Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-580-551-2013 8 ივლისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სს „ს. ბ-ი“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ნ+“, მ. ც-ი, გ. ა-ე, ლ. ლ-ე, ზ. მ-ი, დ. ქ-ე, ა. მ-ი, ქ. ჩ-ე, ნ. ლ-ე, ი. თ-ი, ვ. ჭ-ა, ნ. რ-ე, მ. კ-ე, გ. გ-ა, ნ. ს-ე

მესამე პირი – ი. ბ. ა. ჩ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საბანკო კრედიტის ძირითადი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია, გარიგების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „ს. ბ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ნ+-ის“, მ. ც-ის, გ. ა-ის, ლ. ლ-ის, ზ. მ-ის, დ. ქ-ის, ა. მ-ის, ქ. ჩ-ის, ნ. ლ-ის, ი. თ-ის, ვ. ჭ-ას, ნ. რ-ის, მ. კ-ის, გ. გ-სა და ნ. ს-ის მიმართ საბანკო კრედიტის ძირითადი თანხის, პროცენტისა და პირგასამატეხლოს დაკისრების, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციისა და გარიგების ბათილად ცნობის შესახებ.

მოსარჩელემ მიიჩნია, რომ შპს „ნ+-ს“ მის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2007 წლის 25 მაისს შედგენილი №708542-204712 ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული დავალიანება – 1270383.14 ლარის, 2007 წლის 25 მაისის №708542-2047133 ხელშეკრულებიდან გამომდინარე – 1195532,39 ლარისა და, 2008 წლის 8 ოქტომბრის №708542-640851 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 116929.46 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა, №708542-204712, №708542-2047133 და №708542-640851 საკრედიტო ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი დავალიანების დასაფარად სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დათვირთული ქ.თბილისში, ჭ-ის გამზირ №49ბ-ში მდებარე უძრავი ნივთები.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, ხოლო ნ. ლ-ემ, ი. თ-მა, ვ. ჭ-ამ, ნ. რ-ემ, მ. კ-ემ, გ. გ-ამ, ნ. ს-ემ და ქ. ჩ-ემ შეგებებული სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს სს „ს. ბ-სა“ და ი. მ.ა ა. „ჩ-ს“ შორის 2007 წლის 25 მაისს შედგენილი №708542ა იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ მოტივით, რომ სადავო გარიგების დადების უფლებამოსილება ამხანაგობა „ჩ-ის“ თავმჯდომარეს არ გააჩნდა.

საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად სს „ს. ბ-ის“ მხარეზე ჩაება იბა „ჩ-ი“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „ს. ბ-ის“ სასარჩელო მოთხოვნები ნაწილობრივ დაკამყოფილდა, შპს „ნ+-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1 537 838.86 ლარის გადახდა, აღნიშნული დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული მ. ც-ის (საკადასტრო კოდი ...), ზ. მ-ის (საკადასტრო კოდი ...) და ა. მ-ის (საკადასტრო კოდი ...) სახელზე რიცხული ქ. თბილისში, ჭ-ის გამზირ №49ბ-ში მდებარე უძრავი ნივთები, სს „ს.ს ბ-ის“ მოთხოვნა შპს „ნ+-ის“ მიმართ 1045006.13 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, სს „ს. ბ-ის“ მოთხოვნა ქ. ჩ-ის, ნ. ლ-ის, ი. თ-ის, ვ. ჭ-ას, ნ. რ-ის, მ. კ-ის, გ. გ-ას და ნ. ს-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების რეალიზაციის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ქ. ჩ-ის, ნ. ლ-ის, ი. თ-ის, ვ. ჭ-ას, ნ. რ-ის, მ. კ-ის, გ. გ-ას და ნ. ს-ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 2007 წლის 25 მაისის №708542ა იპოთეკის ხელშეკრულება ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ქ. ჩ-ის, ნ. ლ-ის, ი. თ-ის, ვ. ჭ-ას, ნ. რ-ის, მ. კ-ის, გ. გ-ას და ნ. ს-ის უძრავი ნივთების იპოთეკის დატვირთვის ნაწილში, ხოლო გ. ა-ის, ლ. ლ-სა და დ. ქ-ის მიმართ სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სს „ს. ბ-მა“ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 მაისის საოქმო განჩინებით მოწინააღმდეგე მხარე ი. თ-ის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაება ი. რ-ა შემდეგი საფუძვლებით:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მატერიალურ სამართალურთიერთობაში კანონი უშვებს უფლებამონაცვლეობას, რაც თავის მხრივ, საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველია.

