Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-513-487-2013 8 ივლისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – შპს მ. ო. „ა+“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – გადაწყვეტილების აღსრულების გადადება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 21 ნოემბრის განჩინებით შპს მ. ო. „ა +-ს“ განცხადება შპს „ი. კ-ის“ 2012 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდა, ცნობილ იქნა და დაექვემდებარა აღსრულებას შპს „ი. კ-ის“ 2012 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება შემდეგი სახით: ა. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს მ. ო. ,,ა +” მ-ოს საარბიტრაჟო სარჩელი. ბ. შეწყვეტილად გამოცხადდეს 2009 წლის 9 ნოემბრის სესხის ხელშეკრულება №3ე ნ. კ-სა, 2009 წლის 9 ნოემბრის გირავნობის ხელშეკრულება №3ე ნ. კ-სა, 2009 წლის 9 ნოემბრის იპოთეკის ხელშეკრულება №49 გ. კ-სა და შპს მ. ო. „ა +“ მ-ოს შორის. გ. დაეკისროს მოპასუხეს ნ. კ-ეს (პ/ნ... შპს მ. ო. „ა +“ მ-ოს სასარგებლოდ სასესხო ურთიერთობიდან წარმოშობილი დავალიანების თანხა 14 423,69 (თოთხმეტი ათას ოთხას ოცდა სამი და სამოცდა ცხრა) ევროს გადახდა. დ. დაეკისროს მოპასუხე ნ. კ-ეს შპს მ. ო. „ა +“ მიერ საარბიტრაჟო დავის განხილვისათვის გადახდილი საქმის წარმოების მოსაკრებელი 30 (ოცდაათი) ლარის გადახდა. ე. დაეკისროს მოპასუხეს ნ. კ-ეს შპს მ. ო. „ა +“ მ-ოს მიერ გადახდილი დამატებითი საარბიტრაჟო მოსაკრებელი 1265,72 ლარის გადახდა. ვ. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის შპს მ. ო. „ა +“ მ-ოს სასარჩელო მოთხოვნა 2009 წლის 9 ნოემბრის №3ე გირავნობის ხელშეკრულებით დატვირთული ნ. კ-ის მოძრავი ქონების: ა. ტელევიზორი „ვესტელი“, ბ. მაცივარი „ელ-ჯი“ გ. პიანინო „ბელორუს“ სააღსრულებო ბიუროს მეშვეობით აუქციონზე იძულებითი რეალიზაციის ნაწილში. ზ. მოხდეს სასესხო ვალდებულების უზრუნველსაყოფად დატვირთული გ. კ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების: მდებარე შემდეგ მისამართებზე: ქ. ქუთაისსი, წ-ის ქ. 55, 57 და 59-ში მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №..., იპოთეკით დატვირთული ამონაწერის განცხადების რეგისტრაციის ნომერი №882009065340 და ქუთაისში წ-ის ქ.№61-ში მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №.... იპოთეკით დატვირთული ამონაწერის განცხადების რეგისტრაციის ნომერი №882009065348-ს სააღსრულებო ბიუროს მეშვეობით აუქციონზე იძულებითი რეალიზაცია. გადახდეთ სოლიდარულად ნ. და გ. კ-ს შპს მ. ო. „ა +“ სასარგებლოდ 918,25 ლარი – სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 21 ნოემბრის განჩინებით შპს მ. ო. „ა+-ის“ განცხადება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ იქნა ცნობილი არბიტრაჟის შპს „ი. კ-ის“ 2012 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და დაექვემდებარა აღსრულებას შემდეგი სახით: „შეწყვეტილად გამოცხადდეს 2010 წლის 08 ივლისის გენერალური სესხის ხელშეკრულება №32 გ. კ-სა და 2010 წლის 08 ივლისის სესხის ხელშეკრულება №277 გ. კ-სა, 2010 წლის 08 ივლისის იპოთეკის ხელშეკრულებები №№ 91 და 92 გ. კ-სა და შპს მ. ო. „ა+“-„მ-ო“-ს შორის; დაეკისროს მოპასუხეს გ. კ-ეს (პ/ნ ...) შპს „მ. ო. „ა+”-„მ-ო“-ს სასარგებლოდ სასესხო ურთიერთობიდან წარმოშობილი დავალიანების თანხა 26 856, 62 ლარის გადახდა; დაეკისროს მოპასუხეს გ. კ-ეს შპს მ. ო. „ა+“-„მ-ო“-ს მიერ საარბიტრაჟო დავის განხილვისათვის გადახდილი საქმის წარმოების მოსაკრებელი 30 ლარის გადახდა; დაეკისროს მოპასუხეს გ. კ-ეს შპს მ. ო. „ა+“-„მ-ო“-ს მიერ გადახდილი დამატებითი საარბიტარჟო მოსაკრებელი 939, 98 ლარის გადახდა; მოხდეს სასესხო ვალდებულების უზრუნველსაყოფად დარტვირთული, გ. კ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე შემდეგ მისამართებზე: ქ. ქუთაისი, წ-ის ქ №№ 55, 57 და 59-ში მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №..., იპოთეკით დატვირთული ამონაწერის განცხადების რეგისტრაციის № 882010691656 და ქ. ქუთაისი წ-ის ქ №61-ში (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №..., იპოთეკით დატვირთული ამონაწერის განცახდების რეგისტრაციის №882010691673-ს სააღსრულებო ბიუროს მეშვეობით აუქციონზე იძულებითი რეალიზაცია.“

სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა გ. კ-ემ და მოითხოვა ზემოხსენებული განჩინებების აღსრულების 3 თვით გადადება იმ მოტივით, რომ გ. კ-სა და თ. დ-ს შორის საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს დავა, სადაც სადავოა 118600,14 ლარი, რომელიც თ. დ-ს დაეკისრა გ. კ-ის სასარგებლოდ. განმცხადებლის განმარტებით, ეს დავა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა იგი ვარაუდობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება გ. კ-ის სასარგებლოდ, ხოლო მოგებული თანხით მიეცემა საშუალება, დაფაროს არსებული დავალიანება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 აპრილის განჩინებით გ. კ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ იხელმძღვანელა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილით, 102-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიუთითა, რომ გ. კ-ეს არ გაუსაჩივრებია არბიტრაჟის ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ცნობილ იქნა სააპელაციო სასამართლოს მიერ, ამიტომ მათი აღსრულების შეჩერების კანონით გათვალისწინებული საფუძველი არ არსებობს. ამასთან, გ. კ-ის ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გამო აღსრულების გადადების აუცილებლობის მტკიცების ტვირთი განმცხადებელს ეკისრებოდა.

პალატამ მიიჩნია, რომ განმცხადებელს საერთოდ არ წარმოუდგენია თავისი ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი არც ერთი მტკიცებულება. სასამართლომ კანონიერ ძალაში შესული განჩინებების აღსრულების გადადებისათვის საკმარის საფუძვლად არ ჩათვალა მხოლოდ იმ ფაქტზე მითითება, რომ მასა და მესამე პირს შორის მიმდინარეობს სამოქალაქო დავა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე გ. კ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

კანონიერ ძალაში შესული განჩინებების აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლად სასამართლომ არასწორად მიუთითა იმ ფაქტზე, რომ გ. კ-ეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებები არ გაუსაჩივრებია. გ.კ-ე აღნიშნული გადაწყვეტილებებით მისთვის თანხის დაკისრებას სადავოდ არ ხდის და ადასტურებს ვალდებულების არსებობას. მისი მოთხოვნა იყო გადაწყვეტილებების აღსრულების 3 თვით გადადება იმ მოტივით, რომ საკასაციო სასამართლოში იხილება დავა თ. დ-სა და გ. კ-ეს შორის ამ უკანასკნელისათვის 110629 ლარის მიკუთვნებასთან დაკავშირებით. მოცემულ საქმეზე გასულია 6-თვიანი ვადა. შესაბამისად, აღსრულების გადადების შემთხვევაში მხარეს კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისება და ოჯახის უსახლკაროდ დატოვება აღარ მოუწევს, რადგან დავალიანებას თ. დ-ან მიღებული თანხით გაისტუმრებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინებიდან ირკვევა, რომ გ. კ-ეს უარი ეთქვა შპს „ი. კ-ის“ 2012 წლის 23 მარტისა და 2012 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებების აღსრულების გადადების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მითითებული გადაწყვეტილებებით გ. კ-ეს კრედიტორთა სასარგებლოდ დაეკისრა გარკვეული ფულადი ვალდებულებების შესრულება.

