Facebook Twitter

№ას-607-578-2013 15 ივლისი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

თეიმურაზ თოდრია, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. გ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – სს „პ. ბ-ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა გ. გ-ას სარჩელი მოპასუხე სს „პ. ბ-ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 აპრილის განჩინებით გ. გ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. გ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.

კერძო საჩივრის საფუძვლები:

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სს „პ. ბ-ი“ დანაშაულის შედეგად დაიკარგა მისი კუთვნილი ძვირფასეულობა, რის გამოც მას მიადგა ზიანი. მითითებული ფაქტობრივი გარემოება საქალაქო სასამართლოში სადავო არ გამხდარა. გარდა ამისა, მხარემ სასამართლოს წარუდგინა საგამოძიებო ორგანოს წერილი, რომელიც ასევე ადასტურებს ჩადენილ დანაშაულს და იმ ფაქტს, რომ გამოძიება მიმდინარეობს. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია და ამ უკანასკნელს დააკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით დაარღვია მოქმედი კანონმდებლობა და წანასწარ გამოთქვა თავისი მოსაზრება სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით. საგულისხმოა ისიც, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე აპელანტის წარმომადგენელს ჩაბარდა პარასკევ დღეს, ხოლო ამ განჩინებით სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარსადგენად ადრესატს მიეცა 2 დღის ვადა, რაც საკმაოდ მცირე დრო იყო ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 იანვრის განჩინებით აპელანტ გ. გ-ას სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, მას დაევალა აღნიშნული განჩინების ასლის გადაცემიდან 7 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარედგინა 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამავდროულად, აპელანტს განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად (ს.ფ. 236-237);

ამავე სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით გ. გ-ას 2 დღით გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა. ხსენებულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ აპელანტის შუამდგომლობაზე და იგი არ დააკმაყოფილა. შუამდგომლობა მოტივირებული იყო იმით, რომ მოცემული საქმე შეეხებოდა დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხს. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ დავის საგანს წარმოადგენდა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება (ს.ფ. 240);

სააპელაცო სასამართლოს დასახელებული განჩინება 2013 წლის 19 აპრილს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელ გ.ჯ-ეს (ს.ფ. 246);

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60-61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსების ვადის ათვლა გ. გ-ის დაიწყო 2013 წლის 20 აპრილს და ამოიწურა 2013 წლის 22 აპრილს. მიუხედავად ამისა, აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსათვის.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად.

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად, არსებობდა აპელანტის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების კანონიერი საფუძველი, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების სარჩელებზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა მოსარჩელეთა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღძრულია სარჩელი დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების თაობაზე. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ დანაშაულის ფაქტი უნდა დასტურდებოდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ ის წარმოადგენს მოპასუხე ორგანიზაციაში მომხდარი დანაშაულის შედეგად დაზარალებულ პირს. მითითებული გარემოების დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს გამომძიებლის 2009 წლის 19 სექტემბრის წერილი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დასახელებული ნორმის მიხედვით, საჩივრის ავტორის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენი მოსარჩელისათვის დანაშაულით მიყენებული ზიანის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის სიმცირის გამო მისი შევსების შეუძლებლობის შესახებ. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ აპელანტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 21 იანვრის განჩინებით ხარვეზის შესავსებად მიეცა 7 დღის ვადა, ხოლო, ამავე სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით აპელანტს 2 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა. საგულისხმოა ისიც, რომ აპელანტს ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს, რისი უფლებაც მას გააჩნდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. გ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

ბ. ალავიძე