№ას-492-468-2013 3 ივლისი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. კ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ.თ. მ-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „ბ.თ. მ-ის“ სარჩელი მოპასუხე ნ. კ-ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
მოპასუხე ნ. კ-ს მოსარჩელე შპს „ბ.თ. მ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 32000 ლარის გადახდა;
სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოპასუხისათვის პროცენტის 8320 ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 აპრილის განჩინებით ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. კ-მა (წარმომადგენელი ა.ზ-ი), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ხარვეზის განჩინება ჩაბარდა აპელანტის ოჯახის წევრს, ვინაიდან გზავნილის მიმღები პირი არ არის აპელანტის ოჯახის წევრი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განჩინებით ნ. კ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო აპელანტის მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობა.
სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის ვადის ათვლა დაიწყო ამავე სასამართლოს 2013 წლის 1 აპრილის განჩინების ქ.კ-ის ჩაბარების მომდევნო დღიდან – 2013 წლის 4 აპრილიდან. ქ. კ-ი სასამართლო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე მითითებულია, როგორც ადრესატის ბიძაშვილი (ოჯახის წევრი). აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ გზავნილი ადრესატისათვის ჩაბარებულად ჩათვალა.
კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას და განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტისათვის ჩაბარებულად არ უნდა იქნეს მიჩნეული, რადგან ქ. კ-ი მისი ოჯახის წევრს არ წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის ზემოხსენებული პრეტენზიის საფუძვლიანობის შემოწმებისას ყურადღებას მიაქცევს შემდეგს:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება.
საქმის მასალების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 მარტის განჩინებით (რომელშიც ამავე სასამართლოს 2013 წლის 1 აპრილის განჩინებით გასწორდა უსწორობა) ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, აპელანტს დაევალა სააპელაციო სასამართლოში 1280 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა (ტომი 2, ს.ფ. 3-5, 8-9). მითითებული განჩინებები აპელანტ ნ. კ-ს გაეგზავნა საქმეში მის მიერ მითითებულ მისამართზე – ქ.თბილისი, ძ.ზ-ის ქ.12 (ტომი 2, ს.ფ. 6, 10). დასახელებულ მისამართზე სასამართლო გზავნილები ორივე შემთხვევაში ჩაიბარა ქ. კ-მა, როგორც აპელანტის ოჯახის წევრმა (ბიძაშვილმა), რასაც ადასტურებს გზავნილებზე მისი ხელმოწერები (ტომი 2, ს.ფ. 7, 11).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან აპელანტის მიერ მითითებულ მისამართზე ქ. კ-მა, როგორც აპელანტის ოჯახის წევრმა, პრეტენზიის გარეშე ჩაიბარა სასამართლო გზავნილი, რაც დაადასტურა საკუთარი ხელმოწერით, არსებობს პრეზუმფცია, რომ სასამართლო უწყება ჩაიბარა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულმა უფლებამოსილმა პირმა – ადრესატის ოჯახის წევრმა. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული პრეზუმფციის გაქარწყლების მტკიცების ტვირთი ეკისრება კერძო საჩივრის ავტორს (აპელანტს). ამ უკანასკნელს კი, მითითებული პრეზუმფციის გასაქარწყლებლად არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რაც მის მოვალეობას წარმოადგენდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად.
ამდენად, არსებულ ვითარებაში, სასამართლო გზავნილი ჩაბარებულად მიიჩნევა ადრესატისათვის, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული პირისათვის უწყების ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად. ამ ნორმის შესაბამისად, სასამართლო არკვევს მხოლოდ იმას, ჩაბარდა თუ არა უწყება ადრესატთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. ასეთი ცნობის არსებობის შემთხვევაში, უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა და სასამართლოს შეუძლია განახორციელოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე