№ას-681-647-2013 29 ივლისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ა. კ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს „ს. ბ-ის“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივნისის განჩინება
დავის საგანი _ საკრედიტო დავალიანების დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით სს „ს. ბ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ა. კ-ეს სს „ს. ბ-ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 15.02.2008წ. საბანკო კრედიტის შესახებ №449492 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება – 14839,44 აშშ დოლარი (ძირითადი თანხა – 8167,88 აშშ დოლარის, პროცენტი – 5671,56 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო – 1000 აშშ დოლარი). სს ს. ბ-ს“ უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე 15.02.2008წ. საბანკო კრედიტის შესახებ №449492 ხელშეკრულების საფუძველზე ა. კ-ის პირგასამტეხლოს სახით 49150,69 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. სს ს. ბ-ს“ უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე 20.03.2008წ. საკრედიტო ბარათის საფუძველზე ა. კ-ის 1939,37 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში ხანდაზმულობის გამო. სს ს. ბ-ს“ უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე 13.07.2008წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე ა. კ-ის 4345,59 ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში ხანდაზმულობის გამო. გადაწყვეტილებით ა. კ-ის გადასახდელად დაკისრებული თანხის 11000 აშშ დოლარის ფარგლებში ანაზღაურების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა გირავნობის საგანი – ვ. ნ-ის სახელზე რეგისტრირებული მეკანუკური სატრანსპორტო საშუალება – „მიცუბისი მონტერო,“ საიდენტიფიკაციო ნომერი – ..., სახ. № .... გადაწყვეტილება გადაეცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხვონის დასაფარავად, აღსრულება მიექცა ა. კ-ის სხვა ქონებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. კ-ის წარმომადგენელმა ი. ხ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივნისისის განჩინებით ა. კ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. კ-ის წარმომადგენელმა ი. ხ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ივლისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ა. კ-ის წარმომადგენელ ი. ხ-ეს ჩაბარდა 2013 წლის 16 ივლისს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც კერძო საჩივრის ავტორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. კ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელ ი. ხ-ეს ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 8 ივლისის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2013 წლის 16 ივლისს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ს.ფ.130). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ორდღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 17 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 22 ივლისს, ვინაიდან 21 ივლისი იყო არასამუშაო დღე – კვირა. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კერძო საჩივრის ავტორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, მისი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 420-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. კ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე თეიმურაზ თოდრია