საქმე №ას-519-493-2013 8 ივლისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. მ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ლ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ლ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. მ-ის მიმართ და მოითხოვა არასრულწლოვანი შვილის, ნ. მ-ის რჩენისათვის ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ბოლო ორი წლის მანძილზე არ ზრუნავდა შვილის აღზრდა-განათლებაზე, რაც დაკავშირებულია სოლიდურ ხარჯებთან.
მოპასუხე გ. მ-ემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და თანხმობა განაცხადა ყოველთვიურად 50 ლარის გადახდაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს ნ. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის – 2003 წლის 18 მაისს დაბადებული ნ. მ-ის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტი 100 ლარის ოდენობით 2013 წლის 8 თებერვლიდან ბავშვის სრულწლოვნებამდე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გ. მ-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შვილის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის სახით 50 ლარის დაკისრება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 აპრილის განჩინებით გ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით, 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაეკისრა შვილის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა და იგი ითხოვს ალიმენტის სახით მხოლოდ 50 ლარის დაკისრებას, ამდენად, გ. მ-ის სააპელაციო საჩივრის ღირებულება შეადგენს 600 ლარს, რაც კანონით გათვლისწინებულ 1000 ლარს არ აღემატება.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე გ. მ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსათვის საქმის არსებითად განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ის გარემოება, რომ სააპელაციო საჩივრის ფასი შეადგენს 600 ლარს, რადგან აპელანტს ალიმენტის გადახდა დაეკისრა არა ერთი წლის ვადით, არამედ შვილის სრულწლოვნებამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ გ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რადგან მისი სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლისა და 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ზღვრულ ოდენობას არ შეესაბამება.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების აღნიშნულ მსჯელობას შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, კანონი ქონებრივი დავის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის გარკვეულ შეზღუდვას აწესებს, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს, წინააღმდეგ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება და განუხილველად დარჩება. აღნიშნული მოთხოვნა იმპერატიული ხასიათისაა და სასამართლოს შეფასებაზე დამოკიდებული არ არის.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად მიიჩნია, რომ გ. მ-ის სააპელაციო საჩივრის ღირებულება შეადგენს 600 ლარს, კერძოდ:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელებზე განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით გ. მ-ეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის – ნ. მ-ის სარჩენად ალიმენტის – ყოველთვიურად 100 ლარის გადახდა, რაც აპელანტმა გაასაჩივრა მხოლოდ 50 ლარის ნაწილში (ს.ფ. 66). ამდენად, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება უნდა განისაზღვროს 50 ლარის ერთ წელზე (12 თვეზე) გაანგარიშებით, რაც 600 ლარის ტოლია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ გ. მ-ის სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას – 1000 ლარს არ აღემატება, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და თვლის, რომ იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე