Facebook Twitter
#as-110-389-08

№ას-727-689-2013 31 ივლისი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ სს „ს. ბ-ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს „ს. ბ-ის“ სარჩელი მოპასუხეების ი. გ-ის, თ. ც-ას, ნ. ძ-ის მიმართ თანხის დაკისრებისა და ქონების რეალიზაციის თაობაზე, კერძოდ:

მოპასუხეებს ი. გ-ს და თ. ც-ას მოსარჩელე სს „ს. ბ-ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2007 წლის 11 მაისის #505449 საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე - 68 480.39 (სამოცდარვა ათას ოთხას ოთხმოცი დოლარი და ოცდაცხრამეტი ცენტი) აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 39 538.52 (ოცდაცხრამეტი ათას ხუთას ოცდათვრამეტი დოლარი და ორმოცდათორმეტი ცენტი) აშშ დოლარი; პროცენტი - 11 623.26 (თერთმეტი ათას ექვსას ოცდასამი დოლარი და ოცდაექვსი ცენტი) აშშ დოლარი; პირგასამტეხლო - 17 328.61 (ჩვიდმეტი ათას სამას თვრამეტი დოლარი და სამოცდაერთი ცენტი) აშშ დოლარი;

დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით დადგინდა ნ. ძ-ის (პ.ნ. ...) საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების - მიწის ნაკვეთის (მდებარე, ქ. თბილისი, მ-ის ქ. #5; ს.კ. #...) სარეალიზაციოდ მიქცევა.

დასახელებული გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა ი. გ-მა, რომელმაც მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 მარტის საოქმო განჩინებით ი. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

საქალაქო სასამართლოს აღნიშნული განჩინება დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. გ-მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის განჩინებისა და ამავე სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითი განხილვის შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივნისის განჩინებით ი. გ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის განჩინებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ი. გ-მა, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ივნისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ვადა, კერძოდ, დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში საკასაციო სასამართლოში ხელმოწერილი კერძო საჩივრის წარმოდგენა გასაჩივრების საფუძვლების მითითებით და 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. გ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 7 ივლისის განჩინებით ი. გ-ს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე, კერძოდ, მას დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში საკასაციო სასამართლოში ხელმოწერილი კერძო საჩივრის წარმოდგენა გასაჩივრების საფუძვლების მითითებით და 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2013 წლის 26 ივლისს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კერძო საჩივრის ავტორს ი. გ-ს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორისათვის ხარვეზის შევსების 3-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 27 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 30 ივლისს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2013 წლის 30 ივლისს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კერძო საჩივრის ავტორმა და წარმოადგინა ხელმოწერილი კერძო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლების მითითებით და ითხოვა კერძო საჩივრის განხილვა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია, ვინაიდან მას ხარვეზის განჩინებით დავალებული ჰქონდა ხელმოწერილი კერძო საჩივრის წარმოდგენა გასაჩივრების საფუძვლების მითითებით და 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა. კერძო საჩივრის ავტორმა, მართალია, წარმოადგინა ხელმოწერილი კერძო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლების მითითებით, მაგრამ მას არ წარმოუდგენია 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისად, მას არ შეუვსია ხარვეზი. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორს არ უნდა გაუგრძელდეს ხარვეზის შევსების ვადა, ვინაიდან, ჯერ ერთი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლი სასამართლოს არ ავალდებულებს გააგრძელოს მის მიერ დანიშნული ვადა, მეორეც, მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი არ მოითხოვს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელებას, რაც გამორიცხავს სასამართლოს ინიციატივით საპროცესო ვადის გაგრძელების შესაძლებლობას (სსკ-ის 368.7 და 399-ე მუხლები).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ი. გ-მა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. გ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე პაატა ქათამაძე