№ას-536-510-2013 8 ივლისი, 2013 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ე-ი“
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ბ. რ-ა“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „ბ. „რ-ამ“ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ე-ის“, თ. ვ-ის, მ. პ-ის, ი. დ-ის, ქ. დ-ის, მ. დ-ის, ამხანაგობა „ნ. 2005-ის“, ი. ნ-ის, გ. ნ-ის, ნ. ჩ-ას, ბ. ყ-ის, ლ. დ-ის, ვ. შ-ის, ლ. ო-ის, ნ. ზ-ის, გ. ნ-ის, გ. ლ-ის, ი. ო-ის, შპს „ე-ის“, თ. ვ-ის, ქ. ბ-ის, ა. ბ-სა და შპს „ნ. ე. XXI-ს“ მიმართ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთების რეალიზაციის მოთხოვნით. ხოლო, შპს „ე-მა“, ლ. დ-მა, ვ. შ-ემ, ლ. ო-მა, ნ. ზ-მა, გ. ნ-მა, გ. ლ-ემ და ი. ო-მა შეგებებული სარჩელი შეიტანეს სს „ბ. რ-ის“ მიმართ იპოთეკის ხელშეკრულებებისა და უძრავ ნივთებზე იპოთეკის უფლებების გაუქმების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით სს „ბ. „რ-ას“ სარჩელი მოპასუხეების შპს „ე-ის“, თ. ვ-ის, მ. პ-ის, ი. დ-ის, ქ. დ-ის, მ. დ-ის, ამხანაგობა „ნ. 2005“-ის, ი. ნ-ის, გ. ნ-ის, ნ. ჩ-ას, ბ. ყ-ის, ლ. დ-ის, ვ. შ-ის, ლ. ო-ის, ნ. ზ-ის, გ. ნ-ის, გ. ლ-ის, ი. ო-ის, შპს „ე-ის“, თ. ვ-ის, ქ. ბ-ის, ა. ბ-სა და შპს „ნ. ე. XXI“-ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შეწყდა სს „ბ. რ-სა“ და შპს „ე-ს“ შორის 2007 წლის 4 დეკემბერს და 2007 წლის 25 ივნისს დადებული გენერალური საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები, კრედიტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ; შეწყდა სს ბ. „რ-სა“ და შპს „ე-ს“ შორის 2007 წლის 11 დეკემბერსა და 2009 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები; შპს „ე-ს“, შპს „ე-ს“, ქ. ბ-ს და ა. ბ-ეს სოლიდარულად დაეკისრათ სს „ბ. რ-ას“ სასარგებლოდ 2007 წლის 11 დეკემბრის N45307 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე 27 097,71 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირითად დავალიანებას შეადგენდა 22 648,53 აშშ დოლარი, დარიცხულ პროცენტს 1 731,36 აშშ დოლარი, ხოლო 2 717,82 აშშ დოლარი - პირგასამტეხლოს; შპს „ე-ის“ და თავდებ პირებს, შპს „ე-ს“, ქ. ბ-ს და ა. ბ-ეს, სოლიდარულად დაეკისრათ სს „ბ. რ-ას“ სასარგებლოდ 2009 წლის 31 დეკემბრის N102352 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე 1 000 000 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო თავდებობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ზღვრული თანხის ოდენობის ზევით დარჩენილი სხვაობა 328 960,20 აშშ დოლარი დაეკისრა შპს „ე-ს“. დავალიანების დაფარვა განხორციელდა ამ ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის გზით: თ. ვ-ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ა-ის ქუჩის №1-ში, პირველი სადარბაზო, მე-4 სართული, ბინა №11, საკადასტო კოდი: .... მ. პ-ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი ვ-ის 4 მ/კ, კვარტალი №3, კორპუსი №1, ბინა №53. საკადასტრო კოდი: .... მ. პ-ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისში ვ-ის 4 მ/კ, კვარტალი №3, კორპუსი №1, ბინა №36. საკადასტრო კოდი: .... ი. დ-ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისში ზ-ის ქუჩა №5 ბინა №57, საკადასტრო კოდი: .... მ. დ-ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისში, ა-ის გზატკეცილი, კორპუსი №2, ბინა №50 ლიტ „ა“ საკადასრტო კოდი: .... გ. დ-ის კთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ლ-ის ქ. №5, კორპუსი №5, ბინა №78, ლიტ „ა”, საკადასტრო კოდი .... ქ. ბ-ის წილი ამახანაგობა „ნ. 2005“–ში: უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ნ-ის ქუჩის №14ა, სადარბაზო №4, სართული №9, ბინა №130 საკადასტრო კოდი: .... ი. ნ-ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ბ-ის ქ. №39, ბინა №24, ს/კ: .... გ. ნ-ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ვ.-ას გამზირი, კვარტალი №6, კორპუსი №21, ბინა №36 ს/კ: .... ნ. ჩ-ას კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, წ-ის გზატკეცილი №12, ლიტ „ვ“, ს/კ: .... ბ. ყ-ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ ზ-ი, ს/კ .... შპს „ნ.ე. XXI-ის“ კუთვნილი უძრავი ქონება ქ. თბილისში, გ-ას გამზირის №41-ში მდებარე: (ნაკვეთი 12/026) ლიტ „ბ“, საკადასტრო კოდი: .... შპს „ნ. ე. XXI-ის“ კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისში, გ-ას გამზირის №41-ში, (ნაკვეთი 12/026) სართული 1-ლი, ლიტ „ბ“, საკადასტრო კოდი: ....
