ბს-606-192-კ-05 2 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემდეგი შემადგენლობით: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე)
ი. ლეგაშვილი,
ჯ. გახოკიძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2004წ. 20 ოქტომბერს რ. ჭ-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხის 2004 წ. 11 სექტემბრის ¹54 ბრძანების არაკანონიერად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებით, შემდეგი საფუძვლით: DA
იგი 1978 წლიდან მუშაობდა ხელვაჩაურის სამუსიკო სკოლაში ...ად და ამავდროულად ეკავა ...ის თანამდებობა.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2004წ. 11 სექტემბრის ¹54 ბრძანება დაკავებული თანამდებობიდან, საპენსიო ასაკის და შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლასთან დაკავშირებით, მისი განთავისუფლების თაობაზე მიაჩნია კანონსაწინააღმდეგოდ, ვინაიდან დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლება მას ეცნობა მხოლოდ მ/წ 11 ოქტომბერს, ბრძანების გამოცემის შემდეგ. იმის გამო, რომ დადებული ხელშეკრულების ვადის გასვლასთან დაკავშირებით არც მოპასუხეს და არც მოსარჩელეს არ მოუთხოვია ხელშეკრულების შეწყვეტა, თვლის, რომ შკკ-ის 31-ე მუხლის თანახმად, რაკი შრომის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ შრომითი ურთიერთობა ფაქტიურად გრძელდება და არც ერთმა მხარემ არ მოითხოვა მისი შეწყვეტა, ხელშეკრულების მოქმედება ითვლება გაგრძელებულად განუსაზღვრელი დროით.
აქედან გამომდინარე, როცა 1990 წ. მოსარჩელეს შეუსრულდა საპენსიო ასაკი და როცა იქნა მიღებული კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ”, არ იქნა ასაკის გამო გათავისუფლებული ...ის თანამდებობიდან, მიაჩნია, რომ ხელშეკრულება გაგრძელებული აქვს განუსაზღვრელი დროით.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ. ჭ-ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად: მოსარჩელე რ. ჭ-ე 1978 წლიდან მუშაობდა ხელვაჩაურის რ-ის სამუსიკო სკოლის დირექტორად აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2004წ. 21 სექტემბრის ბრძანებით. რ. ჭ-ე განთავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან ასაკის გამო, შკკ-ის 50-ე მუხლის შესაბამისად და შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლასთან დაკავშირებით, რამდენადაც მას მინისტრის 2003წ. 20 აგვისტოს ბრძანების თანახმად, შრომითი ვადიანი ხელშეკრულება დაუმთავრდა 2004წ. 20 აგვისტოს, შესაბამისად, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 50-ე მუხლის I ნაწილის საფუძველზე, მოპასუხეს შეეძლო თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა მოსარჩელე, რადგან სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი 65 წელია.
მართალია, თანახმად ამავე კანონის 108-ე მუხლის I ნაწილის მოთხოვნა, რომ მოხელეს ერთი თვით ადრე უნდა ეცნობოს ასაკის გამო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რაც მოპასუხემ არ შეასრულა, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს დარღვევა არ შეიძლება ჩაითვალოს, ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევად, რაც მოცემულ შემთხვევაში აუცილებლად იწვევს მოსარჩელე ჭ-ის სამუშაოზე აღდგენას, რომ მოსარჩელე რ. ჭ-ე სამუშაოდან გათავისუფლების შემდეგ აგრძელებდა მუშაობას, აგრეთვე, სასამართლოს დასკვნის მიხედვით ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რამდენადაც შკკ-ის 31-ე მუხლის მიხედვით ხელშეკრულების მოქმედება ითვლება გაგრძელებულად განუსაზღვრელი ვადით იმ შემთხვევაში, თუ ვადის გასვლის შემდეგ შრომითი ურთიერთობა ფაქტიურად გრძელდება და არცერთმა მხარემ არ მოითხოვა მისი შეწყვეტა. მოცემულ შემთხვევაში კი მოპასუხის 2003წ. 20 აგვისტოს ბრძანებით მოსარჩელეს შრომითი ხელშეკრულების ვადა გაუგრძელდა 2004წ. 20 აგვისტომდე. 2004წ. 21 სექტემბერს კი მოპასუხის ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლებული იქნა სამუშაოდან, რაც იმას ნიშნავს, რომ მოპასუხემ მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა. ამასთან, მოსარჩელე შრომის ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 2004წ. 20 აგვისტომდე გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემამდე _ 2004წ. 21 სექტემბრამდე ფაქტობრივად შრომით ურთიერთობას არ აგრძელებდა მოპასუხესთან, რამდენადაც ამ პერიოდში იყო სასკოლო არდადეგები.
