საქმე №ას-731-693-2013 22 ივლისი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ზ. ბ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 მაისის განჩინებასა და ამავე პალატის 2012 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე – ზ. ბ-ის სარჩელის გამო, გ. ბ-ის მიმართ აუცილებელი გზის აღდგენის თაობაზე, ასევე გ. ბ-ის შეგებებული სარჩელის გამო ზ. ბ-ის მიმართ თმენის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციის დაკისრებისა და სამეზობლო ჭიშკრის დამონტაჟების თაობაზე და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ბ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 მაისის განჩინებაზე წარმოებაში უნდა იქნას მიღებული, ხოლო კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისიწნებულ შემთხვევებში. აღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, ნათელია რომ კანონი, ზუსტად განსაზღვრავს კერძო საჩივრის შეტანის შესაძლებლობას და ამბობს, რომ კერძო საჩივარი დაიშვება მხოლოდ იმ განჩინებაზე, რომელზეც პირდაპირ მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრით ზ. ბ-ი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებას, რომლითაც გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება ჭიშკრის მოწყობის შესახებ გ. ბ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თბილისში, ს-ოს ქ.№140-ში, გ. და ზ.ბ-ის ნაკვეთების მიჯნაზე, ეზოს ფარგლებში უნდა მოეწყოს ჭიშკარი საქმე №2ბ/447-12 ტ.I, ს.ფ.147-151-ე განთავსებული ესკიზური პროექტის მიხედვით. ამავე გადწყვეტილებით განისაზღვრა მისი გასაჩივრების წესი საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
განსახილველ შემთხვევაში კი, ზ.ბ-ი კერძო საჩივრით ითხოვს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებას, რასაც საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, ამდენად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას კერძო საჩივრის ფარგლებში იმსჯელოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებაზე. გამომდინარე აქედან, პალატა მიიჩნევს რომ ზ. ბ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.
რაც შეეხება კერძო საჩივარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 მაისის განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში, საკასაციო სასამართლო თვლის რომ, ის აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე და 416-ე მუხლების მოთხოვნებს, რის საფუძველზეც მიღებულ უნდა იქნას განსახილველად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, განსახილველად მიღების შემდეგ, საკასაციო საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები უნდა გადაეგზავნოს მეორე მხარეს.
ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს.
კერძო საჩივრის ავტორი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თანახმად, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტისა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 414-ე, მე-400, 401-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ბ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
2. ზ. ბ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 მაისის განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში მიღებული იქნას განსახილველად.
3. კერძო საჩივრის ავტორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნოს კერძო საჩივრის ასლი.
5. კერძო საჩივარი განხილულ იქნას ზეპირი მოსმენის გარეშე.
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე