საქმე №ას-583-554-2013 8 ივლისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ვ. ს-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „მ-იმ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ვ. ს-ის“ მიმართ 108 287.66 ლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით:
2011 წლის 12 დეკემბერს შპს „მ-სა“ და შპს „ვ. ს-ს“ შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, დ. ა-ის გამზირ №152-ში მდებარე შპს „მ-ის“ შენობის სახურავის მოწყობა სპილენძის ფასონური ელემენტებით.
ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ სამუშაოს შესრულებაზე, მისი გადახდის წესსა და ვადებზე. 2.1. პუნქტით კი, შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 608 200 ლარს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სამუშაოს ღირებულების 50% უნდა გადახდილიყო წინასწარ, ხოლო დარჩენილი თანხა – ეტაპობრივად: 2012 წლის 7 თებერვალს – 84 000 ლარი, 2012 წლის 12 მარტს – 120 000 ლარი, დარჩენილი 100 000 ლარის გადახდა უნდა მომხდარიყო სამუშაოს დასრულებიდან და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან სამ საბანკო დღეში. ხელშეკრულების დასრულების ბოლო ვადა იყო 2012 წლის 2 აპრილი.
მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არც დამატებით განსაზღვრულ ვადაში არ შეასრულა.
მოსარჩელემ მოპასუხეს გადაუხადა 508 101.13 ლარი, რადგან შესრულებული სამუშაოების ღირებულებაა 399 813.47 ლარი, შესაბამისად, ზედმეტად გადახდილი თანხა შეადგენს 108 287.66 ლარს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სამშენებლო სამუშაოების დასრულება შეუძლებელი იყო თავად მოსარჩელის მიერ სამშენებლო პოლიგონის დროულად მოუმზადებლობის გამო, რის შესახებაც შპს „ვ. ს-მა“ არაერთხელ მიმართა შპს „მ-ს“ და სთხოვა მშენებლობის ვადის გაგრძელება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით შპს „მ-ის“ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილით, 364-ე მუხლით, 369-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით, 59-ე და 63-ე მუხლებით და დაადგინა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას 2013 წლის 15 მარტს ესწრებოდა მოპასუხე შპს „ვ. ს-ის“ წარმომადგენელი დ. კ-ე, რომელიც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა სასამართლოში არ გამოცხადებულა და გადაწყვეტილების ასლი არ ჩაუბარებია. შესაბამისად, გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს – 2013 წლის 16 აპრილს და ამოიწურა 2013 წლის 29 აპრილს. აპელანტის წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2013 წლის 1 მაისს, რითაც დაარღვია კანონმდებლობით დადგენილი ვადა.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ მოვალეობებიც. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით, შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, რომ მხარემ ამ უფლების რეალიზება მოახდინოს კანონით განსაზღვრულ ვადაში. მოცემულ შემთხვევაში შპს „ვ. ს-მა“ საპროცესო უფლება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების თაობაზე კანონით დადგენილ ვადაში ვერ განახორციელა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „ვ. ს-მა“ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ დაადგინა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას 2013 წლის 15 მარტს ესწრებოდა აპელანტის წარმომადგენელი დ. კ-ე, რომელიც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა სასამართლოში არ გამოცხადებულა და გადაწყვეტილების ასლი არ ჩაუბარებია. შესაბამისად, სასამართლომ გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30 დღეს – 2013 წლის 16 აპრილს და ამოწურულად ჩათვალა 2013 წლის 29 აპრილს. სააპელაციო საჩივარი კი წარდგენილ იქნა 2013 წლის 1 მაისს.
სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქმის მასალებში დ. კ-ეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად, მარწმუნებლის სახელით გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება არ გააჩნდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლის წესი მოქმედებს, თუ: 1.გადაწყვეტილების გამოცხადებას დაესწრო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი. საქმეში არსებული დ. კ-ის სახლზე გაცემული მინდობილობით დასტურდება, რომ მას ამგვარი უფლებამოსილება არ გააჩნდა ან 2.გასაჩივრების უფლების მქონე პირისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი. ვინაიდან დ. კ-ე არ წარმოადგენდა გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უფლებამოსილ პირს, შპს „ვ. ს-ის“ კი კანონით დადგენილი წესით გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი არავის უცნობებია და არც მის გამოცხადებას ესწრებოდა, ასეთი სახის მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.
ამდენად, დ. კ-ე არ იყო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, მისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება არ შეიძლება ჩაითვალოს მხარისათვის ჩაბარებად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილება მხარეს უნდა ჩაბარებოდა ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, რისი დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ვ. ს-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.
კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი განსაზღვრავს სააპელაციო საჩივრის შეტანის იმპერატიულ ვადას და ამ ვადის გამოთვლის წესს. აღნიშნული წესის ზედმიწევნით დაცვა მნიშვნელოვანია, რათა აპელანტს არ შეელახოს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება და სწორად განისაზღვროს სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დენის დაწყების მომენტი. ამასთან, ხსენებული ნორმით გათვალისწინებული ვადის იმპერატიულობა იმაში მდგომარეობს, რომ სასამართლოს არ ძალუძს მისი გადახედვა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2010 წლის 15 დეკემბრის კანონით „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, განისაზღვრა მხარეთა ვალდებულება, კანონით დადგენილი პირობების არსებობისას, თავად უზრუნველყონ სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარება სასამართლოში გამოცხადების გზით. ამ თვალსაზრისით სრულიად მართებულია კერძო საჩივრის ავტორის აპელირება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით განსაზღვრულ ორი სახის პირობაზე, კერძოდ, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი. შესაბამისად, იმისათვის, რათა სასამართლო გათავისუფლდეს მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების ტვირთისაგან, აუცილებელია მან უზრუნველყოს გასაჩივრების უფლების მქონე პირის იმ პროცესზე დასწრება, რომელზეც უნდა გამოცხადდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.
საქმის მასალებით დადგენილია და კერძო საჩივრის ავტორი არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ შპს „ვ. ს-ის“ ინტერესებს პირველი ინსტანციის სასამართლოში იცავდა დ. კ-ე. რომელიც ესწრებოდა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საივრის ავტორის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან დ. კ-ეს არ ჰქონდა მარწმუნებლისაგან მინიჭებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისიწნბული სპეციალური უფლებამოსილება გასაჩივრების თაობაზე, სახეზე არ გვაქვს საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობა _ „გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი.“
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მეორე პირობის _ „ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი“ შემოწმებისათვის, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებებს: შპს „ვ. ს-ის“ წარმომადგენელი დ. კ-ე ესწრებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2013 წლის 13 მარტს გამართულ სასამართლო სხდომას. სხდომის ოქმის შინაარსიდან ირკვევა, რომ დასრულდა საქმის არსებითი განხილვა და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადაიდო 2013 წლის 15 მარტს. საინტერესოა, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს აღნიშნული ფაქტი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით გათვალისწინებული პირობის შესრულებად, ანუ დ. კ-ის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღის ცოდნა ნიშნავს თუ არა მისი მარწმუნებლისათვის, შპს „ვ. ს-ის“ გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღის ცოდნას. მოცემულ კითხვაზე პასუხის გასაცემად, აუცილებელია შემოწმდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე და 98-ე მუხლების შემადგენლობა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში. განსახილველ შემთხვევაში მართალია დ. კ-ეს შპს „ვ. ს-ან“ არ ჰქონდა მინიჭებული სპეციალური უფლებამოსილება, მაგრამ, არსებული უფლებამოსილების ფარგლებში მას თავისუფლად შეეძლო მისი მარწმუნებლისათვის ეცნობებინა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. მითითებული ნორმის სიტყვა-სიტყვითი განმარტებიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იმ შემთხვევაში, როცა მხარე საქმეს აწარმოებს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენელთან მიმართებაში შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული საპროცესო მოქმედების შედეგი ვრცელდება მხარეზე, ამასთან, კანონმდებელი წარმომადგენელს აკისრებს გარკვეულ ვალდებულებებს, რაც მდგომარეობს უწყების ჩაბარების შესახებ მხარის ინფორმირებაში. თუმცა, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ნეგატიური შედეგები მხარეს შეერაცხება. საკასაციო პალატა საპროცესო კოდექსის 70.1 და 98.1 მუხლების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ მხარის წარმომადგენლისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება და მისი სამართლებრივი შედეგები არ მოითხოვს დავალების (მინდობის) ხელშეკრულებაში სპეციალურ აღნიშვნას და ზოგადი უფლებამოსილება საკმარისია იმისათვის, რათა წარმომადგენლისათვის სასამართლო უწყებით ცნობილი ფაქტი კანონის ძალით, იმავდროულად სასამართლომ ცნობილად ჩათვალოს მისი მარწმუნებლისათვის.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო მოქმედებდა კანონიერად, როდესაც დაადგინა, რომ დაცული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით გათვალისწინებული პირობა, ხოლო გასაჩივრების ვადა აითვალა 2591 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლიდან, ვინაიდან მხარემ თავად არ უზრუნველყო სასამართლოში გაცოხადება და გადაწყვეტილების ჩაბარება სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა. საქმის მასალებით დადაგენილია, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღე იყო 2013 წლის 14 აპრილი, სწორედ ამ თარიღიდან დაიწყო სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა, რომელიც დაემთხვა დასვენების დღეს, შაბათს, 27 აპრილს, რის გამოც აპელანტს შეეძლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სასამართლოსთვის მიემართა არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, 2013 წლის 29 აპრილისა, მან კი სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2013 წლის 1 მაისს, რაც უდავოდ წარმოადგენს საპროცესო ვადის დარღვევას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და თვლის, რომ იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ვ. ს-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე