საქმე №ას-559-530-2013 15 ივლისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „მ. ტ-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ნ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სასამართლო განჩინების განმარტება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ნ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, აეკრძალოს მოპასუხე შპს „მ. ტ-ს“ ხელშეკრულებებით მისი უფლებების მესამე პირებისათვის გადაცემა ან უფლებრივად დატვირთვა, ყადაღა დაედოს მოპასუხე კომანდიტური საზოგადოება ...“ სახელზე რიცხულ 52,5% წილს შპს „მ.ის“ კაპიტალში, ყადაღა დაედოს მოპასუხე შპს „მ. ტ-ის“ მოძრავ ქონებას და საბანკო ანგარიშებს, ყადაღა დაედოს დ. კ-ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებებს; აეკრძალოს მოპასუხე შპს „მ. ტ-ს“ 2003 წლის 19 ივლისის საიჯარო კონტრაქტის №2 დამატებით და 2011 წლის 18 მარტის ხელშეკრულებებით მისი უფლებების მესამე პირებისთვის გადაცემა ან უფლებრივად დატვირთვა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ თ. ნ-ე შპს „მ.ში“ ფლობდა 52,5% წილს. საზოგადოების საქმიანობას წარმოადგენდა ფოთის საზღვაო ნავსადგურში სხვადასხვა სახის ტვირთების დატვირთვა-გადატვირთვის სამუშაოების წარმოება და ნავმისადგომების ოპერირება.
2003 წლის 19 ივლისს სს „...“ და შპს „მ.“ შორის დაიდო საიჯარო კონტრაქტი, რის საფუძველზეც შპს „,მ.ს“ იჯარით გადაეცა ფოთის საზღვაო ნავსადგურის №5 ტერმინალი. 2005 წლის 8 თებერვალს მხარეთა შორის შედგა დამატებითი შეთანხმება, რომლითაც ცვლილება შევიდა 2003 წლის 19 ივლისის კონტრაქტში.
2010 წლის ზაფხულში თ. ნ-ის მიმართ დაიწყო მიზანმიმართული დევნა და დაშინება დ. კ-ის მხრიდან. თ. ნ-ე იძულებული გახდა, დაეთმო 52,5 % წილი საზოგადოების კაპიტალში კომანდიტური საზოგადოება „...“, რომელიც წარმოადგენს მომავალ მოპასუხე დ. კ-ან დაკავშირებულ კომპანიას.
განმცხადებელმა განმარტა, რომ აპირებს სარჩელით მიმართოს სასამართლოს შპს „მ.ის“, შპს „მ. ტ-ის“, კომანდიტური საზოგადოება „...“, სს „...“ და დ. კ-ის მიმართ წილის დათმობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, წილის მესაკუთრედ აღიარების, იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 მარტის განჩინებით თ. ნ-ეს უარი ეთქვა სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე, რაზეც განმცხადებელმა შეიტანა საჩივარი.
ამავე სასამართლოს 2013 წლის 22 მარტის განჩინებით თ. ნ-ის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც თ. ნ-ეს უარი ეთქვა კომანდიტური საზოგადოება „...“ სახელზე რიცხულ 52,5 % წილზე შპს „მ.ში“ ყადაღის დადებაზე, თ. ნ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო კომანდიტური საზოგადოება „...“ (OC360690) კუთვნილ 52,5 % წილს შპს „მ.