პალატამ მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სს „ს. ბ-ის“ სარჩელი სხვადასხვა ფიზიკურ პირთა, მათ შორის, ი. თ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე, შესაბამისად, დაკმაყოფილდა ამ პირთა შეგებებული სარჩელის მოთხოვნა იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე. წარმოდგენილი 2013 წლის 2 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულებითა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 11 აპრილის ამონაწერით დასტურდება, რომ იპოთეკის საგანი – ქ.თბილისში, ი.ჭ-ის გამზირ №49ბ-ში მდებარე №82 ბინა ი. თ-სა და ი. რ-ას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით აღირიცხა ირაკლი რაფავას სახელზე. შესაბამისად, ი. თ-ის (ყოფილი მესაკუთრის) უფლებამონაცვლედ საქმეში უნდა ჩაებას ქონების ამჟამინდელი მესაკუთრე –ი. რ-ა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე სს „ს. ბ-მა“ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, მოსარჩელე თავად განსაზღვრავს მის პროცესუალურ მოწინააღმდეგეს – მოპასუხეს. მოცემულ შემთხვევაში ბანკის მიერ აღძრულ სარჩელში განსაზღვრულია მოპასუხეთა წრე, კერძოდ, ერთ-ერთი მოპასუხეა ი. თ-ი, რომელიც მოპასუხედ საქმეში ჩაება მხოლოდ იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელის აღძვრის პერიოდში მის საკუთრებაში არსებული ქონება წარმოადგენდა იპოთეკის ერთ-ერთ საგანს. გასაჩივრებული განჩინებით კი ბანკს არ მიეცა შესაძლებლობა, ახალი გარემოების გათვალისწინებით, თავად განესაზღვრა მოწინააღმდეგე მხარე. ვინაიდან ი. თ-ის მიერ ქონების გასხვისების საფუძველზე იპოთეკის საგნის მესაკუთრე შეიცვალა, ბანკის მიერ აღძრულ სარჩელზე მიმდინარე დავაზე ახალი მესაკუთრე ი. რ-ა უნდა ჩაბმულიყო მოპასუხედ და არა წინა მესაკუთრის უფლებამონაცვლედ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელეები სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მიიჩნევენ 2005 წლის 23 დეკემბერს ქ.თბილისში, ჭ-ის ქ.№49ბ-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენების მიზნით, ამხანაგობის წევრებს შორის გაფორმებული სადამფუძნებლო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლებებსა და ვალდებულებებს. ბანკი კი, თავის მხრივ, შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობის ერთ-ერთ არგუმენტად მიიჩნევს იმას, რომ მოწინააღმდეგე მხარემ შეიძინა ვალდებულებით დატვირთული უძრავი ნივთი და მათზე არ უნდა გავრცელდეს 2005 წლის 23 დეკემბრის ამხანაგობის წევრებს შორის გაფორმებული სადამფუძნებლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს. ბ-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ სს „ს. ბ-ის“ სარჩელი შპს „ნ+-ის“, ი. თ-სა და სხვათა მიმართ ეხება საბანკო კრედიტის ძირითადი თანხის, პროცენტისა და პირგასამატეხლოს დაკისრებას, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციასა და გარიგების ბათილად ცნობას. ი. თ-ი წარმოადგენდა სადავო კრედიტის უზრუნველსაყოფად ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრეს, რომელმაც დავის მიმდინარეობისას კუთვნილი ქონება გაასხვისა ი. რ-ე.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით და მიიჩნია, რომ ი. რ-ა საქმეში უნდა ჩართულიყო ი. თ-ის უფლებამონაცვლედ.

საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველია უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში, როდესაც მატერიალური სამართლის ნორმა დასაშვებად მიიჩნევს სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტის შეცვლას, რაც ნიშნავს ახალი სუბიექტის იმ უფლება-მოვალეობებით აღჭურვას, რომლებიც გააჩნდა მის წინამორბედს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სს „ს. ბ-ის“ სასარჩელო მოთხოვნა ემყარება ერთის მხრივ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობას შპს „ნ+-ან“, ხოლო მეორეს მხრივ ამ ვალდებულების უზრუნველსაყოფად გამოყენებულ სანივთო-სამართლებრივ ურთიერთობას (იპოთეკა), რომლის მონაწილესაც მოსარჩელის აზრით წარმოადგენდა ი. თ-ი.

დადგენილია ასევე, რომ ი. თ-მა, რომელიც წარმოადგენდა იპოთეკის საგნის, უძრავი ქონების მესაკუთრეს, აღძრა შგებებული სარჩელი სანივთო-სამართლებრივი ურთიერთობის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იპოთეკის საგნის მესაკუთრეს, რომელიც იმავდროულად არ არის იპოთეკარის პირადი მოვალე, მატერიალური კანონმდებლობით მინიჭებული აქვს უფლება კრედიტორს (იპოთეკარს) წარუდგინოს შესაგებლები (სამოქალაქო კოდექსის 288-ე, 291, ასევე გარიგების ბათილობასა და საცილოობასთან დაკავშირებული მუხლები), რომელიც დაიცავს იპოთეკით დატვირთულ ნივთს რეალიზაციის ან მასზე საკუთრების გადაცემისაგან.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იპოთეკა, როგორც რეგისტრირებული სანივთო უფლება უძრავი ნივთის გასხვისების შემთხვევაში გადადის ახალ მესაკუთრეზე. შესაბამისად, ახალ მესაკუთრეზე უნდა გადავიდეს ის შესაგებლებიც, რომლებიც წინა მესაკუთრეს ჰქონდა. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ 2013 წლის 2 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველზე, იპოთეკის საგნის _ ქ.თბილისში, ი.ჭ-ის გამზირ №49ბ-ში მდებარე №82 ბინის მესაკუთრე გახდა ი. რ-ა. აღნიშნული ფაქტი ცალსახად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სს „ს. ბ-ან“ არსებული სანივთო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გავიდა წინა მესაკუთრე ი. თ-ი და მისი ადგილი დაიკავა ახალმა მესაკუთრემ ი. რ-ამ. ამდენად გამორიცხულია დასახელებულ გარემოებათა გათვალისწინებით, იმავე დავის პირობებში კვლავ დარჩეს მხარედ მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გასული პირი.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა. მოცემული ნორმა უნდა განიმარტოს იმგვარადაც, რომ უფლებამონაცვლის წინამორბედის მიერ შესრულებული ყველა საპროცესო მოქმედება ითვლება შესრულებულად უფლებამონაცვლის მიერ, რაც იმას ნიშნავს, რომ სადავო განჩინების გამოტანამდე განხორციელებული საპროცესო მოქმედებები ძალაში რჩება და ამ კუთხით სს „ს. ბ-ის“ ინტერესები არ ილახება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და თვლის, რომ იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს. ბ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე