Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-493-469-2013 5 ივლისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ჯ. წ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ყ-ბ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ყ-ბ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ჯ. წ-ის მიმართ დანაშაულით მიყენებული ზიანის – 180914,55 ლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 ნოემბრის განაჩენით მოპასუხე ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მოსარჩელის მიმართ. აღნიშნული დანაშაულის შედეგად შპს „ყ-ბ-ს“ მიადგა მატერიალური ზიანი, რომლის ოდენობა დადგენილია განაჩენით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 ნოემბრის განაჩენით დადგენილი გარემოებანი სინამდვილეს არ შეესაბამება. ასევე არასწორადაა დადგენილი სადავო ზიანის ოდენობა, შესაბამისად, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „ყ-ბ-ის“ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 აპრილის განჩინებით ჯ. წ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 1 მარტის განჩინებით აპელანტ ჯ. წ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, მას დაევალა სახელმწიფო ბაჟის – 5000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა და იმის დაზუსტება, თუ რა სახის ახალი გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო მიღებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ.

საქმეში არსებული ხელწერილის საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 მარტის განჩინება 2013 წლის 19 მარტს აპელანტს პირადად ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 20 მარტს და ამოიწურა 2013 წლის 25 მარტს.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და მიუთითა, რომ აპელანტს ხარვეზი დადგენილ ვადაში არ შეუვსია, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ჯ. წ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ არასწორად მიუთითა მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ აპელანტს სახელმწიფო ბაჟი არ გადაუხდია. ჯ. წ-ის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრებისას სააპელაციო პალატამ უგულებელყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის დანაწესები, ვინაიდან მოსარჩელეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ისეთ დავებზე, რომლებიც ეხება დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზრაურებას. ამდენად, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით სასამართლომ შეუზღუდა მხარეს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული უფლება.

აქვე აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული განაჩენი ჯ.წ-ის მიმართ უკანონოა, რის შესახებაც მან პროკურატურას საჩივრით უკვე მიმართა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. წ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ ჯ. წ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის – სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და 2013 წლის 1 მარტის განჩინებით აპელანტს დაუდგინა ხარვეზი, რომლითაც დაავალა 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 5000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა და იმის დაზუსტება, თუ რა სახის ახალი გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო მიღებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მხარის მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ. ამავე განჩინებით მხარეს განემარტა, რომ ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში მისი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად, თუმცა აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია.

საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას ჯ. წ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით და თვლის, რომ მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია და არც თავად მხარე უარყოფს, რომ ჯ. წ-ეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება მისი სააპელაციო საჩივრისათვის ხარვეზის განსაზღვრის თაობაზე 2013 წლის 19 მარტს პირადად ჩაბარდა. განჩინებაში მითითებული ხარვეზის გამოსასწორებლად მხარეს დაუდგინდა 5-დღიანი ვადა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

ამდენად, ჯ. წ-ის მიცემული 5-დღიანი ვადის დენა დაიყო 2013 წლის 20 მარტს.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

კანონის ხსენებული დანაწესიდან გამომდინარე, აპელანტს ხარვეზის შევსება შეეძლო 2013 წლის 25 მარტის ჩათვლით, რაც მას არც სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში და არც შემდეგ არ განუხორციელებია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება ცალსახად წარმოადგენდა ჯ. წ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას.

სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული კერძო საჩივრის არგუმენტი, რომ ჯ. წ-ე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან უნდა გათავისუფლებულიყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად. ხსენებული ნორმების ძალით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების სარჩელებზე.

მითითებული დისპოზიციის ანალიზი ცხადად მეტყველებს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების პრივილეგიით სარგებლობს მხოლოდ მოსარჩელე (და არა მოპასუხე), რომლის სასარჩელო მოთხოვნა ეხება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. ამდენად, მითითებული ნორმების სუბიექტია სარჩელის წარმდგენი პირი და არა ის მხარე, რომლის მიმართაცაა წარდგენილი პრეტენზია. აღნიშნული შეღავათის დადგენით კანონმდებელს სურს, მატრიალური თვალსაზრისით შეუმსუბუქოს სასამართლოში დავის წარმართვა ისეთ პირს, რომელსაც დანაშაულით ქონებრივი ზიანი ისედაც მიადგა.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეა შპს „ყ-ბ-ი“, ხოლო ჯ. წ-ე დავაში მონაწილეობს მოპასუხის სტატუსით, შესაბამისად, იგი ზემოხსენებული საფუძვლით სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ვერ გათავისუფლდება.

ასევე დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის არგუმენტი, რომ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით სასამართლომ შეუზღუდა მხარეს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული უფლება, სასამართლო წესით დაიცვას თავისი ინტერესები.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ჯ. წ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის მოტივით. მხარის საპროცესო მოვალეობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის აუცილებლობის თაობაზე კი დადგენილია მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, რაც სასამართლოსათვის სავალდებულოდ გასათვალისწინებელ წესს წარმოადგენს. შესაბამისად, მხარის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება მხარის კანონიერი უფლებების ხელყოფად ვერ შეფასდება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო ჯ. წ-ის კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჯ. წ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე