№ას-671-638-2013 26 ივლისი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა:
მოსამართლე პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ს. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. მ-ე
გასაჩივრებული განჩინება – ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით: 1. შეწყდა ნ. მ-სა და ს. მ-ეს შორის 2001 წლის 9 მარტს რეგისტრირებული ქორწინება; 2. დაეკისრა ს. მ-ეს არასრულწლოვანი შვილის - ბ. მ-ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 60 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ალიმენტის დაკისრების ნაწილში სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივნისის განჩინებით განუხილველად დარჩა ს. მ-ის სააპელაციო საჩივარი იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება არ აღემატებოდა 1000 ლარს.
2013 წლის 26 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს კერძო საჩივრით მომართა ს. მ-ემ და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 4 ივნისის განჩინებით ს. მ-ეს კერძო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ასევე გასაჩივრებულ განჩინებაზე და კერძო საჩივრის საფუძვლებზე მითითება.
2013 წლის 22 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ს. მ-ემ, რომელმაც წარმოადგინა ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან და მოითხოვა მისი კერძო საჩივრის განხილვა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ს. მ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის 1-ელი ნაწილის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე კერძო საჩივრის შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ამას პირდაპირ ითვალისწინებს კანონი.
მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლითაც საქმე არსებითად წყდება, შეიძლება სააპელაციო და არა კერძო საჩივრის შეტანა (სსკ-ის 364-ე მუხლი). საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ს.მ-ემ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით. ამავე სასამართლოს გადაწყვეტილების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას კი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
ს.მ-ეს კერძო საჩივრით შეეძლო გაესაჩივრებინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივნისის განჩინება, რომლითაც განუხილველად დარჩა მისი სააპელაციო საჩივარი. არც კერძო საჩივარში და არც ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებაში ს.მ-ე არ ითხოვს ზემოხსენებული განჩინების გაუქმებას, პირიქით, ორივე შემთხვევაში, იგი გარკვევით მოითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების და არა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას.
საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების შემთხვევაშიც, კერძო საჩივარს პერსპექტივა არ ექნებოდა, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება 1000 ლარს აღემატება. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ს.მ-ის სააპელაციო საჩივრის ღირებულება შეადგენდა მხოლოდ 480 (40X12=480) ლარს, სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლით და სწორად დატოვა განუხილველად მისი სააპელაციო საჩივარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 399-ე, 374-ე მუხლების შესაბამისად, ს. მ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დრჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 399-ე, 374-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. მ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე პ. ქათამაძე