მითითებული გადაწყვეტილება რ. ჭ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით: სასამართლომ გამოიყენა კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ‘‘, რაც არასწორია, რადგანაც სამუსიკო სკოლის დირექტორის თანამდებობა მიეკუთვნება სახელოვნებო, განათლების სისტემის, კულტურის სფეროს და აქედან გამომდინარე, “საქართველოს კულტურის შესახებ‘‘ კანონის 31-ე მუხლის თანახმად კულტურის სფეროს მუშაკთა შრომითი ურთიერთობა ურთიერთობა რეგულირდება შრომის კანონმდებლობით და არა “საჯარო სამსახურის სამსახურის შესახებ” კანონით, მის სამუშაოდან განთავისუფლების საფუძვლად დაედო ვადიანი ხელშეკრულების ვადის გასვლა, რაც არასწორად მიაჩნია; სასამართლოს ასევე არ უმსჯელია შკკ-ის 37 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნაზე, რომლის თანახმადაც, იმ საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, სადაც არსებობს პროფკავშირი, დაუშვებელია ადმინისტრაციის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების მოშლა პროფკავშირის თანხმობის გარეშე.
სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 9 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა რ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 18 ნოემბრის გადაწყვეტილება, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და საქალაქო სასამართლომ საქმის გარემოებათა ობიექტური გამოკვლევით და კანონმდებლობის სწორი გამოყენებით გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტები:
რ. ჭ-ე 1978 წლიდან მუშაობდა ხელვაჩაურის სამუსიკო სკოლის დირექტორად. იგი 2004წ. 10 სექტემბერს გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან შრომის ხელშეკრულების ვადის გასვლისა და ასაკის გამო “შკკ-ის 30-ე მუხლის “ბ‘‘პუნქტისა და “საჯარო სამსახურის შესახებ‘‘ კანონის 50-ე მუხლის თანახმად
აჭარის ა/რ კულტურის სამინისტროს სახელოვნებო განათლების სისტემის ხელმძღვანელსა და რ. ჭ-ეს შორის 2002წ. 20 სექტემბერს დადებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულება “შკკ-ის‘‘ მე-18 მუხლის პირველი ნაწილის “ბ‘‘ პუნქტის საფუძველზე დადებული იყო ერთიწ. ვადით 2003წ. 20 აგვისტომდე და ითვალისწინებდა მხარეთა შეთანხმებით შრომითი ხელშეკრულების გაგრძელებას.
შკკ-ის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რ. ჭ-ესთან დადებული ხელშეკრულება არ გადაზრდილა ამავე კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული განუსაზღვრელი ვადით დადებულ ხელშეკრულებაში, იგი სამართლებრივად წარმოადგენს შკკ-ის მე-18 მუხლის “ბ‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადიან შრომით ხელშეკრულებას, რომლის მოქმედების ვადა ამოიწურა 2004წ. 20 აგვისტოს, რაც “შკკ-ის‘‘ 30-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ‘‘ ქვეპუნქტის თანახმად ხელშეკრულების შეწყვეტის უდავო საფუძველია, შესაბამისად, დაასკვნა, რომ მოსარჩელე რ. ჭ-ის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ მოპასუხე აჭარის ა/რ განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2004წ. 21 სექტემბრის ¹54-ე ბრძანება კანონიერია, ვინაიდან შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლასთან დაკავშირებით სწორად მოხდა მოსარჩელის სამუშაოდან დათხოვნა ზემოთ აღნიშნული კოდექსის 30-ე მუხლის “ბ‘‘ ქვეპუნქტის თანახმად და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 9 თებერვლის განჩინება რ. ჭ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა და არასწორად განმარტა შკკ-ის 31-ე მუხლის მოთხოვნები.
ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც ფაქტიურად გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია;
სადავო ბრძანებით ჭ-ის განთავისუფლებას საფუძვლად დაედო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 50-ე მუხლიც, რომელიც ადგენს მოსამსახურის პენსიაში გასვლის ზღვრულ ასაკს და ეს ნორმა საერთოდ არ ითვალისწინებს შრომის ხელშეკრულების შეწყვეტას, მიუხედავად ამისა, მითითებული მუხლი საფუძვლად დაედო მის სამსახურიდან გათავისუფლებას, კანონის ეს ნორმა ასევე გამოყენებული იქნა სააპელაციო სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტისას, ე.ი სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ისეთი ნორმა, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და ფაქტობრივად ამ დარღვევითაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება გამოიტანა; კასატორი თვლის, რომ სამუსიკო სკოლის დირექტორის თანამდებობა მიეკუთვნება სახელოვნებო განათლების კულტურის სფეროს, ხოლო საქართველოს კულტურის შესახებ კანონის 31-ე მუხლის I-ლი ნაწილის თანახმად, კულტურის სფეროს მუშაკთა შრომითი ურთიერთობა რეგულირდება შრომის კანონმდებლობით და არა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით, რომელიც გამოიყენა მოპასუხემ რ. ჭ-ის განთავისუფლებისა და სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის საკითხის გადაწყვეტისას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განჩინების მიღებისას სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსკ-ის 393.2. და 394. “ე” მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სწორად არ იქნა საქმის მასალები გამოკვლეული და დადგენილი ფაქტები.
სსსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო პრეტენზია დასაბუთებელია, რადგან სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას არსებითად მსჯელობა განავითარა მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ რ. ჭ-ესა და აჭარის ა/რ კულტურის სამინისტროს სახელოვნებო განათლების ხელმძღვანელობას შორის დადებული იყო ვადიანი ხელშეკრულება, რომლის შეწყვეტა განხორციელდა 30.1 “ბ” პუნქტის საფუძველზე, ამასთან სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა შემდეგ გარემოებებზე:
შკკ-ის 422 მუხლით განსაზღვრული მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი და წესი. მითითებული ნორმის პირველი პუნქტით იმპერატიულად არის განსაზღვრული, რომ მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ მუშაკს პერსონალურად უნდა ეცნობოს ერთი თვით ადრე მაინც, ამასთან, აღნიშნული შეტყობინება მუშაკმა უნდა დაადასტუროს ხელმოწერით, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული და აღნიშნულზე სასამართლოსაც არ უმსჯელია.
მოხელის გაფრთხილება მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ასევე უზრუნველყოფილია “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108.1 მუხლით, რომლის თანახმად, მოხელეს ერთი თვით ადრე უნდა ეცნობოს დაწესებულების ლიკვიდაციის თანამდებობის შემცირების, ატესტაციის არადაკმაყოფილებელი შედეგების ან ასაკის გამო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსალოდნელი განთავისუფლების თაობაზე ერთი თვით ადრე შეტყობინების /გაფრთხილების/ ვალდებულება ადმინისტრაციის მხრიდან წარმოადგენს მუშაკის კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ გარანტიას, მომზადებული შეხვდეს სამუშაოდან გათავისუფლების ფაქტს, რომ ეს არ იყოს მისთვის მოულოდნელი, მით უფრო, აღნიშნულ დარღვევას არც მოპასუხის წარმომადგენელი უარყოფს, რასაც სასამართლომ ასევე არ მისცა შეფასება.
სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა სადავო ბრძანების შესაბამისობაზე მოქმედ კანონმდებლობასთან, კერძოდ, ბრძანების შესავალ ნაწილში მისი გამოცემის საფუძვლად მითითებულია “შკკ-ის” 50-ე მუხლზე მითითებული ნორმით განსაზღვრულია შრომის შინაგანაწესი და ცვლილებების განრიგით ყოველდღიური მუშაობის დაწყებისა და დამთავრების დრო, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა მითითებული ნორმის გამოყენების მართლზომიერების საკითხზე.
სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია არსებობდა თუ არა რ. ჭ-ის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ პროფკავშირის თანხმობა, რადგან შკკ-ის 37-ე მუხლით განსაზღვრავს შემთხვევებს, რომლის დროსაც აუცილებელია ასეთი თანხმობის არსებობა, კერძოდ, საწარმოს, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, სადაც არსებობს პროფკავშირი, დაუშვებელია ადმინისტრაციის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) მოშლა პროფკავშირის თანხმობის გარეშე, მოსარჩელე რ. ჭ-ე წარმოადგენს თუ არა პროფკავშირის წევრს, საქმეში შესაბამისი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები არ იქნა გამოკვლეული და შეფასებული სააპელაციო სასამართლოს მიერ; სასამართლოს არ გამოუკვლევია, არსებობდა თუ არა “შკკ-ის” 37I მუხლით გათვალისწინებული პირობები.
სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა არსებით განხილვისას უნდა იმსჯელოს იმ გარემოებაზე, თუ რამდენად შესაბამისობაშია სადავო ბრძანება (რ. ჭ-ის სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ) მოქმედ კანონმდებლობასთან, რადგან რ. ჭ-ის განთავისუფლების ბრძანება გამოცემულია 2004წ. 21 სექტემბერს, ბრძანებაში რ. ჭ-ის თანამდებობიდან განთავისუფლების თარიღად მითითებულია 10 სექტემბერი, ხოლო რ. ჭ-ესა და მოპასუხეს შორის ვადიანი ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადა ამოიწურა 2004წ. 21 აგვისტოს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლომ ისე შეაფასა, რომ მხარეებს შორის დადებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულება არ გადაზრდილა უვადო ხელშეკრულებად, რომ არ დაასაბუთა, თუ რას ემყარება აღნიშნული დასკვნა, სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს მოსარჩელე რ. ჭ-ეს, რომლის ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 20 აგვისტოს, ადმინისტრაციამ არ შეატყობინა რა ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, წარმოეშვა თუ არა კანონიერი ნდობა ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ შემდეგზე, რომ მასთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტაზე ნება არ არსებობს და ხელშეკრულება გრძელდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს რ. ჭ-ე იმყოფებოდა სამსახურში, ანუ 20.08-21.09 პერიოდში იგი მუშაობდა, თუ იმყოფებოდა შვებულებაში ან სხვ., ანუ სახეზე იყო თუ არა “შკკ-ის” 34.2. მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები.
ყოველივე ზემოღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად, შეუძლებელია საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას არ იქნა დადგენილი ყველა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც მოცემული საქმე ექვემდებარება ხელახლა განხილვას, რა დროსაც სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, გამოიკვლიოს მითითებული გარემოებები საქმეზე ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილების დადგენის მიზნით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სსკ-ის 372-ე, 390-ე, 399-ე, 411-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 9 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.