„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 102-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ხსენებული გადაწყვეტილებების აღსრულების გადადების კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობა მხარემ ვერ დაასაბუთა.

საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს სააპელაციო პალატის აღნიშნულ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ გ. კ-ეს მართებულად ეთქვა უარი თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, კერძოდ:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.

დასახელებული ნორმა უფლებამოსილებას ანიჭებს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე გარკვეული დროის განმავლობაში გადადოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება ისეთი ობიექტური მიზეზის არსებობისას, როგორიცაა მოვალის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ან სხვა ყურადსაღები გარემოებები. ამდენად, გადაწყვეტილების აღსრულების გადადება წარმოადგენს კანონმდებლის მიერ დაწესებულ ერთგვარ შეღავათს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მოვალეს, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადით, მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა, გაახანგრძლივოს მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების დაწყების პერიოდი.

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

კანონის მოცემული დანაწესი მხარეს აკისრებს თავისი პოზიციის დასასაბუთებლად მის მიერ მითითებული ფაქტების ნამდვილობის სარწმუნოდ დადასტურების ვალდებულებას.

შესაბამისად, იმისათვის, რომ სასამართლომ გაიზიაროს მხარის არგუმენტი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო გადაწყვეტილების აღსრულების გადადების თაობაზე საჭიროა, რომ ამ უკანასკნელმა დამაჯერებლად დაამტკიცოს აღნიშნულ გარემოებათა უტყუარობა.

მოცემულ შემთხვევაში, გ. კ-ის მოთხოვნა შპს „ი. კ-ის“ 2012 წლის 23 მარტისა და 2012 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებების აღსრულების გადადების შესახებ ეფუძნება მის მითითებას, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოებაშია მისი სამოქალაქო დავა თ.დ-ის მიმართ გ.კ-ის 110629 ლარის მიკუთვნების თაობაზე. ამდენად, გადაწყვეტილებების აღსრულების 3 თვით გადადებით განმცხადებლის ოჯახი აირიდებს მათი საცხოვრებელი სახლის რეალიზაციას გ. კ-ის ფულადი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად და უსახლკაროდ არ დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. კ-ე ზემოხსენებული განცხადების დაკმაყოფილებას მოითხოვს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მოტივით, თუმცა მას კანონის მოთხოვნათა დაცვით არ დაუდასტურებია ისეთი ფინანსური სირთულეების არსებობა, რაც გადაწყვეტილებათა აღსრულების გადადების საფუძველი გახდებოდა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ განმცხადებელს თავისი ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი არც ერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. შესაბამისად, გ.კ-ემ მისი მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოებების მტკიცების ტვირთის რეალიზება ვერ მოახდინა.

დაუსაბუთებელია მხარის მითითება საკასაციო სასამართლოში მიმდინარე სამოქალაქო საქმესთან დაკავშირებითაც, ვინაიდან გარკვეულ თანხაზე დავის არსებობა ჯერ კიდევ არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სასამართლო უთუოდ დააკმაყოფილებს გ. კ-ის მოთხოვნას და სადავო თანხის გადახდას მოწინააღმდეგე მხარეს დააკისრებს.

რაც შეეხება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესაძლებლობას, თავად კერძო საჩივრის ავტორმა დაადასტურა, რომ იგი შპს „ი. კ-ის“ 2012 წლის 23 მარტისა და 2012 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებებს არ ასაჩივრებს და ამ გადაწყვეტილებებით დადგენილ ვალდებულებებს ცნობს. შესაბამისად, მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილება არც აღნიშნული ნორმის თანახმადაა შესაძლებელი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც გ. კ-ეს უარი უნდა ეთქვას კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

თ. თოდრია