№ას-505-479-2013 3 ივლისი, 2013 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ი. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ქ.თბილისის მერია
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 29 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული საგნის უკან დაბრუნების შეუძლებლობის გამო საგნის ღირებულების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქ.თბილისის მერიამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. მ-ის მიმართ და უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული საგნის უკან დაბრუნების შეუძლებლობის გამო საგნის ღირებულების ანაზღაურება მოითხოვა.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა. ი. მ-ს ქალაქ თბილისის მერიის სასარგებლოდ 134128 ლარის ანაზღაურება დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი.მ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 29 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი საფუძვლებით: გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2012 წლის 29 ნოემბერს, საქმის მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა აპელანტ ი. მ-ის წარმომადგენელი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 259-ე1 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელ) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გამოცხადებიდან 30 დღეს ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2012 წლის 29 ნოემბერს, მხარეთათვის გადაწყვეტილების ჩაბარების კანონით განსაზღვრული 30 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 30 ნოემბერს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული ვადა გავიდა 2012 წლის 29 დეკემბერს, შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 1 იანვარს და აღნიშნული ვადა ამოიწურა 2013 წლის 14 იანვარს. საქმის მასალებით კი დასტურდება რომ ი. მ-მა სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა 2013 წლის 29 იანვარს, ანუ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით (გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2013 წლის 14 იანვარს).
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი.მ-მა, შემდეგი დასაბუთებით: ი.მ-ის წარმომადგენელი, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 20 დღის გასვლის შემდეგ ზეპირსიტყვიერად ითხოვდა გადაწყვეტილების ჩაბარებას, თუმცა ჩაბარება ვერ ხერხდებოდა, რადგან არ იყო მზად. ამასთან, კერძო საჩივარში მითითებულია, რომ კანონი მხარეს არ ავალდებულებს, რომ წერილობითი ფორმით მოითხოვოს გადაწყვეტილების ჩაბარება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება კერძო საჩივრის ავტორს 2013 წლის 25 იანვარს ჩაჰბარდა, ხოლო სააპელაციო საჩივარი ამავე წლის 29 იანვარს, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად წარადგინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების ი.დიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2013 წლის 29 მარტის განჩინებით ი.მ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ 14 - დღიან ვადაში წარუდგენლობის გამო. აღნიშნულთან დაკავშირებით, კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო მხარისათვის მისი გადაცემის მომენტიდან.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლო ზემოდასახელებული მუხლების ურთიერთჯერების საფუძველზე მიუთითებს შემდეგს: იმისათვის, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შესაბამისად, უნდა იკვეთებოდეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული შემდეგი გარემოებები: გადაწყვეტილების გასაჩივრებას უნდა ესწრებოდეს გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი უნდა იყოს გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი. ამასთან, 2591 მუხლი იმპერატიული ნორმაა. იგი ცალსახად და იმპერატიულად ადგენს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესს და ნორმის სხვაგვარი განმარტების საშუალებას არ იძლევა.
განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 29 ნოემბრის სხდომის ოქმით ირკვევა, რომ სასამართლო პროცესს ესწრებოდა ი. მ-ის წარმომადგენელი რ. პ-ა. საქმეში არსებული რწმუნებულებით დასტურდება, რომ ი.მ-მა რ.პ-ას მიანიჭა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო წესით.
დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მითითება, იმასთან დაკავშირებით, რომ ის ზეპირსიტყვიერად ითხოვდა გადაწყვეტილების ჩაბარებას, თუმცა იგი მზად არ იყო. კანონით განსაზღვრულია რა მხარის ვალდებულება სასამართლოში გამოცხადების გზით გადაწყვეტილების ჩაბარებისა, ივარაუდება, რომ სასამართლოს ამ ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად მზად აქვს და ამისათვის სასამართლოს მხრიდან მხარისათვის დამატებით ინფორმაციის მიწოდების საჭიროება არ არსებობს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მეორე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. აღნიშნული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების მზაობის შესახებ შეტყობინებისა და მხარისათვის გაგზავნის ვალდებულება სასამართლოს იმ შემთხვევაში აქვს, თუ გასაჩივრების უფლებამოსილების მქონე პირი ზემოდასახელებული მუხლით გათვალისწინებული სუბიექტია, რაც, კონკრეტულ შემთხვევაში, არ დგინდება. შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს არა მისი ჩაბარების მომენტიდან, როგორც კერძო საჩივრის ავტორი უთითებს, არამედ მისი გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონმდებელმა მხარეებს დააკისრა ვალდებულება კანონით დადგენილ ვადაში გამოცხადდნენ სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, ი.მ-ი ან მისი წარმომადგენელი ვალდებული იყვნენ, არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადებულიყვნენ სასამართლოში და ჩაებარებინათ გადაწყვეტილების ასლი. დადგენილია, რომ მხარე ან მისი წარმომადგენელი კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადებულა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ვინაიდან, არც მხარე და არც მისი წარმომადგენელი სასამართლოში არ გამოცხადდა გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს, ანუ 2012 წლის 29 დეკემბრიდან დაიწყო გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა, რომელიც 2013 წლის 14 იანვარს ამოიწურა. დგინდება, რომ სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილია 2013 წლის 29 იანვარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. კანონის დასახელებული ნორმებიდან ასევე გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რომელთა შესრულების ვადებიც კანონმდებელმა დააწესა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან, ი. მ-მა გაუშვა სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად დაგვიანებით წარდგენილი სააპელაციო საჩივარი და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 29 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ.თოდრია
მოსამართლეები: ვ.როინიშვილი
ბ. ალავიძე