Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-593-564-2013 22 ივლისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ. ქ-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ქ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სესხის დაბრუნება, სარგებლის გადახდა, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ქ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ქ-ას მიმართ და მოითხოვა სესხის ძირითადი თანხის – 65 000 აშშ დოლარისა და სარგებლის – 15 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება შემდეგი საფუძვლით:

2010 წლის 7 აპრილს თ. ქ-სა და თ. ქ-ას შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც თ. ქ-ამ თ. ქ-ან სესხის სახით მიიღო 65 000 აშშ დოლარი 3 თვის ვადით. სესხის სარგებელი კი შეადგენდა ყოველთვიურად 5%. მხარეები ასევე შეთანხმდენენ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში მოვალეს დაეკისრებოდა ყოველდღიურ ვადაგადაცილებაზე სესხის 3%. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა თ. ქ-ას კუთვნილი ქ.თბილისში, ი. ჭ-ის №54-ში მდებარე 74.85კვ.მ №39 ბინა.

თ. ქ-ას სესხის თანხა უნდა დაებრუნებინა 2010 წლის 7 ივლისს, რაც მოპასუხემ არ შეასრულა. დავალიანებამ შეადგინა ძირითადი თანხა – 65 000 აშშ დოლარი და სარგებელი – 15 000 აშშ დოლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ. ქ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე თ. ქ-ას თ. ქ-ას სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის – 65 000 აშშ დოლარი გადახდა, დავალიანების გადასახდელად დადგინდა იპოთეკით დატვირთული თ. ქ-ას საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების რეალიზაცია, სასარჩელო მოთხოვნა სარგებლის – 15 000 აშშ დოლარის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა თ. ქ-ამ, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება თ. ქ-ამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 მაისის განჩინებით თ. ქ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2591-ე მუხლით და მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ მიღებულ იქნა 2013 წლის 11 მარტს, რომლის გამოცხადებასაც ესწრებოდა აპელანტ თ. ქ-ას წარმომადგენელი ი. ხ-ე. აღნიშნული განჩინება ი. ხ-ემ ჩაიბარა 2013 წლის 12 აპრილს, ხოლო სააპელაციო საჩივარი მხარემ წარადგინა 14-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით, 2013 წლის 26 აპრილს.

სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა თ. ქ-ამ და მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლით:

საქალაქო სასამართლოს განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ მხარეს ჩაბარდა 2013 წლის 12 აპრილს. სააპელაციო საჩივარი კი შეტანილ იქნა აღნიშნული თარიღიდან კანონით დადგენილ 14-დღიან ვადაში, 2013 წლის 26 აპრილს. ამდენად, არასწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა საპროცესო ვადის დარღვევით. სასამართლომ დადენილ ვადაში ვერ მოამზადა განჩინება მხარისათვის ჩასაბარებლად და მისი ჩაბარება მოხერხდა მხოლოდ 2013 წლის 12 აპრილის. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი უკანონოდ დატოვა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ქ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ თ. ქ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დარღვევის გამო.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე, 2591 მუხლებით და მიიჩნია, რომ აპელანტმა გასაჩივრებული განჩინების ასლი ჩაიბარა სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული სასამართლო განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღის გასვლის შემდეგ, რის გამოც სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა სასამართლომ აითვალა არა განჩინების ჩაბარების მომენტიდან, არამედ მითითებული განჩინების გამოცხადების 30-ე დღიდან.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატას თ. ქ-ას სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლისას კანონის მოთხოვნა არ დაურღვევია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, კერძოდ:

სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადას ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.

ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, რათა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში, „არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღის“ ათვლისათვის გამოყენებული უნდა იქნეს საპროცესო კოდექსით დადგენილი ვადის გამოთვლის ზოგადი წესი, კერძოდ მე-60 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. შესაბამისად, აღნიშნული პრინციპით გამოთვლილი მე-20 დღე არის იმ მოქმედების შესრულების პირველი დღე, რაც უკავშირდება სასამართლოში გამოცხადებას და ასეთად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს 21-ე დღე. ანალოგიურად უნდა განიმარტოს 30-ე დღე, როგორც ერთის მხრივ მხარის მიერ სასამართლოში გამოცხადების ბოლო დღე (მიუხედავად იმისა ემთხვევა თუ არა უქმე და დასვენების დღეს) და იმავდროულად გასაჩივრების ვადის ათვლის პირველი დღე, თუკი მხარე დააღვევს სასამართლოში გამოცხადების კანონისმიერ ვალდებულებას.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 მარტის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი აპელანტისათვის კანონით დადგენილი წესით ცნობილი იყო და გამოცხადებას ესწრებოდა აპელანტის წარმომადგენელი ირაკლი ხაჩიძე, რომელსაც გააჩნდა თ. ქორჩალავას სახელით სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება (ს.ფ. 54).

ზემოხსენებული განჩინების ჩასაბარებლად აპელანტს მისი გამოცხადებიდან მე-20 დღიდან – 2013 წლის 31 მარტიდან 30-ე დღემდე – 2013 წლის 10 აპრილამდე სასამართლოსათვის არ მიუმართავს. აპელანტის წარმომადგენელმა ი.ხ-ემ სადავო განჩინება ჩაიბარა 2013 წლის 12 აპრილს (ს.ფ. 75), თუმცა, ამ დროს გასაჩივრების ვადის ათვლა დაწყვებული იყო. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწო 2013 წლის 10 აპრილს და ამოიწურა 2013 წლის 23 აპრილს, რაც დარღვეულ იქნა აპელანტის მიერ.

რაც შეეხება კერძო საჩივრის მითითებას, რომ 2013 წლის 12 აპრილამდე სასამართლოს სადავო განჩინება მხარისათვის ჩასაბარებლად მზად არ ჰქონდა, აღნიშნულს საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან საქმის მასალებიდან არ დასტურდება, რომ მხარემ კანონით დადგენილ ვადაში წერილობით მიმართა სასამართლოს განჩინების ჩაბარების მოთხოვნით და სასამართლოს მიზეზით განჩინების ასლი ვერ ჩაიბარა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად კი, აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი სწორედ კერძო საჩივრის ავტორს ეკისრება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობა არ არსებობს, რის გამოც კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ქ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: თ.თოდრია

პ. ქათამაძე