ში“ (საიდენტიფიკაციო კოდი №...), ხოლო საქმე განსახილველად გაეგზავნა სააპელაციო სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 აპრილის განჩინებით საჩივარი დაკმაყოფილდა, 2013 წლის 11 მარტის განჩინება გაუქმდა დ. კ-ის უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებაზე უარის თქმის ნაწილში, შპს „მ. ტ-ის“ მოძრავ ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებაზე უარის თქმის ნაწილში, შპს „მ. ტ-ის“ იჯარის ხელშეკრულებებით მისი უფლებების მესამე პირებისათვის გადაცემასა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი განჩინების მიღებით ამ ნაწილში თ. ნ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო დ. კ-ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას მდებარე: ქ. თბილისში, ი. ნ-ის ქ. №7-ში, სხვენი 203.10 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: №...); ქ. თბილისში, ი. ნ-ის ქ. №7-ში, სართული 8. ფართი 201.16 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: №...); ქ. თბილისში, დაბა კოჯორში, სოფელი დ-ა (ბეთანიის ტერიტორია) (ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფაღტობი: 1200.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 81.01.08.725; 81.01.08.723 (საკადასტრო კოდი: №...)). ასევე, ყადაღა დაედო შპს „მ. ტ-ის“ მოძრავ ქონებებს, ყადაღა დაედო შპს „მ. ტ-ის“ საბანკო ანგარიშებს ერთობლიობაში 2 300 000 ლარის ფარგლებში შემდეგ საბანკო დაწესებულებებში: სს ბანკი „რესპუბლიკა“, სს „პროკრედიტ ბანკი“, სს „ტაოპრივატბანკი“, სს „საქართველოს ბანკი, სს „პირველი ბრიტანული ბანკი“, სს „ლიბერთი ბანკი“, სს კომერციული ბანკი „ბაზისბანკი“, სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“, სს „ბანკი ქართუ“, სს „თიბისი ბანკი“, სს „ბითიეი ბანკი“, სს „ინვესტ ბანკი“, სს ,,აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველო“, თ.რ. სს „ზირაათ ბანკი“, სს „კავკასიის განვითარების ბანკი“, სს „ეიჩ ეს ბი სი ბანკი საქართველო“, სს „პროგრეს ბანკი“, სს „კორ სტანდარტ ბანკი“, სს „ხალიკ ბანკი საქართველო“, სს „ბანკი კონსტანტა“, შპს „მ. ტ-ს“ აეკრძალა 2011 წლის 17 მარტს დადებული, 2003 წლის 19 ივლისის სს „...“ და შპს „მ.ს“ შორის ფოთის საზღვაო ნავსადგურის №5 ტერმინალის საიჯარო კონტრაქტის დამატება №2-ით და 2011 წლის 18 მარტს შპს „მ-ა“ და შპს „მ. ტ-ს“ შორის დადებული იჯარის ხელშეკრულებით მისი უფლებების მესამე პირებისათვის გადაცემა და უფლებრივად დატვირთვა.
შპს „მ. ტ-ის“ წარმომადგენელმა ი. ბ-მა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 აპრილის განჩინების განმარტება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, თ. ნ-ის მომავალი სარჩელის დავის საგნის ღირებულება სავარაუდოდ შეადგენს 2 500 000 ლარს. შესაბამისად, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ ყადაღა უნდა დაედოს შპს „მ. ტ-ის“ მოძრავ ქონებებს, ხოლო შემდეგ სასამართლო ადგენს, რომ ყადაღა უნდა დაედოს შპს „მ. ტ-ის“ საბანკო ანგარიშებს ერთობლიობაში 2 300 000 ლარის ფარგლებში, არ არის დაკონკრეტებული და ბუნდოვანია ის გარემოება, დაედო თუ არა ყადაღა საააპელაციო სასამართლოს მიერ შპს „მ. ტ-ის“ მოძრავ ქონებასა და საბანკო ანგარიშებს, აგრეთვე მეორე მოპასუხის, დ. კ-ის მოძრავ ქონებას ერთობლივად 2 500 000 ლარის ფარგლებში, ვინაიდან სწორედ აღნიშნული თანხა მიიჩნია სასამართლომ მომავალი სარჩელის დავის საგნად.
ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 22 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი საჭიროებს შემდეგ განმარტებას: წარმოადგენს თუ არა განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული თანხა – 2 300 000 ლარი შპს „მ. ტ-ის“ მოძრავი ქონების ღირებულების, მის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხისა და მეორე მოპასუხის, დ. კ-ის დაყადაღებული უძრავი ქონების ჯამს ერთობლიობაში; შეიძლება თუ არა აღემატებოდეს განჩინებით მოპასუხე შპს „მ. ტ-ის“ მოძრავი ქონებისა და მის საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი თანხის, აგრეთვე, მეორე მოპასუხის, დ. კ-ის დაყადაღებული უძრავი ქონების ღირებულების ჯამი ერთობლიობაში 2 500 000 ლარს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 მაისის განჩინებით შუამდგომლობა განჩინების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 აპრილის განჩინებით ყადაღა დაედო დ. კ-ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, ყადაღა დაედო შპს „მ. ტ-ის“ მოძრავ ქონებებს. ასევე, ყადაღა დაედო შპს „მ. ტ-ის“ საბანკო ანგარიშებს ერთობლიობაში 2300 000 ლარის ფარგლებში.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ გადაწყვეტილების განმარტება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების შინაარსი ბუნდოვანია და შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ დებულებებს. მოცემულ საქმეზე განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბებულია ნათლად და იგი არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ დებულებებს, რის გამოც არ საჭიროებს განმარტებას. შესაბამისად, განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „მ. ტ-მა“ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის 2013 წლის 22 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განსამარტად შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში რამდენჯერმეა ხაზგასმული, რომ ყადაღა დაედო შპს „მ. ტ-ის“ საბანკო ანგარიშებს ერთობლიობაში 2 300 000 ლარის ოდენობით. შპს „მ. ტ-ის“ საბანკო ანგარიშზე არსებულ თანხასთან ერთად, ამავე სასამართლოს გადაწყვეტილებით დაყადაღებას დაექვემდებარა შპს „მ. ტ-ის“ 1408110,92 ლარად შეფასებული მოძრავი ქონება, რომ აღარაფერი ვთქვათ მეორე მოპასუხე დ.კ-ის საკუთრებაში მყოფ უძრავ ქონებაზე, რომელსაც იმავე განჩინებით დაედო ყადაღა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განჩინებით ყადაღა დაედო სარჩელის დავის საგნის ღირებულებაზე ორჯერ უფრო მეტი ღირებულების უძრავ-მოძრავ ქონებას.
ბუნდოვანია, თუ საიდან მიიღო სასამართლომ განჩინებაში მითითებული 2 300 000 ლარი, წარმოადგენდა აღნიშნული თანხა შპს „მ. ტ-ის“ მოძრავი ქონების ღირებულების, მის საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხისა და მეორე მოპასუხე დ. კ-ის დაყადაღებული უძრავი ქონების ღირებულების ჯამს, თუ იგულისხმებოდა მხოლოდ კომპანიის საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი თანხა. აღნიშნული საკითხის განმარტებებზე უარის თქმა სირთულეებს შექმნის სასამართლო განჩინების აღსრულების პროცესში და შპს „მ. ტ-ს“ მიაყენებს უაღრესად მძიმე მატერიალურ ზიანს.
არც ერთ ზემოთ მითითებულ საკითხზე სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია.
ამდენად, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად უნდა განიმარტოს შემდეგი საკითხები: წარმოადგენს თუ არა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 22 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული თანხა – 2 300 000 ლარი შპს „მ. ტ-ის“ მოძრავი ქონების ღირებულების, მის საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხისა და მეორე მოპასუხე დ. კ-ის დაყადაღებული უძრავი ქონების ჯამს ერთობლიობაში. ასევე, შეიძლება თუ არა აღემატებოდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 22 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილით მოპასუხე შპს „მ. ტ-ის“ მოძრავი ქონებისა და მის საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი თანხის, აგრევე მეორე მოპასუხე დ. კ-ის დაყადაღებული უძრავი ქონების ღირებულების ჯამი ერთობლიობაში 2 500 000 ლარს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „მ. ტ-ის“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ შპს „მ. ტ-ის“ განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბებულია ნათლად და იგი არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ დებულებებს, რის გამოც არ საჭიროებს განმარტებას.
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების აღნიშნულ დასკვნას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ სადავო განჩინების სარეზოლუციო ნაწილის დებულებები უთუოდ საჭიროებს განმარტებას შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.
მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეებსა და აღმასრულებელს, მათი მოთხოვნისამებრ, განუმარტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანი დებულებები, რაც მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობისკენ და არ უნდა ცვლიდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსს. ამდენად, გადაწყვეტილების განმარტების საჭიროება არსებობს, როცა მისი სარეზოლუციო ნაწილის ესა თუ ის დებულება ბუნდოვანია და არსებული სახით გადაწყვეტილების სწორად აღსრულებას დაბრკოლება შეექმნება.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 22 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგ პუნქტებად:
„3. ყადაღა დაედო დ. კ-ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას მდებარე: ქ. თბილისში, ი. ნ-ის ქ. №7-ში, სხვენი 203.10 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: №...); ქ. თბილისში, ი. ნ-ის ქ. №7-ში, სართული 8. ფართი 201.16 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: №...); ქ. თბილისში, დაბა კოჯორში, სოფელი დ-ა (ბ-ის ტერიტორია) (ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1200.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 81.01.08.725; 81.01.08.723 (საკადასტრო კოდი: №...)).
4. ყადაღა დაედო შპს „მ. ტ-ის“ მოძრავ ქონებებს, ყადაღა დაედო შპს „მ. ტ-ის“ საბანკო ანგარიშებს ერთობლიობაში 2 300 000 ლარის ფარგლებში შემდეგ საბანკო დაწესებულებებში: სს ბანკი „რესპუბლიკა“, სს „პროკრედიტ ბანკი“, სს „ტაოპრივატბანკი“, სს „საქართველოს ბანკი, სს „პირველი ბრიტანული ბანკი“, სს „ლიბერთი ბანკი“, სს კომერციული ბანკი „ბაზისბანკი“, სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“, სს „ბანკი ქართუ“, სს „თიბისი ბანკი“, სს „ბითიეი ბანკი“, სს „ინვესტ ბანკი“, სს ,,აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველო“, თ.რ. სს „ზირაათ ბანკი“, სს „კავკასიის განვითარების ბანკი“, სს „ეიჩ ეს ბი სი ბანკი საქართველო“, სს „პროგრეს ბანკი“, სს „კორ სტანდარტ ბანკი“, სს „ხალიკ ბანკი საქართველო“, სს „ბანკი კონსტანტა“.
5. შპს „მ. ტ-ს“ აეკრძალა 2011 წლის 17 მარტს დადებული, 2003 წლის 19 ივლისის სს „...“ და შპს „მ.ს“ შორის ფოთის საზღვაო ნავსადგურის №5 ტერმინალის საიჯარო კონტრაქტის დამატება №2-ით და 2011 წლის 18 მარტს შპს „მ-სა“ და შპს „მ. ტ-ს“ შორის დადებული იჯარის ხელშეკრულებით მისი უფლებების მესამე პირებისათვის გადაცემა და უფლებრივად დატვირთვა.“.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილით გარკვევით არ დგინდება და, შესაბამისად, განმარტებას საჭიროებს საკითხი იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა მოცულობისა და ღირებულების ქონებას უნდა დაედოს ყადაღა. ისმის კითხვა: სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ 2 300 000 ლარის ფარგლებში, ყადაღა უნდა დაედოს მხოლოდ შპს „მ. ტ-ის“ მოძრავ ქონებასა და საბანკო ანგარიშებს, თუ აღნიშნული ფარგლები უნდა გავრცელდეს დ.კეზერაშვილის კუთვნილ მთელ დასაყადაღებელ ქონებაზეც.
სადავო განჩინების განმარტების აუცილებლობას ადასტურებს გასაჩივრებულ 2013 წლის 10 მაისის განჩინებაში გაჟღერებული სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებაც იმის შესახებ, რომ 2013 წლის 22 აპრილის განჩინებით ყადაღა დაედო დ. კ-ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, შპს „მ. ტ-ის“ მოძრავ ქონებებს. ასევე, ყადაღა დაედო შპს „მ. ტ-ის“ საბანკო ანგარიშებს ერთობლიობაში 2 300 000 ლარის ფარგლებში.
ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ 2013 წლის 22 აპრილის განჩინების განმარტებაზე შპს „მ. ტ-ს“ უარი არასწორად უთხრა, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად. საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ საკასაციო პალატის მიერ მითითებული საკითხების ზუსტად დაკონკრეტების გზით უნდა განმარტოს მოცემულ საქმეზე 2013 წლის 22 აპრილს მიღებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტების შინაარსი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „მ. ტ-ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 მაისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე