საქმე №ას-610-581-2013 23 ივლისი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ა. და ნ. გ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ს. ა-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისათვის ვადის განსაზღვრა, სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვება
დავის საგანი – სესხის დაკისრება, უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. ა-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. და ა. გ-ის მიმართ მოპასუხეებისათვის შპს „კ-ან“ შეთანხმებით აღებული 6700 ევროს, ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მოსარჩელის სახლის რეალიზაციით გამოწვეული ზიანის - 65000 ლარისა და ა. გ-ის სესხად გაცემული 3000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებით ს. ა-ის განცხადება დაკმაყოფილდა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე ნ. გ-ს აეკრძალა ქ.თბილისში, გ-ის გამზირის N78-ში მდებარე მშენებარე სახლის მე-12 სართულზე, ბლოკ „E-ში“ მდებარე 58,80 კვ.მ N66ა ბინის გასხვისება ან უფლებრივად დატვირთვა სხვა ფიზიკური ან/და იურიდიული პირის სასარგებლოდ. ამავე სასამართლოს 2013 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით ს. ა-ის სარჩელი ნ. გ-ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ს. ა-ის სარჩელი ა. გ-ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ, ა. გ-ს ს. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1 648,3 ევროსა და 65 000 ლარის გადახდა ს. ა-ის სასარგებლოდ, ხოლო 3000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა ს.ა-ის სარჩელი, უზრუნველყოფის ღონისძიება - ყადაღა დარჩა უცვლელად.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-მა, ხოლო თანხის დაკისრების ნაწილში სააპელაციო პრეტენზია წარადგინა ასევე ა. გ-მა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 მაისის განჩინებით ა. გ-სა და ნ. გ-ის სააპელაციო საჩივრები ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატამ მიუთითა ამავე სასამართლოს 2013 წლის 26 აპრილის განჩინებაზე, რომლითაც აპელანტებს დაუდგინდათ ხარვეზის გამოსწორებისათვის ვადა, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარმოდგენისათვის განესაზღვრათ 10 დღე. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ასლი აპელანტებს გაეგზავნათ და ჩაბარდათ კანონით დადგენილი წესით 2013 წლის 1 მაისს, რომლის თანახმადაც აპელანტებს ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა ჰქონდათ 2013 წლის 13 მაისამდე, თუმცა მათ ხარვეზი არ გამოუსწორებიათ.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე, 374-ე მუხლებით და იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტებს ხარვეზი ვადაში არ გამოუსწორებიათ, ჩათვალა, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს ა. და ნ. გ-მა, მოითხოვეს მისი გაუქმება, დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისათვის საპროცესო ვადის განსაზღვრა და სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვება შემდეგი საფუძვლებით:
ნ. გ-ის განმარტებით, მან საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ნაწილში გაასაჩივრა, რომლითაც ძალაში იქნა დატოვებული მის ქონებაზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და მიუხედავად მის მიმართ რაიმე ვალდებულების არდაკისრებისა, სასამართლომ ძალაში დატოვა ეს ღონისძიება. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობა განაპირობა ნ. გ-ის დედის ავადმყოფობამ, რომელსაც გაუკეთდა ქირურგიული ოპერაცია, რის თაობაზეც დროულად ვერ აცნობა სასამართლოს. სასამართლოს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, უფლება ჰქონდა გაეგრძელებინა მხარისათვის საპროცესო ვადა, რადგანაც გასაჩივრებულ ნაწილში ნ.გ-ის უფლების დარღვევა აშკარად დადასტურებულია. საპატიო მიზეზის თაობაზე სასამართლოს ინფორმირების შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი უპირობოდ იქნებოდა დაშვებული განსახილველად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ივლისის განჩინებით ნ. და ა. გ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ-სა და ა. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საკასაციო პალატა, პირველ ყოვლისა, ყურადღებას გაამახვილებს ა. გ-ის მოთხოვნაზე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ს. ა-ის სარჩელი და ა. გ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა თანხის გადახდა.
ა. გ-ის სააპელაციო საჩივრის შესწავლით დასტურდება, რომ ა. გ-მა დაკისრებული თანხის ნაწილში სრულად გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 აპრილის განჩინებით ა.გ-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10-დღიანი ვადის დაცვით დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით აპელანტის ოჯახის ქმედუნარიან წევრს - მეუღლეს 2013 წლის 1 მაისს ჩაბარდა სასამართლო შეტყობინება - ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო პალატის 2013 წლის 26 აპრილის განჩინება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ხარვეზის გამოსწორების 10-დღიანი ვადის დენა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაიწყო 2013 წლის 2 მაისს და ვინაიდან ვადის უკანასკნელი დღე - 11 მაისი ემთხვეოდა დასვენების დღეს, შაბათს, ხარვეზის გამოსწორების ვადა ამოიწურა 2013 წლის 13 მაისს, მომდევნო სამუშაო დღეს, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა.
უდავოა, რომ აპელანტს ამ ვადის დაცვით სასამართლოსათვის არც ხარვეზის გამოსწორების მიზნით და არც რაიმე შუამდგომლობით არ მიუმართავს, რის გამოც, საკასაციო პალატა სავსებით ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას და თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 374-ე მუხლის პირველი ნაწილის სწორად განმარტების გზით მართებულად დატოვა განუხილველად ა.გ-ის სააპელაციო საჩივარი.
აღნიშნულთან ერთად, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წინამდებარე კერძო საჩივარი, მართალია, შემოტანილია ასევე ა.გ-ის სახელით, თუმცა საჩივარი არ შეიცავს რაიმე პრეტენზიას, რომელიც შესაძლებელი იქნებოდა ა.გ-ის მოთხოვნის ნაწილში რაიმე სახით გამხდარიყო საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი.
რაც შეეხება ნ. გ-ის პრეტენზიას, პალატა ყურადღებას გაამახვილებს შემდეგზე:
ნ. გ-ი მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ აპელანტის დედას გაუკეთდა ქირურგიული ოპერაცია, რამაც განაპირობა დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების შეუძლებლობა, მხარე მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ მან ვერ შეძლო ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, ამასთანავე განმარტა, რომ ამ მტკიცებულებებს წარადგენდა სასამართლო სხდომაზე. ამ პრეტენზიის ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ეს არგუმენტი უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან და არც ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნებიდან, პალატა მიუთითებს ნ.გ-ის იმ პრეტენზიაზეც, რომ სააპელაციო პალატა ვალდებული იყო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, საკუთარი ინიციატივით გაეგრძელებინა საპროცესო ვადა, რაც სამართლებრივი თვალსაზრისით სავსებით უმართებულო პრეტენზიაა და განმარტავს, რომ სააპელაციო სამართალწარმოებისას ქვემდგომი წესით საქმის განხილვის მხოლოდ ის ნორმები გამოიყენება, რომელთა საწინააღმდეგო რეგულაციასაც სააპელაციო სამართალწარმოების მარეგულირებელი ნორმები არ შეიცავს (სსსკ 372-ე მუხლის), ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.
მიუხედავად ზემოაღნიშნული არგუმენტების უსაფუძვლობისა, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად თვლი, განმარტოს, რომ ფორმალური თვალსაზრისით ნ.გ-ის მიერ სააპელაციო საჩივრის კანონის მოთხოვნათა დაცვით წარდგენის შემთხვევაშიც კი, მაინც არ იარსებებდა მისი განსახილველად მიღების წინაპირობები შემდეგი გარემოებების გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გასხვისების აკრძალვა გამოიყენა ნ. გ-ის კუთვნილ ქონებაზე.
განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით მხარეებს განემარტათ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინების გასაჩივრების წესი.
საქმეში წარმოდგენილია სასამართლოს გზავნილი 2013 წლის 27 თებერვლის განჩინების ნ.გ-ის გადაცემის თაობაზე, თუმცა საფოსტო პასუხის თანახმად, ნ.გ-ს კურიერმა დაუტოვა შეტყობინება, გზავნილი საბოლოოდ დაუბრუნდა სასამართლოს.
სხვა მტკიცებულება, რომელიც ნ.გ-ის ამ განჩინების ჩაბარებას დაადასტურებდა საქმის მასალებში არ მოიძებნება.
საქალაქო სასამართლომ განიხილა რა ს. ა-ის სარჩელი, 2013 წლის 20 მარტის შემაჯამებელი გადაწყვეტილებით სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებული ღონისძიება ძალაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება ნ.გ-ის წარმომადგენელმა ჩაიბარა 2013 წლის 2 აპრილს და ამ დროიდან 14-დღიანი ვადის დაცვით წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლის მოთხოვნაც სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებული ღონისძიების გაუქმება იყო.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლზე, რომლის თანახმადაც სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, შემაჯამებელი გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად დასაშვებია მხოლოდ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება და არა ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება.
მოცემულ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლომ დატოვა რა ძალაში ნ. გ-ის ქონებაზე დადგენილი შეზღუდვა, აღნიშნული გარემოება გამორიცხავს შემაჯამებელი გადაწყვეტილების ამ ნაწილის გასაჩივრებას სააპელაციო წესით.
აღნიშნულისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმის მასალების თანახმად, მოცემულ შემთხვევაში, ნ.გ-ის (უფლებამოსილი წარმომდგენლისათვის) მის ქონებაზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ფაქტი ობიექტურად ცნობილი მხოლოდ 2013 წლის 2 აპრილს გახდა, საკასაციო პალატის შეფასებით, მხარეს შეეძლო წარედგინა საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლით დადგენილი წესით. ამასთანავე, ვინაიდან გადაწყვეტილების ჩაბარებიდანაც კი, 2013 წლის 2 აპრილიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის 5-დღიანი ვადა, პალატა პროცესუალური ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობა (სსსკ 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. და ნ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
პ. სილაგაძე