№ას-549-522-2013 18 ივლისი, 2013 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შპს „...“
მოწინააღმდეგე მხარე – კ. ბ-ი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 29 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება, ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
კ. ბ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „...“ მიმართ და თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება და ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა მოითხოვა.
მოპასუხე შპს „... -მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით კ.ბ-ის სარჩელი მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაკმაყოფილდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 მარტის განჩინებით გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა, რაზედაც შპს „... -მა“ სააპელაციო საჩივარი წარადგინა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 29 აპრილის განჩინებით წარდგენილი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ დასტურდება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოპასუხის– წარმომადგენელს ი.ჟ-ს 2013 წლის 4 აპრილს პირადად ჩაჰბარდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილით წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ განუხილველი დარჩება.
პალატამ მიუთითა, რომ გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა 2013 წლის 5 აპრილს დაიწყო და 2013 წლის 18 აპრილს ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი კი, აპელანტის მიერ შეტანილ იქნა 2013 წლის 19 აპრილს, კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის გასვლის შემდგომ, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „... -მა“ შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო საჩივარი სასამართლოს წარედგინა ფოსტის მეშვეობით 2013 წლის 18 აპრილს, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც ერთვის კერძო საჩივარს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „... -ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 29 აპრილის განჩინებით წარდგენილი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი სააპელაციო საჩივრის ვადის დარვევით წარდგენის გამო.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, სააპელაციო საჩივრის დროულად წარდგენასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში, ერთი მხრივ, წარმოდგენილია საფოსტო ბარათი №..., სადაც დოკუმენტის გადაცემის თარიღად 2013 წლის 19 აპრილია მითითებული (აღნიშნულით დასტურდება აპელანტის მიერ საპროცესო ვადის დარღვევა) და, მეორე მხრივ, კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება. ამ უკანასკნელის თანახმად, ირკვევა, რომ აპელანტმა №... წერილი ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩასაბარებლად 2013 წლის 18 აპრილს წარადგინა.
საფოსტო ბარათი, რომელიც ერთვის სააპელაციო საჩივარს და შპს „...-ს“ მიმართვა სხვადასხვა შინაარსის შემცველი მტკიცებულებებია. საკასაციო სასამართლო მათი ურთიერთშეპირისპირებისა და შეჯერების, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად გამოკვლევის საფუძველზე ასკვნის შემდეგს:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების ტვირთის მხარისათვის დაკისრების გზით, კანონმდებელმა მას მისცა სრული შესაძლებლობა, საკუთარი შეხედულებით განსაზღვროს სადავო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წრე, თუმცა სავალდებულოა, ეს მტკიცებულებები, განკუთვნადობის თვალსაზრისით, სწორად იქნას შერჩეული, აღნიშნულის პარალელურად კი, კანონმდებლობით განისაზღვრა სასამართლოს ვალდებულება, გამოიკვლიოს და სათანადო შეფასება მისცეს მხარის მიერ მტკიცების პროცესში წარდგენილი დოკუმენტების უტყუარობას, კერძოდ, დაადგინოს, ესა თუ ის ფაქტი რამდენად შეიძლება მიჩნეულ იქნას დადასტურებულად.
სააპელაციო პალატამ სწორად იხელმძღვანელა საქმეში არსებული მტკიცებულებით, ვინაიდან მისთვის ობიექტურად იყო შეუძლებელი, სცოდნოდა კერძო საჩივრზე დართული მტკიცებულებების თაობაზე, ამასთანავე, საწინააღმდეგოს არსებობის შემთხვევაშიც კი, საკასაციო პალატა არ იზიარებს შპს „... -ის“ მტკიცებასა და მტკიცებულებას, სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში წარდგენასთან დაკავშირებით. საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული მტკიცებულება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების უტყუარ წინაპირობას არ წარმოადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. საქმეში არსებული მასალებით არ დგინდება, სააპელაციო საჩივრის ვადაში წარდგენის ფაქტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, კანონით დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლომ „... -ის“ სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს „... -ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 29 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ.თოდრია
მოსამართლეები: ვ.როინიშვილი
ბ.ალავიძე