ამავე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „ე-ის“, ლ. დ-ის, ვ. შ-ის, ლ. ო-ის, ნ. ზ-ის, გ. ნ-ის, გ. ლ-სა და ი. ო-ის შეგებებული სარჩელი სს „ბ. რ-ას“ მიმართ, გაუქმდა 2010 წლის 5 იანვრის იპოთეკის ხელშეკრულება და იპოთეკის უფლება შემდეგ უძრავ ქონებაზე: ლ. დ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მცხეთა, სოფელი ნ-ი, 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ .... ვ. შ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მცხეთა, სოფელი ნ-ი, 4500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ .... ლ. ო-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მცხეთა, სოფელი ნ-ი, 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ .... ნ. ზ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მცხეთა, სოფელი ნ-ი, 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ .... გ. ნ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მცხეთა, სოფელი ნ-ი, 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ .... გ. ლ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მცხეთა, სოფელი ნ-ი, 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ .... ი. ო-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მცხეთა, სოფელი ნ-ი, 10 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ .... ი. ო-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მცხეთა, სოფელი ნ-ი, 15 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ ....
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მ. პ-მა, ი. ნ-მა, სს „ბ. რ-ამ“, თ. ვ-მა, გ. ნ-მა, ამხანაგობა „ნ. 2005-მა“ და ნ. ჩ-ამ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივლისის განჩინებით გ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებაზე განუხილველად დარჩა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივლისის განჩინებით ნ. ჩ-ას სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებაზე განუხილველად დარჩა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით ამხანაგობა „ნ. 2005-ის“ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით თ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით მ. პ-სა და ი. ნ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მ. პ-მა და ი. ნ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 იანვრის განჩინებით მ. პ-სა და ი. ნ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ოქტომბრის განჩინება.
2012 წლის 29 ოქტომბერს შპს „ე-მა“ შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით შპს „ე-ის“ შეგებებული სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარემ, ფაქტობრივად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი გაასაჩივრა, რაც დაუშვებელია.
აღნიშნული განჩინება შპს „ე-მა“ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, სააპელაციო საჩივარი აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მოთხოვნებს. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ასახულია სასამართლოს დასაბუთება ამა თუ იმ საკითხზე, შესაბამისად, სამოტივაციო ნაწილის გასაჩივრება გულისხმობს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გასაჩივრებასაც. სააპელაციო სასამართლოს განჩინებით შპს „ე-ს“ წაერთვა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების გზით საკუთარი უფლების დაცვის შესაძლებლობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ე-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შპს „ე-ის“ საჩივარი განუხილველად მართებულად დატოვა.
შეგებებული სააპელაციო საჩივრიდან ირკვევა, რომ მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ მათი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაასაჩივრა, იმ საფუძვლით, რომ არ ეთანხმებოდა ამ ნაწილში სასამართლოს დასაბუთებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. ამავე კოდექსის 379-ე მუხლის პირველი წინადადების მიხედვით კი, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის შემთხვევაში კანონით დადგენილ სუბიექტებს შეუძლიათ, შეიტანონ შეგებებული სააპელაციო საჩივარი, რომელიც განიხილება სააპელაციო საჩივრისათვის გათვალისწინებული საპროცესო წესების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო სრულიად ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ გადაწყვეტილების მხოლოდ აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების გასაჩივრება დაუშვებელია, რადგან მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მხარის მიერ სააპელაციო წესით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის ან მისი რომელიმე პუნქტის გასაჩივრების შესაძლებლობას. სასამართლოს ეს დასკვნა ეფუძნება შემდეგს:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია გადაწყვეტილების ფორმალური (სსკ-ის 264-ე მუხლი) და მატერიალური (სსკ-ის 266-ე მუხლი) კანონიერი ძალა, რომელიც პირველ შემთხვევაში გულისხმობს მიმდინარე პროცესში დავის განხილვის დამთავრებას, ხოლო მატერიალური კანონიერი ძალა უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულოობას არამარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. კერძოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.
მითითებული ნორმის ანალიზი იძლევა შემდეგი დასკვნის საფუძველსაც: გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები). შესაბამისად, გასაჩივრებას ექვემდებარება გადაწყვეტილება, თუ სადავოა მისი სარეზოლუციო ნაწილით და არა აღწერილობითი ან სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტი.
ნიშანდობლივია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით სამართლებრივი წესრიგის დადგენა შესაძლებელია რა მხოლოდ გადაწყვეტილების აღსრულებით, აღსასრულებლად წარემართება მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი და არა სამოტივაციო ნაწილი, თუნდაც ეს უკანასკნელი ადგენდეს რაიმე უფლების ან ვალდებულების არსებობას („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლი). სასამართლო გადაწყვეტილება მართლმსაჯულების აქტია და მისი სამართლებრივი შედეგები თვით კონსტიტუციითაა რეგლამენტირებული. საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულოობა დღის წესრიგში აყენებს მისი აღსრულებადობის უზრუნველყოფის საკითხს. თუ პირი, რომლის მიმართაცაა სასამართლო აქტი გამოცემული, თავისი ნებით არ შეასრულებს ამ გადაწყვეტილებას, კრედიტორის განცხადების საფუძველზე, საქმეში ერთვება საამისოდ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა შეიცავდეს კანონით გათვალისწინებულ ყველა ნაწილს (სსკ-ის 249-ე მუხლები) და რომელიმე მათგანის სათანადოდ ან საერთოდ არარსებობა, ხშირ შემთხვევაში იწვევს მის გაუქმებას (სსკ-ის 393-ე, 394-ე მუხლები). გადაწყვეტილების აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილები წარმოადგენს ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ფუნდამენტს. მასში უნდა აისახოს სასამართლოს შემეცნებითი მსჯელობა ფაქტების არსებობა-არარსებობის შესახებ (ფაქტობრივი დასაბუთება) და შეფასებითი მსჯელობა ამ ფაქტების იურიდიული ძალისა და მნიშვნელობის შესახებ (სამართლებრივი დასაბუთება). კანონის იმპერატიული დათქმა გადაწყვეტილების დასაბუთების აუცილებლობაზე, განპირობებულია მართლმსაჯულების ერთ-ერთი ძირითადი მიზნით, დაარწმუნოს მხარეები დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტაში და ამავდროულად გადაწყვეტილების დასაბუთებით რეალიზებულია საზოგადოების უფლება იცოდეს, თუ რა გადაწყვეტილებები გამოაქვთ მათი სახელით და რა არის მათი საფუძველი (იხ. სუსგ №ას-797-750-2012).
აქვე უნდა აღინიშნოს კანონითვე გათვალისწინებული გამონაკლისი, როდესაც გადაწყვეტილება შეიძლება გამოტანილი იქნეს მისი რომელიმე ნაწილის გარეშეც (სსკ-ის 234-ე, 250-ე, 2571), თუმცა ამ შემთხვევებშიც სარეზოლუციო ნაწილის კანონით დადგენილი წესით არსებობა აუცილებელია. ამ თვალსაზრისით საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ საპროცესო კანონმდებლობა უშვებს რა არასრულყოფილი გადაწყვეტილების ნაკლის გამოსწორების შესაძლებლობასაც გადაწყვეტილების განმარტების, უსწორობათა და აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორებისა და დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის გზით, ამავე დანაწესებით იმპერატიულად ადგენს გადაწყვეტილების ნაკლის გასწორებას სარეზოლუციო ნაწილით დადგენილი შედეგის შეუცვლელად
სამოქალაქო საპროცესო სამართლის პრინციპებისა და კოდექსის ნორმათა ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობაში განმარტებით, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება მის სარეზოლუციო ნაწილზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი თავისი არსით წარმოადგენს პირდაპირ და ზუსტ პასუხს სარჩელზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ (სსკ-ის 249-ე მუხლის მეხუთე ნაწილი). ამდენად, პირი, სარჩელის შეტანის გზით იცავს რა თავის უფლებას და შელახულ ინტერესებს, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება იმავდროულად იწვევს მისი პრეტენზიის აღმოფხვრას, ვინაიდან სადავოდ მიჩნეული უფლება მოდავე პირის სასარგებლოდაა დაცული და, შესაბამისად, მხარის იურიდიული ინტერესიც დაკმაყოფილებულია (იხ. სუსგ ას-710-1011-09), შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუშვებელია, მხარემ სააპელაციო წესით გაასაჩივროს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლითაც მისი სასარჩელო მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა, ვინაიდან, მხარეს, ობიექტურად, არ გააჩნია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლის იურიდიული ინტერესი, ამდენად, თუნდაც გაზიარებულ იქნეს, კერძო საჩივრის ავტორის მტკიცება, რომ სამოტივაციო ნაწილის გასაჩივრებით, მან ავტომატურად, სარეზოლუციო ნაწილიც გაასაჩივრა, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძველი მაინც არ არსებობს, ვინაიდან, საქმის მასალებით ცალსახად დასტურდება, რომ მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია მის წინააღმდეგ სს „ბ. რ-ის“ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, არამედ, გაასაჩივრა მხოლოდ თავისივე შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერი, დასაბუთებულია, შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკას და მისი გაუქმების კანონიერი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ე-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ლ. მურუსიძე
პ. სილაგაძე