაიკმაყოფილოს ჯერ განჩინებაში ჩამოთვლილი ქონების რეალიზაციით და თუ ამონაგები არ იქნება საკმარისი მოთხოვნის დასაფარავად, მას შეეძლება აღსრულების მიქცევა მოვალეთა სხვა ქონებაზეც.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. ბ-ემ იმ დასაბუთებით, რომ სასამართლოს არ ჰქონდა უფლება გაეუარესებინა მისი მდგომარეობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დგინდება შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2013 წლის 15 მარტს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ა. ხ-მ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და 2012 წლის 30 აგვისტოს განჩინების განმარტება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 აპრილის განჩინებით, ა.ხ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ამავე სასამართლოს 2012 წლის 30 აგვისტოს განჩინება შემდეგნაირად განიმარტა: შპს მიკრო საფინანსო ორგანიზაცია „ა + -მა“ თავისი მოთხოვნა უნდა დაიკმაყოფილოს ჯერ განჩინებაში ჩამოთვლილი ქონების რეალიზაციით და თუ ამ გზით მიღებული ამონაგები არ იქნება საკმარისი გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების სრულად შესასრულებლად, აღსრულება შეიძლება მიექცეს მ. შ-ას, თ. ბ-სა და გ. კ-ის კუთვნილ სხვა ქონებაზეც.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას გასაჩივრებული განჩინების არამართებულობასთან დაკავშირებით შემდეგ გარემოებათა გამო: განჩინების განმარტება ეფუძნება საქმეში არსებულ 2010 წლის 19 აგვისტოს №111ა გირავნობისა და თავდებობების ხელშეკრულებებს. აღნიშნული ხელშეკრულებებით დგინდება შემდეგი: მოგირავნე უფლებამოსილია გირავნობის საგნის რეალიზაციით დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა. აინაზღაუროს დანაკლისი დამგირავებლის სხვა ქონების ხარჯზე თუ გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები არ არის საკმარისი მოგირავნის მოთხოვნათა სრულად დასაკმაყოფილებლად. რაც შეეხება, თავდებობის ხელშეკრულებას მოცემულით დგინდება რომ თავდებმა პირებმა თ. ბ-ემ და გ. კ-ემ მთელი თავისი უძრავ-მოძრავი ქონებით სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ მხარეებს 2012 წლის 30 აგვისტოს განჩინებით დგინდება, რომ მორიგების აქტის გაფორმებით არ უქმდება არანაირი სასესხო, გირავნობისა და თავდებობის ხელშეკრულებები, რომელიც უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნებს. მორიგების პირობების „ზ“ პუნქტის მიხედვით კი, მხარეები აცხადებენ თანხმობას, რომ წინამდებარე მორიგების ნებისმიერი პუნქტის დარღვევის ან/და ნებაყოფილობით შეუსრულებლობის შემთხვევაში, მორიგება მიქცეული იქნება იძულებითი წესით აღსასრულებლად, სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულება განხორციელდეს ვალის უზრუნველსაყოფად დაგირავებული მოძრავი ქონების საჯარო აუქციონზე რეალიზაციის გზით. დაგირავებული მოძრავი ქონების ჩამონათველი: ტელევიზორი „ვესტელ“, მაცივარი „LG“, კომპიუტერი „hp“, საძინებელი.
მხარეებმა კონკრეტულად განსაზღვრეს მოვალის ქონება, რომელზეც უნდა მიქცეულიყო აღსრულება, ამავე დროს, ძალაში დატოვეს გირავნობისა და თავდებობის ხელშეკრულებები, შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ დაგირავებული ნივთების რეალიზაცია ვერ უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების ანალიზი იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ მოვალისა და თავდები პირების ქონებაზე აღსრულების მიქცევა კანონიერია.
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ კრედიტორის, შპს-ს მიკრო საფინანსო ორგანიზაცია ”ა +” მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ჯერ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტში ჩამოთვლილი ქონების რეალიზაციით და თუ ამ გზით მიღებული ამონაგები არ იქნება საკმარისი გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების სრულად შესასრულებლად, აღსრულება შეიძლება მიექცეს მ. შ-ას, თ. ბ-სა და გ. კ-ის კუთვნილ სხვა ქონებაზეც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 აგვისტოს განჩინება, არ არსებობს თ. ბ-ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ.როინიშვილი
ბ. ალავიძე