№ას-584-555-2013 19 ივლისი, 2013 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ დ. კ-ა
მოწინააღმდეგე მხარეები – მ. გ-ი, ვ. გ-ე
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – იპოთეკის გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქ. ქ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. კ-ას მიმართ იპოთეკის გაუქმების მოთხოვნით.
დ. კ-ამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, 2007 წლოს 31 აგვისტოს იპოთეკის ხელშეკრულება გაუქმდა, ქ. თბილისში, რ-ის ქ.#19-ში მდებარე უძრავი ქონება უფლებრივი დატვირთვისაგან განთავისუფლდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. კ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 მაისის განჩინებით მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე წარდგენილი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: აპელანტის წარმომადგენელი კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო 2013 წლის 8 მაისს 10 საათზე დანიშნული სხდომის შესახებ და მასვე განემარტა გამოუცხადებლობის შედეგები. ვინაიდან, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე და აპელანტმა მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. კ-ამ შემდეგი დასაბუთებით: მისთვის ცნობილი იყო სასამართლოს სხდომის დღის შესახებ, თუმცა ვერ მოახერხა გამოცხადება, ვინაიდან ინგლისში გაემგზავრა. კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს, რომ სხდომაზე გამოუცხადებლობა საპატიოდ ჩაეთვალოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ დ. კ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დ. კ-ას სააპელაციო საჩივარი სასამართლო სხდომაზე, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, განუხილველი დარჩა. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმას, რომ მას მოუხდა გამგზავრება ინგლისში და ვერ შესძლო პროცესზე გამოცხადება.
აქედან გამომდინარე, სადავო არ არის ის გარემოება, რომ კერძო საჩივრის ავტორი სასამართლო სხდომის დღისა და საათის შესახებ ინფორმირებული იყო კანონით დადგენილი წესით. კონკრეტულ შემთხვევაში, სადავოა იყო თუ არა აპელანტის პროცესზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით განპირობებული.
დ.კ-ას სააპელაციო სასამართლოსათვის მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ არ უცნობებია და ამასთან, არც ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ადასტურებს საზღვრის გადაკვეთას და არა სხვა ქვეყანაში გამგზავრების მიზეზის საპატიოობას. მხოლოდ საპატიო მიზეზით გამოუცახდებლობა წარმოადგენს განუხილევლად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების წინაპირობას. მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით კი, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი უთითებს, რომ სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ: სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, 103-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი ვერ მიუთითა და არც მისი დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოადგინა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, სააპელაციო სასამართლომ, მხარის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ. კ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ.თოდრია
მოსამართლეები: ვ.როინიშვილი
ბ.ალავიძე