№ას-693-659-2013 12 ივლისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ბ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „მ. ო. მ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 აპრილის განჩინება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი :
თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით სს „მ. ო. მ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად და მოპასუხე ნ. ბ-ს მოსარჩელის სასრგებლოდ დაეკისრა 31600 აშშ დოლარის გადახდა შესაბამისად ლარებში გადახდის დროისათვის არსებული კურსის მიზედვით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით სარეალიზაციოდ გატანილ იქნა ნ. ბ-ის საკუთრებაში არსებული დატვირთული უძრავი ქონება, ქ.თელავში, ა-ის გამზირის №14-ში მდებარე ბინა 60 (ს/კ ...).
აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა ნ. ბ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 აპრილის განჩინებით ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივით გაასაჩივრა ნ. ბ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სხვა წინაპირობებთან ერთად არკვევს შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, განჩინების გასაჩივრებისათვის კანონი ადგენს 12-დღიან ვადას, რომლის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია და მხარეს უფლება ეძლევა კერძო საჩივარი შეიტანოს განჩინების კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაბარების ან მისი გამოცხადების მომენტიდან. აღნიშნული ნორმა იმპერატიული ხასიათისაა და ამ ვადის შეცვლა არ დაიშვება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
ამავე კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 აპრილის განჩინება ნ. ბ-ს მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა რამდენჯერმე. სასამართლოში დაბრუნებული მეორე საფოსტო შეტყობინებიდან ირკვევა, რომ ნ. ბ-ი არ იმყოფებოდა მის მიერ მითითებულ მისამართზე, ხოლო მისმა ოჯახის წევრებმა უარი განაცხადეს გზავნილის მიღებაზე.
ამდენად, გასაჩივრებულ განჩინების კერძო საჩივრის ავტორისათვის ჩაბარებულად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს 2013 წლის 17 ივნისს (ტ.2, ს.ფ.9). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, განჩინების გასაჩივრების 12-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 8 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 19 ივნისს, ხოლო კერძო საჩივარი ნ. ბ-მა ფოსტას ჩააბარა 2013 წლის 26 ივნისს (ტ.2, ს.ფ.15-20), ე.ი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 12-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ. ბ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს საპროცესო ვადის გაშვების გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ბ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე თეიმურაზ თოდრია