№ას-566-537-2013 18 ივლისი, 2013 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ მ. ო-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ სს „ს. ბ-ი“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „ს. ბ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ო-ის, ლ. ფ-ის, მ. ო-ის, დ. გ-სა და ს. გ-ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნით.
მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, ძირითადი თანხის 11036.22 ლარის ნაწილში.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით, სს „ს. ბ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს 14263.66 ლარის სოლიდარულად გადახდის ვალდებულება დაეკისრათ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ო-მა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი საფუძვლებით: უდავოდ დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტი შეიცავს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესს: გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით. გადაწყვეტილების მერვე ნაწილში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სამტრედიის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქმეში არსებული მასალით, კერძოდ კი სასამართლოს სხდომის ოქმით დადგენილია, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა აპელანტი მ. ო-ი. შესაბამისად, გადაწყვეტილების ჩაბარების ვადა მხარეს უნდა აეთვალოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან ანუ 2013 წლის 20 თებერვლიდან. ამდენად 14 (თოთხმეტ) დღიანი გასაჩივრების ვადა მხარეს მ. ო-ს გადიოდა 2013 წლის 3 აპრილს (2013 წლის 20 მარტიდან 14-ე დღე), მის მიერ სააპელაციო საჩივარი სამტრედიის რაიონულ სასამართლოში შეტანილია 2013 წლის 8 აპრილს.
ზემოდასახელებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ.ო-მა და მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარი დროულად წარადგინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ო-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 აპრილის განჩინებით მ. ო-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ 14 - დღიან ვადაში წარუდგენლობის გამო. აღნიშნულთან დაკავშირებით, კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარი დროულად წარადგინა.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლო ზემოდასახელებული მუხლების ურთიერთჯერების საფუძველზე მიუთითებს შემდეგს: იმისათვის, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შესაბამისად, უნდა იკვეთებოდეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული შემდეგი გარემოებები: გადაწყვეტილების გასაჩივრებას უნდა ესწრებოდეს გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი უნდა იყოს გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი. ამასთან, 2591 მუხლი იმპერატიული ნორმაა. იგი ცალსახად და იმპერატიულად ადგენს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესს და ნორმის სხვაგვარი განმარტების საშუალებას არ იძლევა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მეორე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. აღნიშნული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების მზაობის შესახებ შეტყობინებისა და მხარისათვის გაგზავნის ვალდებულება სასამართლოს იმ შემთხვევაში აქვს, თუ გასაჩივრების უფლებამოსილების მქონე პირი ზემოდასახელებული მუხლით გათვალისწინებული სუბიექტია, რაც, კონკრეტულ შემთხვევაში, არ დგინდება. შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს არა მისი ჩაბარების მომენტიდან, არამედ მისი გამოცხადებიდან 30-ე დღეს. განსახილველ შემთხვევაში, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის სხდომის ოქმით ირკვევა, რომ სასამართლო პროცესს ესწრებოდა მ. ო-ი. საქმის მასალებით დგინდება, რომ კერძო საჩივრის ავტორი კანონით დადგენილ ვადაში არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით სასამართლოში არ გამოცხადებულა. გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს მისი გამოცხადებიდან 30-ე დღეს, ე.ი 2013 წლის 21 მარტიდან. შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 - დღიანი ვადა 2012 წლის 3 აპრილს ამოიწურა. საქმის მასალებით კი, დგინდება, რომ სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილია მითითებული ვადის დარღვევით, 2013 წლის 8 აპრილს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. კანონის დასახელებული ნორმებიდან ასევე გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რომელთა შესრულების ვადებიც კანონმდებელმა დააწესა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან, მ. ო-მა გაუშვა სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად დაგვიანებით წარდგენილი სააპელაციო საჩივარი და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ო-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ.როინიშვილი
ბ. ალავიძე